
ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის მიერ რუსეთის სამხედრო და ეკონომიკურ ინფრასტრუქტურაზე განხორციელებული რეკორდული საჰაერო იერიშები ფრონტის ხაზსა და გეოპოლიტიკურ ბალანსზე გავლენას უკვე აშკარად ახდენს. Front News-სთან ინტერვიუში სამხედრო ანალიტიკოსი ოთო კონჯარია დეტალურად აფასებს უკრაინული სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ტექნოლოგიურ ნახტომს, „სტარლინკით“ მართვადი შორი მოქმედების დრონების ეფექტურობას და იმ სტრატეგიულ კოზირებს, რომლებითაც ოფიციალური კიევი ტრამპის ადმინისტრაციისა და პოტენციური მოლაპარაკებების ფონზე პოზიციებს იმყარებს.
ანალიტიკოსის პროგნოზით, მიუხედავად დონბასის ფრონტზე არსებული მძიმე ვითარებისა, უკრაინის მიერ აგრესორის ტერიტორიაზე ომის გადატანა კრემლს გარდაუვალი ახალი მობილიზაციისა და შიდა კრიზისის წინაშე აყენებს.
- ბატონო ოთო, 18 ივნისს უკრაინამ მოსკოვსა და რუსეთის რეგიონებზე რეკორდული, ათასზე მეტი დრონით მიიტანა იერიში, რასაც კაპოტნიას ნავთობგადასამუშავებელი ქარხნის გაჩერება მოჰყვა. სამხედრო-ტაქტიკური თვალსაზრისით, როგორ შეაფასებთ ერთ ოპერაციაში ამ რაოდენობის უპილოტო აპარატის კოორდინირებულ გამოყენებას? რა ლოგისტიკურ და ტექნოლოგიურ გარღვევასთან გვაქვს საქმე?
— ზოგადად, უკრაინის მიერ ბოლო ერთი წლის განმავლობაში განხორციელებული ოპერაციები უნიკალურია იმ მხრივ, რომ სწორედ ნავთობინდუსტრია წარმოადგენს ამ ომის წყაროს. შესაბამისად, ის ნავთობგადასამუშავებელი და ნავთობსაქაჩი ქარხნები, რომლებიც უკრაინის მიერ იბომბება, მიმდინარე ომში სტრატეგიულ მიზანს წარმოადგენს. სწორედ ამ რესურსებიდან შემოსული ფულით ფინანსდება პუტინის მიერ ეს აგრესიული და არაპროვოცირებული საბრძოლო მოქმედებები.
რაც შეეხება ერთეულ შეტევას, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინამ შეძლო მოსკოვის სამშრიანი საჰაერო თავდაცვის ზღუდის გარღვევა, ამ კონკრეტული შემთხვევით ვერ ვიტყვით, რომ დიდი გარდატეხა მოხდა. თუმცა, კომპლექსურ ერთობლიობაში, როდესაც დარტყმები ინტენსიურ და ყოველდღიურ რეჟიმში ხორციელდება, ეს უკრაინას ნამდვილად სძენს მნიშვნელოვან უპირატესობას.
რაც შეეხება ტექნოლოგიურ გარღვევას, ეს არ არის ღია წყაროებისთვის ხელმისაწვდომი ინფორმაცია. ჩვენ არ ვიცით, რეალურად რა განახლებები ხდება უკრაინის სამხედრო მრეწველობაში მოდერნიზაციის ფარგლებში. თუმცა, მე ვვარაუდობ, რომ საქმე გვაქვს დამიზნების სისტემის მოდერნიზებასთან. ასევე, ამ დრონებში არის რადიოელექტრონული ბრძოლის (რებ) ჩამხშობები და თავდაზღვევის სისტემები, რომლებმაც სიგნალზე მტრის ზეგავლენა უნდა გამორიცხოს.
არის ასევე საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა საკმაოდ დახვეწა წარმოების სიხშირე და რაოდენობა. ამ დროისთვის ის რუსეთისთვის მიუღწეველი და ხელშეუხებელია. რუსეთი რა მასშტაბითაც არ უნდა ბომბავდეს უკრაინას, ყველაზე ტრაგიკული ის არის, რომ მათ აგრესიულ ქმედებებს მშვიდობიანი მოსახლეობა ეწირება. რეალურად, რუსეთისთვის ალბათ, კარგი იქნებოდა, რუსებს უკრაინის სამხედრო-სამრეწველო ობიექტების განადგურება შეეძლოთ, თუმცა ამას ვერ ახერხებენ.
- ოფიციალური კიევი ხაზს უსვამს, რომ ეს შორი მოქმედების იარაღი 100%-ით უკრაინული წარმოებისაა. რამდენად მოახერხა უკრაინამ სამხედრო ინდუსტრიის ისეთი მოდერნიზება, რომ ამ კომპონენტში რუსეთს გადაუსწროს და რამდენად არის ეს პროცესი დამოუკიდებელი დასავლური ფინანსური თუ ტექნოლოგიური დახმარებისგან?
- რუსეთისთვის გადასწრება ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, როდესაც სამხედრო-სამრეწველო კომპლექსებს მთლიანობაში ვადარებთ ერთმანეთს. თუმცა აი ამ კომპონენტში - დრონების წარმოების თვალსაზრისით, აქ შესაძლოა, ღიად ვთქვათ, რომ უკრაინელთა უპირატესობა აშკარაა. როდესაც უკრაინელები ოკუპირებულ ტერიტორიებზე ან რუსეთის სიღრმეში საშუალო და შორი მოქმედების დრონებს იყენებენ, ძალიან წარმატებული შედეგები აქვთ.
რუსებს დიდი ზიანი ადგებათ, რადგან უკრაინელები ამ დრონებზე „სტარლინკის“ (Starlink) ტერმინალებს იყენებენ. „სტარლინკის“ ტერმინალები დრონის შიდა სივრცეშია განთავსებული, რაც ოპერატორს აძლევს საშუალებას, ლაივრეჟიმში, ეკრანზე გამოტანილ გამოსახულებაზე თვალი ადევნოს აპარატის გადაადგილებას და ის ზუსტად გაიყვანოს იმ დანიშნულების მიზნამდე, რომელიც რუსეთის ეკონომიკურ და სამხედრო ინფრასტრუქტურას ძალიან დიდ ზიანს აყენებს.
რაც შეეხება 100%-იან უზრუნველყოფას, ამ დრონების კომპონენტების შექმნაში დიდი წვლილი შეაქვთ ევროპელებსაც, რომლებიც უკრაინას აფინანსებენ. ასევე, ამ კომპონენტების მოწოდება მათი მხრიდანაც ხდება. ეს ყველაფერი კი საშუალებას იძლევა, რომ უკრაინამ წარმოების სიხშირე კიდევ უფრო გაზარდოს. ყოველდღიურად დაახლოებით 500-მდე შორი მოქმედების (ეს არის 1200-დან 2000 კილომეტრამდე მოქმედი) საფრენი აპარატის წარმოება ხდება. წლის ბოლოს ალბათ, ბალისტიკური რაკეტებიც შემოვა, რომელიც ასევე უკრაინულ-ევროპული პროდუქტი იქნება, ამას კი რუსეთისთვის კიდევ უფრო მძიმე შედეგები ექნება.
- კაპოტნიას ქარხნის მსგავსი სტრატეგიული ობიექტების მწყობრიდან გამოყვანა პირდაპირ აისახება რუსეთის შიდა ბაზარზე საწვავის დეფიციტსა და ფასებზე. თქვენი აზრით, რამდენად მალე შეიძლება ამ „ეკონომიკურმა დივერსიამ“ მოახდინოს გავლენა უშუალოდ რუსეთის სამხედრო მანქანის ლოგისტიკაზე ფრონტის ხაზზე?
- მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებაში ეიფორიაა უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში დარტყმების შედეგად, ფრონტის ხაზზე მთლად ასეთი სიტუაცია არ არის. ფრონტის თითქმის ყველა სექტორში უკრაინელებმა მოახერხეს რუსების შეტევის შეჩერება. უშუალოდ ზაპოროჟიეს მიმართულებიდან, დასახლება სტეპნოგორსკთან იყვნენ რუსები და იქ აწყობდნენ პლაცდარმს, საიდანაც ქალაქ ზაპოროჟიესთვის უნდა შეეტიათ. ეს საფრთხე უკვე არიდებულია, უკრაინელებმა ამ მოიერიშე ძალებს დაახლოებით 20 კილომეტრით უკან დაახევინეს და გაანადგურეს იქ არსებული ცოცხალი ძალის შემადგენლობა. ასევეა გარკვეული მიმართულებები ხარკოვისა და სუმის ჩრდილოეთ ნაწილზე, სადაც რუსების შეტევა ან გააჩერეს, ან უკან დაახევინეს.
ყველაზე სტაბილურად მძიმე მდგომარეობა უშუალოდ დონბასის ფრონტზე, კონსტანტინოვკის მიმართულებაზეა. ეს შედის კრამატორსკ-სლავიანსკის აგლომერაციაში. ეს კი არის ის უმნიშვნელოვანესი ქალაქები, რომლებიც დონბასის იმ ბასტიონს წარმოადგენს, სადაც უკრაინის მიერ ბოლო წლების განმავლობაში გამაგრებული და ძლიერი ზღუდეებია აშენებული.
