Logo

ნიკა ჩიტაძე - საქართველო არის პირველი, როცა "მოსკოვის მექანიზმი" ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო ამოქმედდა

პოლიტიკა
39
Frontnews image description

საქართველოს წინააღმდეგ ეუთოს "მოსკოვის მექანიზმის“ ამოქმედება, საერთაშორისო პრაქტიკაში არსებული იშვიათი პრეცედენტები და დასავლური წნეხის მოსალოდნელი შედეგები - ამ თემებზე Front News-სთან ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე საუბრობს. ექსპერტი დეტალურად განიხილავს, რამდენად რეალურია ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის მოტივით საქმის ჰააგის სასამართლოში გადამისამართება და რა ბერკეტები რჩება „ქართულ ოცნებას“ მზარდი იზოლაციის პირობებში.

- ბატონო ნიკა, როგორ შეაფასებდით "მოსკოვის მექანიზმის“ ამოქმედებას საქართველოს წინააღმდეგ? რამდენად ხშირია საერთაშორისო პრაქტიკაში ამ ინსტრუმენტის გამოყენება ისეთი ქვეყნების მიმართ, რომლებიც არ იმყოფებიან აქტიურ საომარ მოქმედებებში?

- დიახ, ეს არის, ალბათ, პირველი პრეცედენტი, რადგან „მოსკოვის მექანიზმი“ მოქმედებს საომარი მოქმედებების დროს ჩადენილი დანაშაულის მიმართ. რაც შეეხება ჰააგის მართლმსაჯულების სასამართლოს, ის განიხილავს სამ ძირითად დანაშაულს: პირველი - საომარი მოქმედებების დროს ჩადენილი დანაშაული; მეორე - გენოციდი და მესამე - ადამიანის უფლებათა მასობრივი დარღვევა. თუმცა გვახსოვს ისიც, რომ ეს მექანიზმი ლუკაშენკოს მიმართაც არის ამოქმედებული ლიეტუვის სარჩელის საფუძველზე. საქართველო არის პირველი შემთხვევა, როცა მექანიზმი ადამიანის უფლებების კუთხით, მასობრივი დარღვევის თვალსაზრისით ამოქმედდა.

- ეუთოს წევრი ქვეყნების ნაწილმა მხარი არ დაუჭირა ამ ანგარიშს. თქვენი აზრით, რაზე მიუთითებს ეს აზრთა სხვადასხვაობას ორგანიზაციის შიგნით? ანუ, 57 ქვეყნიდან 31-მა მხარი არ დაუჭირა და ის მხოლოდ 23 ქვეყნის მიერ არის მხარდაჭერილი. ამერიკამ და საფრანგეთმა, როგორც ცნობილია, მხარი არ დაუჭირეს.

- პირველ რიგში, რაც შეეხება ეუთოს, ეს კომისია ეუთოს სახელით მოქმედებდა, ამიტომაც იყო წევრი ქვეყნების უმრავლესობის მხრიდან მხარდაჭერილი. თუმცა ვიცით, რომ მხარი თურქმენეთი, რუსეთმა და ბელარუსმა არ დაუჭირეს, რაც გასაკვირიც არ არის. აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ მაინცდამაინც მხარი არ დაუჭირეს - უბრალოდ, წინააღმდეგები არ გამოსულან, თავი შეიკავეს, ასე რომ ვთქვათ. მართალია, ამერიკამ და საფრანგეთმა თავი შეიკავეს და წინააღმდეგები არ გამოსულან ამ დასკვნის მიმართ, მაგრამ ეუთო ვერ იმუშავებდა, თავად ამ ქვეყნების თანხმობა რომ არ ყოფილიყო. ეუთომ იმუშავა და შესაბამისად, ეუთოს წევრი ქვეყნების უმრავლესობის მანდატი ჰქონდა.

- ანგარიში ითხოვს "გამჭვირვალობის შესახებ“ და „ოჯახური ღირებულებების შესახებ“ კანონების გაუქმებას. არსებობს თუ არა ევროპულ სამართალში მკაფიო ზღვარი ქვეყნის სუვერენულ უფლებას - დაიცვას თავისი იდენტობა და საერთაშორისო ვალდებულებებს შორის? რამდენად რეალურია მმართველი გუნდის არგუმენტი, რომ ეს კანონები ხალხის დაკვეთაა და მათი გაუქმება დემოკრატიის პრინციპებს (უმრავლესობის ნების აღსრულებას) ეწინააღმდეგება?

