Logo

ნუნუ გაბუნია – ისტორია, რომელიც მელოდიად გადაიქცა

Frontnews image description

ნუნუ გაბუნია – კომპოზიტორი, რომლის მელოდიებმაც არაერთი თაობა აღზარდა. მისი მუსიკით მომღერლები პოპულარული ხდებოდნენ, ქართული სიმღერა კი ამაღლებული. მისი ნაწარმოებები მელოდიურობის, სინატიფისა და შინაგანი დრამატურგიის ნაზავია – მუსიკა, რომელიც არამხოლოდ ჟღერს, არამედ ადამიანში რაღაცას ცვლის.

სწორედ ამიტომ, “Front News საქართველოს” ვიდეო პროექტი “ადამიანები ისტორიით“ მორიგ სტუმრად მასპინძლობს ნუნუ გაბუნიას – კომპოზიტორს, რომელიც დიდი ხანია, ქართული მუსიკალური კულტურის ნაწილი გახდა.

ვიდეო ინტერვიუში ნუნუ გაბუნია იხსენებს თავის გზას, გვიზიარებს მტკივნეულ და სასიამოვნო მომენტებს, შთაგონებას და ადამიანებს, რომლებმაც მისი შემოქმედება განსაზღვრეს.

ერთ-ერთი გამორჩეული ისტორიაც სწორედ შთაგონებას უკავშირდება: ერთ დღეს, ლენინგრადის ოპერის თეატრის სოლისტ ბაგაჩოვას შესრულებით, “Ave Maria“ მოისმინა. ის შესრულება იმდენად ემოციური აღმოჩნდა, რომ გაბუნიამ გადაწყვიტა, შეექმნა საკუთარი “Ave Maria“. ასე დაიბადა კომპოზიცია, რომელმაც მალევე მუსიკალური სამყარო დააინტერესა.

დღეს მსოფლიოში 5000-მდე Ave Maria არსებობს. მათ შორის კი მხოლოდ ერთეულები შევიდნენ უნიკალურ საერთაშორისო ალბომში, სადაც 17 მამაკაცი კომპოზიტორის გვერდით ნუნუ გაბუნიას Ave Maria-ც არის წარმოდგენილი. ის ერთადერთი ქალია ამ კოლექციაში და ისეთი კომპოზიტორების გვერდითაა, როგორებიც არიან: ვერდი, შუბერტი, კაჩინი და სხვა.

პირველად მისი Ave Maria თბილისის ოპერის თეატრის სოლისტმა ნაირა გლუნჩაძემ შეასრულა. შემდგომ კი ეს ნაწარმოები მრავალმა ცნობილმა მომღერალმა გააჟღერა სცენაზე – სიყვარულით, სითბოთი და პატივისცემით კომპოზიტორის მიმართ.

ინტერვიუში ნუნუ გაბუნია ასევე იხსენებს ახლო მეგობარს – ეთერ კაკულიას, რომელსაც მრავალი სიმღერა შეასრულებინა. მათ მეგობრობას მუსიკა ამყარებდა, თუმცა მოგონებები სცენას გაცდა – ბაქოში გადახდენილი ერთ-ერთი ისტორია, რომელიც თენგიზ სულხანიშვილთან ერთად გაიარა, დღემდე ღიმილით ახსენდება.

ნუნუ გაბუნიას ამბავი არის ადამიანის ისტორია, რომელიც მელოდიად გადაიქცა.

იხილეთ ვიდეო და მოუსმინეთ ქართულ მუსიკას – ისეთს, როგორიც ის ნუნუ გაბუნიასთან ერთად გახდა: ნამდვილი, სულიერი და სამარადჟამო.

Advertisement