ნინო ვარდოსანიძე - რეზოლუციაში ასახული შეფასებები და მოთხოვნები არ შეესაბამება ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს ინტერესებს

ავტორი
Front News საქართველო
ევროსაბჭოს კონგრესზე წარმოდგენილ რეზოლუციაში ასახული შეფასებები და მოთხოვნები არ შეესაბამება ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს ინტერესებს, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ნინო ვარდოსანიძემ სტრასბურგში, ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 50-ე პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა და ისაუბრა რეზოლუციის იმ ტექსტზე, რომელიც ევროპის საბჭოს კონგრესზე საქართველოსთან დაკავშირებით წარადგინეს.
ვარდოსანიძის თქმით, რეზოლუცია სრულიად ეწინააღმდეგება რეალობას.
„სამწუხაროდ, რეზოლუციაში ასახული შეფასებები და მოთხოვნები არ შეესაბამება ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს ინტერესებს. არჩევნებთან დაკავშირებით რეზოლუცია მიუთითებს არასამთავრობო ორგანიზაციის, ISFED-ის შეფასებებსა და დასკვნებზე, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს ხმების პარალელური დათვლით მანიპულირებდა. რეზოლუცია ფეიერვერკებს დადებითად აღწერს, როგორც პროტესტის სიმბოლოს, რომელიც სინამდვილეში ძალადობის სიმბოლო იყო. ძალადობრივი მიტინგები, მათ შორის პრეზიდენტის ან პარლამენტის სასახლის შტურმი, მშვიდობიან პროტესტად არის აღწერილი. ეს რამდენიმე მაგალითი უკვე აჩვენებს, თუ რამდენად აბსურდულია რეზოლუცია, რომელსაც დღეს მხარს დაუჭერთ. საქართველოს მთავრობას, ისევე როგორც ქართველ ხალხს, ექნება ადეკვატური რეაქცია ასეთ უპასუხისმგებლო განცხადებებზე. ქართველების აბსოლუტური უმრავლესობა სწორად აფასებს წარსულს და გონივრულ არჩევანს აკეთებს მომავალზე. სინამდვილეში ყველამ იცის, რომ საქართველოში ჩატარდა თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტუნარიანი არჩევნები, რომელიც სრულად ასახავდა ქართველი ხალხის ნებას“, – განაცხადა ნინო ვარდოსანიძემ.
საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ საქართველოს გეოპოლიტიკურ მდებარეობაზე, რეგიონში არსებულ გამოწვევებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
„საქართველო რთულ გეოპოლიტიკურ არეალში მდებარეობს. რეგიონში ორი მიმდინარე ომია, რასაც ფრთხილი პოლიტიკა სჭირდება. ამ გამოწვევას საქართველომ ამ დრომდე ეფექტიანად გაართვა თავი. ყველანი უნდა გავერთიანდეთ იმ იდეის გარშემო, რომელსაც მშვიდობის შენარჩუნება ჰქვია. ჩვენ, ხელისუფლების წარმომადგენლებმა, კარგად ვიცით, რომ ნებისმიერ საზოგადოებაში ხალხის დაკვეთა რეალურად არის პროგრესი, მშვიდობა, სტაბილურობა. ამ იდეისთვის ყველანი ერთ მხარეს უნდა ვიყოთ და ევროპასა და მსოფლიოში მშვიდობის შენარჩუნებაზე ვიზრუნოთ. ვხედავთ გეოპოლიტიკურ ცვლილებებს და ახალ მიდგომებს მსოფლიო პოლიტიკაში, რაც, რა თქმა უნდა, მოითხოვს ყურადღებას. ეს პროცესები თითოეულ ადგილობრივ მოქალაქეზე აისახება და ჩვენ, როგორც ადგილობრივი ხელისუფლებების წარმომადგენლებმა, ეს ძალიან კარგად ვიცით.
დაბოლოს, მინდა, აღვნიშნო, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა მაღალი ნდობის მქონე საჯარო ინსტიტუტია საქართველოში და მის გაძლიერებაზე კვლავ ვმუშაობთ. ჩვენ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, მზად ვართ ყველა სახის საქმიანი და თანასწორი თანამშრომლობისთვის. იმედი მაქვს, ერთობლივი მუშაობა საერთო სიკეთემდე მიგვიყვანს“, – განაცხადა ნინო ვარდოსანიძემ.
ინფორმაციას თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.
ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონული მმართველობის კონგრესმა საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო. კონგრესის შეფასებით, საქართველოში ადგილობრივი დემოკრატია საფრთხის წინაშეა, სწრაფი დემოკრატიული უკუსვლის, მაღალი პოლარიზაციის, ადგილობრივ ხელისუფლებებზე ერთპარტიული კონტროლის და წარსული რეკომენდაციების შეუსრულებლობის ფონზე.
თაგები:
ნინო ვარდოსანიძე