- ეუთო ამ კანონების გაუქმებას ითხოვს იმიტომ, რომ მისი საქმიანობა ორ ძირითად მიმართულებას ეყრდნობა. ეს არის კონფლიქტების მოგვარება (არსებობს კონფლიქტების მოგვარების ცენტრი, რომელიც ვენაშია განთავსებული) და მეორე დემოკრატია და ადამიანის უფლებები (მთავარი ცენტრი ვარშავაშია). ბუნებრივია, ეუთო და გაერო კონფლიქტების მოგვარების კუთხით უფრო სუსტები არიან, თუმცა ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით ეუთო უფრო წარმატებულია. აქედან გამომდინარე, ეუთო აცნობიერებს იმ ფაქტს, რომ ეს კანონი არ არის გამჭვირვალობისთვის შექმნილი და ეს არის ზეწოლა იმ არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ, რომელთაც განსხვავებული მოსაზრებები გააჩნიათ.

არანაირ ოჯახურ ღირებულებებზე საუბარი არ არის. ოჯახურ ღირებულებებზე რომ წერენ, რეალურად მისი აღსრულება როგორ უნდა მოხდეს? როცა 300-ზე მეტი ადამიანია დასახიჩრებული და მათ ოჯახის წევრებს ურეკავენ და აშინებენ, რომ არ გამოვიდნენ ქუჩაში; როცა ადამიანებს სადარბაზოებთან ხვდებიან და სცემენ, ეს არც ქრისტიანული და არც ოჯახურ ღირებულებებში არ ჯდება. ციხეში ამდენი ადამიანი ზის, ეს არ არის ქრისტიანული და ოჯახური ღირებულებები. მსგავს კანონებს სხვადასხვა დიქტატორული სახელმწიფოებიც იღებენ. ამის ნათელი მაგალითია საბჭოთა კავშირი, თურმე როგორი კარგი ცხოვრება გვქონდა.

- ოპოზიციის ნაწილი საუბრობს სანქციებზე და საქმის ჰააგის სასამართლოში გადამისამართებაზე, რომელიც თქვენც ახსენეთ. რამდენად აქვს ამას სამართლებრივი საფუძველი და რეალურად რა ბერკეტები გააჩნია ეუთოს ამ რეკომენდაციების აღსასრულებლად?

- საქმე იმაშია, რომ თუ ჰააგის სასამართლომ დაიწყო საკითხის შესწავლა, ეუთოს აღნიშნული დასკვნის საფუძველზე შეუძლია გამოძიების დაწყება. თავად ეუთოს რაც შეეხება, რეზოლუციის მიღება არ შეუძლია, რადგან იქ 57 ქვეყანაა და ერთი ქვეყანაც რომ წავიდეს წინააღმდეგი და ვეტო დაადოს, რეზოლუციას ვერ მიიღებენ. ვიცით, რომ მათ შორის 1992 წლიდან საქართველოც არის გაწევრიანებული. ანუ, ეუთო ვერ მიიღებს ისეთ რეზოლუციას, სადაც მოთხოვნილი იქნება, რომ აუცილებლად ეს დასკვნა ჰააგის სასამართლოს გადაეცეს. უბრალოდ, თუ თავად სასამართლო დაინტერესდება, ან რომელიმე წევრი ქვეყანა მიმართავს გამოძიების მოთხოვნით... აი, ამიტომაა, რომ როცა 24 ქვეყანამ დაუჭირა მხარი, ჩნდება საფუძვლიანი მოლოდინი: რომელიმე მათგანმაც კი რომ მიმართოს ჰააგის სასამართლოს, გამოძიება დაიწყება. ლუკაშენკოს საკითხს, ვიცით, რომ პროკურორი უკვე განიხილავს. ბელარუსის შემთხვევაში ლუკაშენკოს წინააღმდეგ საჩივარი ერთმა ქვეყანამ შეიტანა. ამიტომაც ვამბობ — ერთმაც რომ შეიტანოს, გამოძიება და მოკვლევა ჰააგის სასამართლოში დაიწყება. მით უმეტეს, აქ მარტო ეუთო არ არის, ცალკე ევროპარლამენტის რეზოლუციაც არის მიღებული.

- სწორედ ევროპარლამენტის მე-9 რეზოლუციაზე მინდა გკითხოთ, რომელიც უმწვავესია და „ოცნების“ მიმართ კრიტიკულად არის განწყობილი. მიუხედავად ამისა, ხელისუფლება ამბობს, რომ „წერონ და იკითხონ“, ამას ქვეყნის შიგნით პოლიტიკურად არანაირი დატვირთვა არ აქვს და ეს არის ოპოზიციისთვის გადმოგდებული "სამაშველო რგოლი“, რა იქნება გარე წნეხი და როგორი შეიძლება ის იყოს, როცა ამ წლების განმავლობაში ხელისუფლება ამას უძლებს?

