ნიკოლოზ სამხარაძე - ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციამ შეხვედრებზე გაიმეორა, რომ გმობენ სახელმწიფო ინსტიტუტებზე შეტევას

ავტორი
Front News საქართველო
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა იყო ერთადერთი ორგანიზაცია, რომელმაც დაგმო ძალადობრივი შეტევა პრეზიდენტის სასახლეზე. გამართულ შეხვედრებზე მათ გაიმეორეს, რომ გმობენ ძალადობას და სახელმწიფო ინსტიტუტებზე შეტევას, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ნიკოლოზ სამხარაძემ აღნიშნა, ეუთოს დელეგაციის წარმომადგენლებთან ორი დღის განმავლობაში გაიმართა შეხვედრები მაღალ დონეზე.
„გუშინ დაიწყო ეს ყველაფერი პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრით, შემდეგ შეხვდნენ ყველა ოპოზიციურ პარტიას და იყვნენ საგარეო საქმეთა სამინისტროში, შინაგან საქმეთა სამინისტროში, შეხვდნენ სახალხო დამცველს, პრეზიდენტს. ეს ყველაფერი დღეს დასრულდა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრით. საქართველოში პოლიტიკურ პარტიებს შორის დიალოგის ნაკლებობა რომ არის, ამას ეუთოს დელეგაციის ჩამოსვლა არ სჭირდება. ჩვენ ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ და ყველა კარგად ვხედავთ ამ ამბავს, თუმცა დიალოგის ნაკლებობას ერთი მთავარი მიზეზი აქვს. ეს მიზეზი არის ის, რომ ოპოზიცია არ აღიარებს არჩევნების შედეგებს, შესაბამისად, ისინი არ აღიარებენ საქართველოს ხელისუფლებას როგორც ლეგიტიმურ ხელისუფლებას. ისინი არ შემოდიან პარლამენტში. შესაბამისად, ჩვენ მოკლებული ვართ შესაძლებლობას, გვქონდეს მათთან პოლიტიკური დიალოგი. ეს ყველაფერი დელეგაციას ძალიან კარგად ავუხსენით, თუმცა ჩვენი ახსნის გარეშეც კარგად იყვნენ ინფორმირებული ამ ყველაფრის თაობაზე, რადგან ეს იყო სწორედ ის ორგანიზაცია, რომელმაც დადო დასკვნა 2024 წლის არჩევნებთან დაკავშირებით. ჩვენ უბრალოდ გავცვალეთ მოსაზრებები. ეს მისია არ ჩამოსულა აქ, რომ ვინმესთვის რაიმე რეკომენდაცია გაეცა ან რაიმე შეფასებები გაეკეთებინა“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
მისივე თქმით, პოლიტიკურ ძალებს შორის დიალოგი ნებისმიერი ქვეყანაში მნიშვნელოვანია.
"დიალოგი არის ჯანსაღი პროცესი. ოპონენტი პარტიები, პარტიები, რომლებიც პოლიტიკურ კონკურენციაში არიან ერთმანეთთან, ამავდროულად, უნდა იყვნენ ერთმანეთთან დიალოგში. ამისთვის არის შექმნილი ზოგადად პარლამენტი მსოფლიოს ყველა ქვეყანაში. საქართველოში გვაქვს ანომალიური მდგომარეობა, როდესაც ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილი არ შემოდის პარლამენტში და არ სურს იმ მანდატების დაკავება, რომელიც მათ ხალხმა მიანიჭა. ეს ჩვენს ქვეყანაში ქმნის სწორედ ამ პრობლემებს, რომელიც არის დაკავშირებული პოლიტიკურ დიალოგთან. ჩვენ ეს ყველაფერი ავუხსენით ეუთოს დელეგაციას და ყველაფერი ძალიან კარგად გაიგეს. ერთი რამ ნათელია, რომ ეს ორგანიზაცია იყო ერთადერთი ორგანიზაცია, რომელმაც დაგმო ძალადობრივი შეტევა პრეზიდენტის სასახლეზე. ამ შეხვედრების განმავლობაში, ყველა შეხვედრაზე მათ გაიმეორეს, რომ ისინი გმობენ ძალადობას და სახელმწიფო ინსტიტუტებზე შეტევას. რაც შეეხება კრიტიკას, წინასწარ ვერ გეტყვით ანგარიშში რას დაწერენ, შეიძლება, იყოს კრიტიკა, შექებაც, ამიტომ დაველოდოთ, როდის იქნება ეს ანგარიში“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
თაგები:
ნიკოლოზ სამხარაძე




