ნიკა გვარამია - აუცილებლად ვაპირებ პროცესში ჩართვას და ციხიდან ბათუმში სიარულს პარტიის და საკუთარი თავის საკონსტიტუციო სასამართლოში წარმოსადგენად

ავტორი
Front News საქართველო
აუცილებლად ვაპირებ პროცესში ჩართვას და ციხიდან ბათუმში სიარულს პარტიის და საკუთარი თავის საკონსტიტუციო სასამართლოში წარმოსადგენად, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.
"ვინც ჩვენ აგვკრძალავს, იმათ დავკრძალავთ, ცხადია, დავკრძალავთ პოლიტიკურად და პროფესიულად. პარტიების აკრძალვაზე კი 3 რამეს ვიტყვი (ზემოთქმულის გარდა):
1. აუცილებლად ვაპირებ პროცესში ჩართვას და ციხიდან ბათუმში სიარულს პარტიის და საკუთარი თავის საკონსტიტუციო სასამართლოში წარმოსადგენად, ყველა პროფესიაში მიპირებენ აკრძალვას, როგორც ვხედავ (ჟურნალისტი, პოლიტიკოსი, ადვოკატი) და ჩემს კონსტიტუციონალისტობას რამეში გამოვიყენებ, სანამ ეგეც ამიკრძალეს თან, გავერთობი.
2. ცალკე და ხაზგასმულად მინდა აღვნიშნო იმ პარტიების შესახებ, რომლებიც „ჯერ არ აკრძალეს“. მარტივია, საქმის სწრაფად განხილვას აპირებენ და 3 მოპასუხეს და 10 მოპასუხეს შორის სხვაობას ვინც ვერ ხედავს, მინდა გითხრათ, რომ თითო მოპასუხეს თავისი წარმომადგენლები, სპეციალისტები, შესასწავლი გარემოებები და საპროცესო უფლებების და პროცედურების მთელი დარჩენილი კომპლექტი ახლავს თან. ცალკეული პირებიც მაგიტომ არ არიან სარჩელში - ეგენიც ცალ-ცალკე მოპასუხე იქნებოდა, თითოეული თავისი სამართალწარმოების სრული კომპლექტით. ასე რომ, არც ვინმეს გაუფრთხილდნენ, არც ვინმეს მოერიდნენ, არც ვინმეს გაურიგდნენ. აბსურდია, უსაგნო და დამაზიანებელი ეს კონსპირაციები ამ და სხვა თემებზე. მოკლედ, საკითხის სწრაფად გადაწყვეტის ამბავია და ბარიერდაძლეული საარჩევნო სუბიექტების აკრძალვის გზით წავიდნენ, სხვების აკრძალვას ნებისმიერ დროს 14 დღეში „მოაყომარებენ.“
3. რეალურად, პარტიები კი არა, არჩევნები აიკრძალა. ვინც არ უნდა დარჩეს, რაც არ უნდა შეიქმნას, 3 ყველაზე რეიტინგული მეინსტრიმული სუბიექტის გარეშე (გინდაც 2 თუ 1), არჩევნები არ აკმაყოფილებს თავისუფალი არჩევნების სტანდარტს კონკურენტუნარიანობის ნაწილში. შესაბამისად, თეორიული შანსი მისი შედეგების ლეგიტიმურობისა (სულ რომ შეთხზულმა ოპოზიციამ გაიმარჯვოს) უბრალოდ არ არსებობს. კონკურენტულობა არის პირველი ფილტრი არჩევნების ლეგიტიმაციის, ყველა სხვა, გაყალბების სხვადასხვა სახეების ჩათვლით, მხოლოდ ამის შემდეგ მოწმდება. თუ პირველ ფილტრს ვერ გაივლი, დანარჩენს აზრი არ აქვს - ნულოვანი ლეგიტიმაცია დგება.
ასე რომ, ნურც შეთქმულებებით გავიწვალებთ დიდად თავს და მაინც და მაინც ნურც გულუბრყვილო თუ უსინდისო პარტიული ინჟინერიით დავკავდებით. არაფრად გვარგებს არც ერთი.
ხო მართლა, პოლიტიკოსები და პარტიები არ არსებობენო, ვინც ამბობს, არ არსებულის და მნიშვნელობის არ მქონეს არ აუქმებენ. ზიანს რომ ვაყენებთ სისტემას და მის მრევლს დისკომფორტს ვუქმნით, იმიტომ გვაუქმებენ. თანაც, საერთაშორისო პრაქტიკით, არ არსებობს იმაზე მძიმე გადაწყვეტილება, ვიდრე პარტიის გაუქმებაა და მაშინ კითხვა, რატომ გამოტოვა რეჟიმმა ნებისმიერი სხვა ორგანიზაციის თუ სუბიექტის გაუქმების ოფცია და რატომ მიადგა მაინცდამაინც ჯერ პროტესტის გაუქმების და მერე პარტიების გაუქმების ყველაზე მძიმე თვითდაზიანებას? სრული დიქტატურის გზაზე, ყველაზე მნიშვნელოვან წინაღობად ეს ორი რამ ჩათვალა და არა სხვა, - ცხადია, აი ამიტომ.
და ბოლოს, ძალიან საჭირო და სასარგებლოა რაც ხდება, მეტიც - იმედის მომცემი. დიქტატურამ, ვიდრე წაიქცევა, სიშლეგის ყველა მწვერვალი უნდა დაიპყროს, უკან დაუბრუნებლობის წერტილი უნდა გაიაროს. სხვაგვარად უბრალოდ არ ხდება. ამიტომაც, ის ტემპი და თანმიმდევრული სვლა, რასაც ამ მხრივ "ქართული ოცნება", როგორც დაგორებული ზვავი, ისე მიყვება, მხოლოდ ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა", - წერს ნიკა გვარამია.
თაგები:
ნიკა გვარამია
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


