Logo

ნინო წილოსანი - როგორც კი საგაზაფხულო სესია დაიწყება, შეიქმნება საგამოძიებო კომისია, რომელიც შესწავლის სურსათის ფასებთან დაკავშირებულ პროცესებს

პოლიტიკა
227
Frontnews image description

როგორც კი საგაზაფხულო სესია დაიწყება პარლამენტში, შეიქმნება საგამოძიებო კომისია, რომელიც შესწავლის სურსათის ფასებთან დაკავშირებულ პროცესებს, - განაცხადა "იმედის" ეთერში პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა.

მისი თქმით, ეს იქნება ძალიან საინტერესო, მასშტაბური და ბევრი ასპექტის, საკითხის მომცველი პროცესი.

"დღეს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით გაიმართა კომისიის შეხვედრა, რომელიც სასურსათო ფასებს და მასთან დაკავშირებულ საკითხებს შეისწავლის. ეს არის ერთ-ერთი მტკივნეული თემა, რომელიც, ვიცით რომ გარკვეული პერიოდი, წლებია აწუხებს ჩვენს საზოგადოებას, მაგრამ იმ გარე და შიდა გამოწვევებიდან გამომდინარე, რომელიც საქართველოს ჰქონდა და რომელიც ჩვენი, როგორც ხელისუფლების წინაშე იდგა, ეტაპობრივად ყველაფრის მოგვარების შემდგომ გადავედით ამ ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხზე, რაც სურსათის ფასებს უკავშირდება. ვიცით, რომ ეს პროცესი ორი მიმართულებით გაიშლება.

ერთია სამთავრობო კომისია და ასევე, როგორც კი საგაზაფხულო სესია დაიწყება პარლამენტში, შეიქმნება საგამოძიებო კომისია, რომელიც შესწავლის სურსათის ფასებთან დაკავშირებულ პროცესებს. ეს იქნება ძალიან საინტერესო, მასშტაბური და ბევრი ასპექტის, საკითხის მომცველი პროცესი, რომელმაც საბოლოო ჯამში უნდა მოგვცეს კარგი ხედვა საიდან არის გამოწვეული ისეთი განსხვავება ფასებში, როგორიც არის, მაგალითად პრემიერ-მინისტრის მიერ ჩატარებული ბრიფინგისას დასახელებული 70-80-90 პროცენტიანი ფასნამატები.

პრობლემის გადაჭრის გზები შესაძლოა იყოს საკანონმდებლო ინიციატივები ან ცვლილებები, რეგულაციები, ეს ჩემთვის ჯერ უცნობია. რა თქმა უნდა, ორივე ფორმატში მომუშავე კომისიამ უნდა დაასკვნას და შემდგომში ასევე შესაძლებელია აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან იყოს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა საჭირო. ჩვენ ვიცით, რომ ასევე მესამე ფლანგით მიმდინარეობს მუშაობა, ეს არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომელმაც უნდა შეისწავლოს ამ პროცესში ხომ არ არის დანაშაულის ნიშნები და ხომ არ გვაქვს საქმე კარტელურ და მონოპოლისტურ გარიგებასთან, როდესაც მხარეები თანხმდებიან რამდენი უნდა იყოს ფასი მომატებული. შესაბამისად, არ არსებობს ჯანსაღი კონკურენცია“, - განაცხადა წილოსანმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები