ნიკა გვარამია - უხერხულობას ვგრძნობ, რომ ადამიანები რჩებიან ჯერ კიდევ საპატიმროში, ბოლომდე ვიბრძოლებთ მათ გამოსაყვანად

ავტორი
Front News საქართველო
უხერხულობას ვგრძნობ, რომ ადამიანები იქ რჩებიან ჯერ კიდევ, საპატიმროში. უხერხულობა გარდაიქმნება იმად, რომ ბოლომდე ვიბრძოლებთ მათ აქედან გამოსაყვანად, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ რუსთავის ციხის დატოვების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, აპირებს ბრძოლას, შეხვედრებს მათთანაც კი, ვინც მას აუგად მოიხსენებს.
"უხერხულობას ვგრძნობ, რომ ადამიანები იქ რჩებიან ჯერ კიდევ, საპატიმროში. უხერხულობა გარდაიქმნება იმად, რომ ბოლომდე ვიბრძოლებთ მათ აქედან გამოსაყვანად. მთავარი ის არის, რომ მათი ძალა და შემართება გვაკლია. აქ არის ნიკა, ელენე, მიშა და ბევრი, მზია ბრმავდება ქალთა ციხეში, საბა აწამეს, უამრავი ზის ციხეში ბრძოლისთვის.
ეს ქვეყანა ვერ იქნება ისეთი, როგორიც იყო მათ დაჭერამდე, გამორიცხულია, ოღონდ ყველამ უნდა ვიცოდეთ, რომ ამ ხალხის გარეშე გამარჯვება გაგვიჭირდება, თუ საერთოდ შესაძლებელია, ამიტომ, მალე უნდა გამოვიყვანოთ ციხეებიდან.
მე ვიცი ერთი რამ - ერთად უნდა გვხედავდნენ და ერთად უნდა მოვიტანოთ შედეგები, ჩემთვის მნიშვნელოვანია მოქმედება. ყბადაღებულ ერთობას ყველა სხვანაირდ აღიქვამს...
აქ ვინც "ქოცები" არიან, მე მათ განვიხილავ პოლიტიკურ პატიმრებად. პოლიტიკური პატიმრობა იზომება არა იმით, ჩაიდინა თუ არა ადამიანმა ესა თუ ის ქმედება, არამედ იმით, რომ ადამიანს არ ღირსებია და არც ეღირსება ამ ხელისუფლების პირობებში სამართლიანი სასამართლო. აქ მჯდომ "ქოცებსაც" არ ღირსებიათ თავისუფალი სასამართლო და არც ეღირსება.
რეჟიმისთვის პოლიტიკური პატიმარი საწვავია, შიშია მათი საწვავი, თუ ეს არ იქნება, საწვავი ვერ იარსებებს და მათი მანქანა ჯართში ჩაბარდება.
არ უნდა გვეშინოდეს, არ უნდა ვაგინებდეთ ერთმანეთს. ყველას ვთხოვდი, რომ სხვის კრიტიკას ჯობია, ისაუბროს თავის მოსაზრებაზე, რას ფიქრობს, რა უნდა გაკეთდეს. ჩვენ ვართ მებრძოლები.
ბიძინა ივანიშვილს აღელვებს ის, თუ რას ფიქრობს მასზე სხვა ავტორიტარი და არცერთი სხვა ავტორიტარი ბიძინა ივანიშვილზე არ ფიქრობს კარგად იმიტომ, რომ სანამ არსებობს პროტესტი, ეს ნიშნავს იმას, რომ ბიძინა ქვეყანას ვერ აკონტროლებს და ასეთი ავტორიტარი მიღებული არ არის თავისნაირებშიც კი.
ჟურნალისტებს ძალიან დიდი მადლობა ყველაფრისთვის, მაგრამ არ შეიძლება ადამიანები ვერ ხედავდნენ, როგორ კბილით უჭირავს სული არა მარტო მედიას, არამედ თითოეულ ჟურნალისტს. ეს იმის ბრალია, რომ ხელისუფლება აკეთებს ამას, მაგრამ გულწრფელად გეტყვით, ჩვენი გულგრილობის ბრალიც არის ეს. უნდა ვეხმარებოდეთ ჩვენ მათ, უნდა დავეხმაროთ მათ ფინანსურად.
ჩვენ ვხედავთ, რომ ქართულმა ბიზნესმა ქვეყნის წინაშე მოვალეობის შესრულებაზე უარი თქვა, ისინი უნდა დაეხმარონ მათ.
მე მგონია, მთავარი არის ის, თუ როგორ ვმოქმედებთ. ჩვენ უნდა გვქონდეს სრულმასშტაბიანი საარჩევნო კამპანია, უნდა ვიმოქმედოთ ისე, როგორც მოქმედებს გაერთიანებული ოპოზიცია, მე არ ვგულისხმობ, არჩევნებში მონაწილეობას. ერთად უნდა გვხედავდნენ, ერთად უნდა ვმოქმედებდეთ და ერთად უნდა ვამარცხებდეთ.
რაც შეეხება ჩემს ახალ ბრალს - არ მაღელვებს, უხერხულობაა ის, რაც ხდება პოლიტიკოსების მიმართ, რომლებიც აქ არიან - ბაჩოსთან (ახალაია) საერთოდ რა გააკეთეს, მის მეუღლე ანისთან... ბოლო წვეთი იყო ნიკას ბრალის შემდეგ ბატონი ანზორის ნახვა ეთერში. რაღაც საზღვრები არსებობს. მე დარწმუნებული ვარ, რომ "ქოცები", რომლებიც ახლა დაჭერილი არიან, მათი ოჯახის წევრების დაკავებას ემუქრებოდნენ და იმიტომ სხედან აქ.
პოლიტიკოსებსაც სჭირდებათ მხარდაჭერა. ვის რაში აინტერესებს, ნიკა გვარამია რას ვერ აკეთებს, თქვენ რას აკეთებთ სანაცვლოდ?! მოგყვებით ულაპარაკოდ, თუ იტყვით რა ჯობია. არ შეიძლება ქირურგი ოპერაციას გიკეთებდეს და თქვენ ეუბნებოდეთ, თუ რა ცუდია და არ არის არაფრის აზრზე.
შეხვედრას ვაპირებ ყველასთან, მათ შორის მათთან, ვინც ცუდად მიხსენიებს", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
"კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერმა ნიკა გვარამიამ რუსთავის N12 პენიტენციური დაწესებულება დატოვა. ის საპატიმროში 8 თვის განმავლობაში იმყოფებოდა. გვარამიას პატიმრობა პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო ჰქონდა მისჯილი.
თაგები:
ნიკა გვარამია




