"მტკიცე სული 2025" დასრულდა


ავტორი
Front News საქართველო
მრავალეროვნული საერთაშორისო სწავლება „მტკიცე სული 2025“ დასრულდა. ოფიციალური დახურვის ცერემონია ვაზიანში, საბრძოლო მომზადების ცენტრის (CTC) სამწყობრო მოედანზე გაიმართა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სწავლებაში მონაწილე სხვადასხვა ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართეს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ირაკლი ჭიჭინაძემ და აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის გაერთიანებული შტაბის მეთაურმა, ბრიგადის გენერალმა კრის მარშალმა. სიტყვით გამომსვლელებმა მონაწილეებს სწავლების წარმატებით დასრულება მიულოცეს და მრავალეროვნული სწავლებების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. დახურვის ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის ძალებისა და აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები დაესწრნენ.
სიტყვის მიმართვების შემდეგ, სამხედრო მოსამსახურეების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო სწავლებაში მონაწილე ტექნიკაც.
მრავალეროვნული საერთაშორისო სწავლება „მტკიცე სული 2025“ (Agile Spirit 2025) საქართველოში მეთორმეტედ ჩატარდა. Agile Spirit 2025-ს ერთობლივად ხელმძღვანელობდა საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობა და აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდია. Agile Spirit 2025-ში საქართველოს, აშშ-ის, თურქეთის თავდაცვის ძალების წარმომადგენლებთან ერთად, კიდევ რვა ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობდნენ. სწავლებაში ასევე, ჩართული იყო 2 მრავალეროვნული ქვედანაყოფი. წვრთნების მიმდინარეობას ორი სახელმწიფოს წარმომადგენლები დააკვირდნენ.
Agile Spirit 2025 მიზნად ისახავს მონაწილე ქვეყნების თავდაცვის ძალებს შორის მზადყოფნის დონის ამაღლებას, ურთიერთთავსებადობის და ოპერატიული შესაძლებლობების გაძლიერებას.
თაგები:
Agile Spirit 2025

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს