Logo

“ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ მიმდინარე აქციის მონაწილეებმა ხელისუფლებას ორკვირიანი ვადა მისცეს

საზოგადოება
894
Frontnews image description

"საქართველო!", "არა ნამახვანჰესს"- ასეთი შეძახილები ისმის ამ წუთებში ქუთაისში. ცენტრალურ მოედანზე, მესხიშვილის თეატრის წინ ათასობით ადამიანია შეკრებილი. რიონის ხეობის მცველებს სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან შეუერთდნენ. 

აქციაზე იმყოფებიან არასამთავრობო ორგანიზაციები, გარემოს დამცველები, სასულიერო პირები, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და მოქალაქეები, რომლებიც გიგანტური ჰესების მშენებლობას ეწინააღმდეგებიან. 

აქციის მონაწილეებმა ხელისუფლებას ორკვირიანი ვადა მისცეს, ბათილად სცნონ მათ მიერ გამოცემული ნებართვა, რომელიც ხეობაში ჰესის მშენებლობას ითვალისწინებს და დატოვოს კომპანია "ენკამ" ტერიტორია, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ქუთაისის პიკეტირებას გეგმავენ. აქციის ორგანიზატორები ამბობენ იმასაც, რომ მცირე ჯგუფებად დაიყოფიან და რიონის ხეობაში მორიგეობას გააგრძელებენ.

ამ დროისთვის, ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია. 

ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები უკვე 127-ე დღეა, უწყვეტ პროტესტს განაგრძობენ. ისინი მიიჩნევენ, რომ ჰესების კასკადის პროექტი რიონის ხეობას ზიანს მოუტანს, შეიცვლება კლიმატი და განადგურდება ხეობისთვის დამახასიათებელი ენდემური სახეობები. მათივე თქმით, ტერიტორია სეისმურად აქტიურია და ხეობაში ჰესის მშენებლობა დაუშვებელია.

თაგები:

Advertisement