Logo

ნონა ქურდოვანიძე - პროკურატურას და სასამართლოს, არც კი შეუფასებია, რომ მზია ამაღლობელის ტელეფონში იქნებოდა ინფორმაცია ჟურნალისტური წყაროების შესახებ

პოლიტიკა
137
Frontnews image description

პროკურატურას, ისევე როგორც სასამართლოს, არც კი შეუფასებია ის ფაქტი, რომ მზია ამაღლობელის ტელეფონში იქნებოდა ინფორმაცია ჟურნალისტური წყაროების შესახებ, რომელთა ანონიმურობაც გარანტირებული უნდა იყოს ჟურნალისტური საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, - ამის შესახებ საიას თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, დარღვევები უკვე არის სტრასბურგში განსახილველი საქმის ნაწილი.

"10 თვის წინ მზია ამაღლობელის საქმეში გამოძიებამ ჩადო დეტექტივ ვლადიმერ ჩიტაიას შემდეგი შინაარსის პატაკი - "ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად, მზია ამაღლობელის მიერ პოლიციელზე თავდასხმა წინასწარ იყო დაგეგმილი, რასთან დაკავშირებითაც მზია ამაღლობელი თავდასხმამდე მობილური ტელეფონის აპლიკაციით ესაუბრებოდა ამ ეტაპზე დაუდგენელ პირებს, რომლებთანაც ჰქონდა მიმოწერა და იღებდა ინსტრუქციებს".

ამ ფარატინა ფურცლის გამოყენებით, მზია ამაღლობელის ტელეფონი ამოიღო გამოძიებამ, მოიპოვა წვდომა მის პროფესიულ და პირად ინფორმაციაზე.

პროკურატურას, ისევე როგორც სასამართლოს, არც კი შეუფასებია ის ფაქტი, რომ მზია ამაღლობელის ტელეფონში იქნებოდა ინფორმაცია ჟურნალისტური წყაროების შესახებ, რომელთა ანონიმურობაც გარანტირებული უნდა იყოს ჟურნალისტური საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე.

10 თვის შემდეგ, ექსპერტიზის დასკვნა მიიტანეს დღეს სხდომაზე. საქმისათვის მნიშვნელოვანი ვერაფერი ვიპოვეთო.

ესაა მხოლოდ ერთი მაგალითი იმ დარღვევებიდან, რაც მზია ამაღლობელის საქმეში მრავლადაა.

ეს დარღვევა უკვე არის სტრასბურგში განსახილველი საქმის ნაწილი და ჩვენ ვდაობთ, რომ ამ მოქმედებით არსებითად იქნა ხელყოფილი მომჩივნის პირადი კომუნიკაციის და პირადი ცხოვრების უფლება.

მხოლოდ პატაკის საფუძველზე მსგავსი ტიპის საგამოძიებო მოქმედების ჩატარება ძირს უთხრის კონვენციით გარანტირებულ მე-8 და მე-10 მუხლებით განმტკიცებულ უფლებებს", - წერს ნონა ქურდოვანიძე.

ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლის მზია ამაღლობელის მობილურ ტელეფონში გამოძიებისათვის საინტერესო ინფორმაცია არ მოიძებნა.

Advertisement