"ოპოზიციის ალიანსი" - ვიწყებთ ეროვნული მობილიზაციის კამპანიას, მისი სიმბოლური კულმინაცია იქნება 26 მაისს, დიდი ხალხმრავალი აქცია

ავტორი
Front News საქართველო
დღეს, 31 მარტს, ოპოზიციის ალიანსი ვიწყებთ ეროვნული მობილიზაციის კამპანიას. მისი სიმბოლური კულმინაცია იქნება 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, სადაც იქნება დიდი ხალხმრავალი აქცია დედაქალაქში, - ამის შესახებ ოპოზიციის ალიანსის განცხადებაშია აღნიშნული.
მათივე თქმით, მნიშვნელოვანია, ამ კამპანიაში ჩაერთოს ბევრი მოქალაქე და ხელისუფლების ცვლილებას მიაღწიონ.
"დღეს, 31 მარტს, ოპოზიციის ალიანსი ვიწყებთ ეროვნული მობილიზაციის კამპანიას. ეს არის ოპოზიციის ალიანსის ინიციატივა, თუმცა საქმე, რომელიც გასაკეთებელია, არ არის ექსკლუზიურად ამ 9 პარტიის გასაკეთებელი, ეს არის ყველას გასაკეთებელი.
ჩვენი მიზანი არის ძალიან მარტივი - გავზარდოთ კომუნიკაცია საქართველოს მოქალაქეებთან, მეორე - გავანეიტრალოთ რეჟიმის პროპაგანდა, მესამე - ის ბრაზი, პროტესტი და ცვლილების სურვილი, რომელიც არსებობს საქართველოში, უნდა გადავთარგმნოთ პოლიტიკურ ქმედებაში, მეოთხე - უნდა დავამარცხოთ შიში, რომელსაც მიზანმიმართულად ნერგავს რეჟიმი, გავზარდოთ პროტესტში ჩართული ადამიანების რაოდენობა, რადგან ცვლილებისთვის საკმარისი მხოლოდ საუბარი არ არის, არამედ საჭიროა, რომ ყველა დავდგეთ ერთად ზუსტად ისე, როგორც 35 წლის წინ 31 მარტს მოხდა დამოუკიდებლობის რეფერენდუმზე.
ეს კამპანია გაგრძელდება ორი თვე და მისი სიმბოლური კულმინაცია იქნება 26 მაისს - საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, სადაც იქნება დიდი ხალხმრავალი აქცია დედაქალაქში. ჩვენთვის, გამარჯვებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ კამპანიაში ჩაერთოს ყველა პოლიტიკური და სამოქალაქო ჯგუფი.
ყველას მადლობა გვინდა, ვუთხრათ, ვინც დღეს იმყოფება ტყვეობაში, ვინც გათავისუფლდა, ვინც აწამეს, მოწამლეს, ვისაც დაუნგრიეს ცხოვრება, ვინც ყოველდღე დგას აქციაზე. ჩვენთვის პატივია, ამ ბრძოლაში ვიყოთ თქვენთან ერთად. ჩვენ არ გპირდებით მარტივ გზას და სასწაულებს, მაგრამ ზუსტად ვიცით ერთი რამ - თუ ჩვენ გავჩერდებით, ცვლილება არ იქნება, თუ ვიმოქმედებთ - რეჟიმის ცვლილება იქნება დროისა და ფასის საკითხი. ყველას გთავაზობთ, ჩაერთოთ ამ კამპანიაში", - აღნიშნულია განცხადებაში.
თაგები:
"ოპოზიციის ალიანსი"




