ნინო წილოსანი - ფიშერს თუ რაიმე ჩვენი ნათქვამი არ მოსწონს, იცოდეს, რომ ეს არის ქართველი ხალხის დამოკიდებულება მისდამი

ავტორი
Front News საქართველო
როდესაც შენს პოლიტიკურ აქტივობას გადააყოლებ იმ მნიშვნელოვან ფუნქციას, რომლითაც ის იყო ჩამოსული, სხვა არაფერ უკეთესს არ უნდა მოელოდეს. თუ რაიმე ჩვენი ნათქვამი არ მოსწონს, იცოდეს, რომ ეს არის ქართველი ხალხის დამოკიდებულება მისდამი, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა პეტერ ფიშერთან დაკავშირებით "იმედის" ეთერში განაცხადა.
გადაცემის წამყვანმა მას კითხვა საქართველოში გერმანიის ელჩის ვიდეომიმართვასთან დაკავშირებით დაუსვა, სადაც ფიშერმა ეს ვიდეო ხელისუფლებაზე თავდასხმისთვის გამოიყენა და ცდილობს მმართველ გუნდს დააბრალოს უსამართლო დამოკიდებულება.
"პეტერ ფიშერი ისეთ მნიშვნელოვან ქვეყანას წარმოადგენს, თავიდანვე ძალიან დიდი პატივისცემით მივიღეთ, თუმცა მანვე გადაწყვიტა, რომ ეს პატივისცემა გაეფლანგა და მისთვის ჩრდილი მიეყენებინა საკუთარი პოლიტიკური პოზიციონირების გამო. ფიშერი ნაკლებად გაგახსენდებათ ალბათ საქართველოს მხარდამჭერ რომელიმე განცხადებაში და ადვილად გაგახსენდებათ მზია ამაღლობელის, თუ სხვათა სასამართლოებზე მჯდომი, თარჯიმნის გარეშე როგორ დაადგა თავზე მოსამართლეს იმისთვის, რომ ალბათ დაეშინებინა. ყოველ შემთხვევაში, პროცესი რაზე მიდიოდა, არ ესმოდა.
ფიშერი მართლმსაჯულებაზე ზეწოლაში ნამდვილად გაახსენდება ქართველ ხალხს. გაგვახსენდება, როგორ გვკარნახობდა ამა, თუ იმ დანაშაულისთვის ოთხი წელი იყო საკმარისი, თუ ორი. ის ახალისებდა ყველაზე რადიკალ აქტივისტებს და ეს არაერთხელ გვითქვამს ძალიან კონსტრუქციულად და მეგობრულად. როდესაც აგრესიული და სახელმწიფოს მოხელეების და სახელმწიფოს წინააღმდეგ მომართულ აქტივისტებს იწვევ, ეწვევი, „მონას“ პლაკატის ფონზე პოზირებ, არ შეიძლება იქნეს აღქმული ასეთი ადამიანი საქართველოს მეგობრად. როდესაც შენს პოლიტიკურ აქტივობას გადააყოლებ იმ მნიშვნელოვან ფუნქციას, რომლითაც ის იყო ჩამოსული, სხვა არაფერ უკეთესს არ უნდა მოელოდეს. თუ რაიმე ჩვენი ნათქვამი არ მოსწონს, იცოდეს, რომ ეს არის ქართველი ხალხის დამოკიდებულება მისდამი“, - განაცხადა წილოსანმა.
თაგები:
ნინო წილოსანი