- რა თქმა უნდა, ხელისუფლება ახლა არ დადგება და არ იტყვის, რომ დიდი პრობლემები შეექმნათ. საკუთარი ამომრჩევლისთვის თამაშს აგრძელებენ, ვითომც არაფერი ხდება. პირიქით, ყველა შემთხვევაში ისინი ისაუბრებენ იმაზე, რომ ხელისუფლება ხალხის სასარგებლოდ მოქმედებს. თუმცა, როცა „იმედის“ და „პოსტივის“ წინააღმდეგ სანქციები ამოქმედდა, ბუნებრივია, აღელვდნენ, ივანიშვილიც კი ჩამოვიდა აბასთუმნიდან და დაამშვიდათ. პრობლემები კიდევ უფრო გართულდება იმ შემთხვევაში, თუ მათ ანგარიშები გაეყინებათ. ბარათები თუ დაებლოკათ... როგორც მურუსიძემ თქვა, მე რა შუაში ვარ, ბარათი რაზე დამიბლოკესო. აი ასეთ შემთხვევაში უფრო მწვავე იქნება ეს დასკვნაც და რეზოლუციებიც. 

- როგორ აისახება ეს ანგარიში საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებზე, თუ გავითვალისწინებთ, რომ ხელისუფლება ამ რეკომენდაციების შესრულებას არ აპირებს? მართალია, 14 მარტს პრემიერმა კობახიძემ თქვა, რომ იყო რაღაც გადაცდომები და ამას შეისწავლიან, თუმცა, საბოლოო ჯამში, ეს მისთვის "ცილისმწამებლური" რეზოლუცია და დასკვნაა. როგორ ელით მოვლენების განვითარებას?

- დასავლეთი არ მგონია დათმობაზე წავიდეს, რადგან მათგან ეს იქნება „მწვანე შუქის“ ანთება, რომ ადამიანის უფლებების დარღვევა გაგრძელდეს. უფრო „ოცნებას“ მოუწევს დათმობაზე წასვლა. ეს იქნება ნელ-ნელა და ეტაპობრივი დათმობა. მაგალითად, ვხედავთ, რომ დებატებზე დასხდნენ ოპოზიციის ნაწილთან. ასევე, პრემიერმაც თქვა შეპარვით, რომ თუ დარღვევები იყო, რაღაცებს გადახედავენ.

- ელით, რომ შესაძლოა, ეს უკან დახევა რიგგარეშე არჩევნების დანიშვნით გამოიკვეთოს და ბიძინა ივანიშვილი ღიად ჩაერთოს პოლიტიკაში, როგორც ამას აკეთებს ხოლმე?

- ივანიშვილი რომ ერთვება, ეგაა პრობლემა ხოლმე, ისედაც არის ჩართული პოლიტიკურ პროცესში. ყველაფერი ხდება, მართალია, მაგრამ ამით რა გამოსავალი იქნება ნაპოვნი, რთული სათქმელია. ივანიშვილი დემოკრატიას ხომ არ დაამყარებს?

- თუმცა, ის საკუთარი ამომრჩევლის მობილიზებას ახდენს და აქვს გარკვეული ავტორიტეტი „ოცნების“ მხარდამჭერებში. ხომ არ გამოიყენებს ამ ბერკეტს, თუკი სიტუაცია კიდევ უფრო გართულდა დასავლეთთან?

- კი ბატონო. მე მითხრა ერთხელ ერთმა ადამიანმა, მან ხმა არა „ოცნებას“, არამედ ივანიშვილს მისცაო. ეს გარემოებაც არსებობს.

- რა სახის კრიზისი უნდა შეიქმნას კიდევ, რომ ივანიშვილმა ეს მთავრობა დაითხოვოს ან პრემიერი გადააყენოს?

- დე ფაქტო მას ეს ყველაფერი შეუძლია გააკეთოს. ის, თუ დასჭირდა, ყველას გაწირავს საკუთარი თავის გადასარჩენად. თუმცა, რომც გადააყენოს პრემიერი კობახიძე, ისევ მოიყვანს თავისიანებს, ოპოზიციას ხომ არ შესთავაზებს? მესმის, არც ის გამოვრიცხოთ, რომ კობახიძე, თუ დასჭირდება, „განტევების ვაცად“ გამოიყენოს.

- ამერიკის ადმინისტრაციასთან ურთიერთობის დალაგება-არდალაგება იქნება ივანიშვილისთვის გადამწყვეტი? ხომ არ ფიქრობთ, რომ ამის შემდეგ მიიღებს ის გადაწყვეტილებებს?

- კი, შესაძლებელია. შეიძლება ივანიშვილმა, თუ დაინახა, რომ არაფერი აღარ გამოდის, ეს ხელისუფლება დაშალოს. თუმცა ამ ეტაპზე მე ჯერ ამას ვერ ვხედავ და მაინც მგონია, რომ არ აწყობს - მას არ უნდა ახლა გამოჩნდეს ისე, რომ კობახიძემ და მისმა გუნდმა თავი ვერ გაართვეს. მერე ვნახოთ, მოვლენები როგორ განვითარდება.  

ელზა პაპოშვილი

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები