ნიკოლოზ სამხარაძე - ჩვენ ამ ღონისძიებაში ვმონაწილეობთ იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად დავაახლოოთ საქართველოსა და ნატოს საპარლამენტო განზომილებები

ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს დელეგაცია მოგეხსენებათ, რომ არის პარტნიორი ნატოს საპარლამენტო ასამბლეისა და ჩვენ ამ ღონისძიებაში ვმონაწილეობთ იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად დავაახლოოთ საქართველოს და ნატოს საპარლამენტო განზომილებები, - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ, რომელიც საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედ დელეგაციასთან ერთად, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე, ვილნიუსში იმყოფება.
ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, სესიაზე განხილვის მთავარ საკითხებს შორის იყო რუსეთთან მიმდინარე ჰიბრიდული და კონვენციური სამხედრო საფრთხეები და ასევე, ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე უსაფრთხოების გაძლიერების საკითხიც.
მისივე თქმით, ნატოს გენმდივანმა ისაუბრა სამომავლო გეგმებზე, მათ შორის კი აღსანიშნავია მთლიანი შიდა პროდუქტის 5 %-მდე თავდაცვის მიზნებისთვის დახარჯვის საკითხი.
"საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ვილნიუსში მონაწილეობს ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე. ეს სესია დაიწყო 2 დღის წინ და დღეს სრულდება. სესიაზე განხილვის მთავარი საკითხებია: რუსეთიდან მომდინარე ჰიბრიდული და კონვენციური სამხედრო საფრთხეები, ასევე რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, ნატოს წევრ ქვეყნებში სავალდებულო სამხედრო სამსახურის პერიოდის გახანგრძლივება, ასევე სამხედრო ტექნოლოგიებსა და ინოვაციებში უფრო მეტი ინვესტიციების ჩადება და ზოგადად, ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე უსაფრთხოების გაძლიერება.
ჩვენ, ასევე დღეს მოვისმინეთ ნატოს გენმდივნის მოადგილის გამოსვლა, რომელმაც ისაუბრა გეგმებზე, მათ შორის მთლიანი შიდა პროდუქტის 5 %-მდე დახარჯვაზე თავდაცვის მიზნებისთვის და ასევე, ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა გახდა სამხედრო ინოვაციების და ახალი ტექნოლოგიების ლაბორატორია, შესაბამისად უკრაინას დღეს ჰყავს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სამხედრო დანაყოფები და ამ ბრძოლიდან ნატომ დასკვნები უნდა გამოიტანოს.
საქართველოს დელეგაცია მოგეხსენებათ, რომ არის პარტნიორი ნატოს საპარლამენტო ასამბლეისა და ჩვენ ამ ღონისძიებაში ვმონაწილეობთ იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად დავაახლოოთ საქართველოს და ნატოს საპარლამენტო განზომილებები", - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
თაგები:
ნიკოლოზ სამხარაძე




