Logo

ოლიმპიადამ გვასწავლა, როგორ მივიდეთ იდეიდან რეალურ შედეგამდე - STEM ოლიმპიადის გამარჯვებული გუნდი გორიდან

ბიზნესი-ეკონომიკა
80
Frontnews image description

"საქართველოს ბანკისა" და კომაროვის სკოლის ერთობლივი პროექტი- STEM ოლიმპიადა 2023 წელს მეცნიერებებისა და მომავლის პროფესიების პოპულარიზაციის მიზნით შეიქმნა. მას შემდეგ წარმატებით ჩატარდა რამდენიმე სეზონი. ახლა კი უკვე მესამე სეზონზე განაცხადების მიღებაა დაწყებული, რომელიც 30 ნოემბრამდე  გაგრძელდება. მეტი დეტალის ნახვა შესაძლებელია ბმულზე.  

  • STEM ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღება ერთი სკოლიდან ერთ გუნდს შეუძლია, რომელიც VII-XI კლასის 5 მოსწავლისგან იქნება დაკომპლექტებული;

  • STEM ოლიმპიადა ორ ტურად ჩატარდება: პირველი ტურის ფარგლებში მოსწავლეები ინდივიდუალურად შეასრულებენ ფიზიკისა და მათემატიკის დავალებებს. მეორე ეტაპზე კი, საუკეთესო შედეგის მქონე 10 გუნდი პრაქტიკული დავალებების შესრულებაზე ერთად იმუშავებს;

  • საპრიზო ადგილზე გასული გუნდები სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდებიან, ყველა მოსწავლე კი სერტიფიკატს მიიღებს.

ოლიმპიადის ფარგლებში, გამარჯვებული სკოლის გუნდს 10 000 ლარი გადაეცემა.

სანამ გავიგებთ როგორია დაინტერესება მესამე სეზონის მიმართ, მანამდე მოგიყვებით მე-3 ადგილოსან, ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ გორის N9 საჯარო სკოლის გუნდზე. გუნდის შემადგენლობაში იყვნენ: ნინი მაისურაძე, სალომე გოგოლაძე, თემური გალუსტიანცი, ლიკა ბაზანდარაშვილი, ნინო ოთინაშვილი. 

გუნდის მენტორმა, ნინო რაზმაძემ, გვიამბო, STEM მეცნიერებების მნიშვნელობისა და გუნდის წარმატების შესახებ:

⁠“STEM განათლება მოსწავლეებს უვითარებს ანალიტიკურ აზროვნებას, კრეატიულობას, ინოვაციურობას. აყალიბებს კრიტიკულად მოაზროვნე ინდივიდებს, რომლებსაც შეუძლიათ რეალური პრობლემების გადაჭრა, გამარტივება და რეალობის უკეთესობისკენ შეცვლა.  STEM ოლიმპიადა და STEM სკოლა ახალგაზრდებს აჩვენებს, რომ მეცნიერება და ტექნოლოგია შეიძლება იყოს ძალიან საინტერესო, სახალისო და სასარგებლო“.

მონაწილეები ოლიმპიადაზე მუშაობენ რეალურ პროექტებზე, რითიც ხვდებიან როგორ გამოიყენება თეორიული ცოდნა პრაქტიკაში. ასევე,  დიდი მნიშვნელობა აქვს მოსამზადებელ ეტაპს, წარმატებულ ასპარეზობას თან ახლავს საკმაოდ ინტენსიური, მაგრამ სახალისო მეცადინეობის პროცესი:

“ოლიმპიადისთვის მზადება საკმაოდ საინტერესო, მაგრამ შრომატევადი პროცესი იყო. ყოველდღიურად ვიკრიბებოდით სკოლაში, სადაც ვესწრებოდით სემინარებს, ვმუშაობდით თეორიულ და პრაქტიკულ მასალაზე, ვცდილობდით ახალი, ორიგინალური პროექტების შექმნას. იდეებს დიდ დროს ვუთმობდით – ვფიქრობდით, ვაანალიზებდით და საბოლოოდ საუკეთესო მოსაზრებებს პრაქტიკაში ვახორციელებდით. ამ პროცესში ძალიან დავმეგობრდით და ერთმანეთი უკეთ გავიცანით.  საინტერესო და დაუვიწყარი გზა გავიარეთ”.

ოლიმპიადის მესამე ეტაპზე მოსწავლეებს დამოუკიდებლად უნდა შეესრულებინათ ფინალური პროექტი, სწორედ ამ ეტაპზე გამოვლინდნენ საპრიზო ადგილოსანი გუნდები:

"ფინალური დავალება ძალიან საინტერესო იყო, თუმცა არც თუ ისე მარტივი. ყველაზე დიდი სირთულე ოთხივე დავალების სწორად დაგეგმვა და შესრულება გამოდგა. თითოეული ეტაპი მაქსიმალურ ჩართულობასა და შრომას მოითხოვდა. რა თქმა უნდა, გამარჯვების იმედი გვქონდა, რადგან დიდი ენერგია და დრო დავხარჯეთ მოსამზადებლად, თუმცა სხვა გუნდებმაც ძალიან საინტერესო და მაღალი დონის ნამუშევრები წარმოადგინეს.”

საკუთარი შთაბეჭდილებები გუნდის წევრებმაც გაგვიზიარეს:

"ოლიმპიადაში გამარჯვება განსაკუთრებული გრძნობაა,  მთელ გუნდს დიდი მოტივაცია გვაქვს, რომ მომავალშიც აქტიურად გავაგრძელოთ ტექნოლოგიების შესწავლა. STEM ოლიმპიადა დაგვეხმარა ბევრი საჭირო უნარის განვითარებაში. გვასწავლა, როგორ ვიმუშაოთ გუნდურად, როგორ გადავჭრათ რთული ამოცანები და როგორ მივიდეთ იდეიდან რეალურ შედეგამდე “ - ამბობს ნინი მაისურაძე.

"მომავალში ეს გამოცდილება ძალიან გამოგვადგება უნივერსიტეტში სწავლისას, პროფესიის არჩევისას, თუ რეალურ სამუშაო გარემოში, სადაც ტექნოლოგიური და ინჟინრული უნარები სულ უფრო მოთხოვნადი ხდება”, - ამატებს სალომე გოგოლაძე.

"სამეული მოხვედრა იმდენად გაგვიხარდა, რომ სიტყვებით რთულია ამ ემოციების გადმოცემა. ეს გამარჯვება ჩვენთვის უზარმაზარი მოტივაცია და სტიმულია არა მხოლოდ  ჩვენთვის, არამედ  ყველა საჯარო სკოლისთვისაც. ერთადერთი საჯარო სკოლა ვიყავით,  რომელიც სამეულში მოხვდა. ძალიან გვეამაყება, რომ ჩვენი სკოლა და ქალაქი ასე ღირსეულად წარმოვაჩინეთ”, - გვეუბნება თემური გალუსტიანცი.

საქართველოს ბანკი მომავალშიც განაგრძობს პერსპექტიული ახალგაზრდების აღმოჩენასა და ქვეყნის ტექნოლოგიური განვითარების მხარდაჭერას. STEM ოლიმპიადის მსგავსი პროექტები ქმნის ახალ შესაძლებლობებს და მოტივაციას მოსწავლეებისთვის, რომ განათლების გზაზე არასოდეს გაჩერდნენ.

(R)

Advertisement