უბრალოდ იმის თქმა მინდა, რომ უკრაინელები მუდმივად თავდაცვის მდგომარეობაში ვერ იქნებიან. თუ პუტინი შეძლებს ერთი წლის შემდეგ, რომ ეს რეგიონი ამ საზღვრებში აიღოს, ის ეცდება, რომ დიდი დანაკარგების მიუხედავად, ეს წარმატებად გაყიდოს. ამას ერთგვარად სტრატეგიულ მიზნად გაასაღებს და იტყვის, რომ დონბასში მცხოვრები რუსების გათავისუფლება შეძლო. თუმცა, მე ვფიქრობ, რომ უკრაინელებისგან შესაძლოა, ძალიან დიდი რეზერვი მზადდებოდეს იმისთვის, რომ სადღაც გარღვევა მოხდეს. წელს ზაფხულში თუ არა, მომავალ წელს მაინც, სადღაც უკრაინელების მხრიდან კონტრშეტევას ვიხილავთ.
- პრეზიდენტმა ზელენსკიმ ღიად თქვა, რომ მოსკოვის დაბომბვა იყო პასუხი კიევ-პეჩერის ლავრის განადგურებაზე. თქვენი შეფასებით, რამდენად ცვლის ეს „სიმეტრიული პასუხის“ სტრატეგია ძალთა ბალანსს და რა კონკრეტულ კოზირებს აძლევს ეს კიევს პოტენციური მოლაპარაკებების მაგიდასთან, განსაკუთრებით ტრამპის ადმინისტრაციის გააქტიურების ფონზე? რა კოზირებს აძლევს ზელენსკის ხელთ, როცა გვახსოვს, ტრამპმა მას უთხრა, რომ ეს კარტი ხელში არ ეჭირა?
— ტრამპის განცხადება იმაზე, რომ თითქოს ზელენსკის ხელთ კოზირები არ ეჭირა, სასაცილო იყო. ახლა კი მით უმეტეს ამის თქმა მას არ შეუძლია. ამას უკვე თავად ტრამპიც და მისი ადმინისტრაციაც აღიარებენ, რომ უკრაინა და მისი შეიარაღებული ძალები წარმოადგენენ ყველაზე ბრძოლისუნარიან და ძლიერ სამხედრო ძალას. ასევე ითქვა ღიად მარკო რუბიოს მიერ და პიტ ჰეგსეტის მხრიდანაც, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები დღეს არის ნომერ პირველი ძალა უშუალოდ უპილოტო საფრენი აპარატების გამოცდილებითა და მათი ომში გამოყენებით. ამ გამოცდილებას როგორც ევროპელები ითვისებენ, ასევე თავად ევროპელებმაც ითხოვეს, რომ მათთვის გაეზიარებინათ. აქ არა მხოლოდ სამხედროების გამოცდილებაზეა საუბარი, არამედ სამხედრო-ტექნოლოგიური ინჟინერიის გამოცდილებაზეც.
რაც შეეხება იმას, თუ რა კოზირი აქვს ახლა უკრაინას, მისი კოზირი არის ის, რომ ხალხს მკაფიოდ აქვს გადაწყვეტილი ბრძოლა და არსებობს საზოგადოების მყარი მხარდაჭერა. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, გადაღლილები იყვნენ და ძალიან ბევრს აქვს ადამიანური ტრაგედია, იმ ფასის გადახდა, რასაც ამ დაზარალებული ხალხისგან პუტინი ითხოვს, მიუღებელია. რუსეთი პირობითად კაპიტულაციას სთავაზობს და დონბასიდან გასვლას. ეს შესაძლოა, რაღაც ლოგიკურ დონეზე მოგვჩვენებოდა, რომ უკრაინა დათანხმებულიყო, როცა რუსები კიევთან იყვნენ 2022 წელს. მაგრამ ახლა, როდესაც მილიონ ორასი ათასი რუსია ხელ-ფეხ მოჭრილი და განადგურებული, რუსეთი უკრაინას ასე ულტიმატუმს ვერ წაუყენებს. თუმცა ეიფორია არ უნდა იყოს იმ მხრივ, რომ ხვალვე უკრაინა ომს მოიგებს და რუსეთის არმია განადგურდება.
- ჩვენ ვხედავთ, რომ ომის მეხუთე წელს მოსკოველები იძულებული არიან, კიეველების მსგავსად თავშესაფრები ეძებონ. რამდენად მუშაობს უკრაინის ეს სტრატეგია - ომის გადატანა აგრესორის ტერიტორიაზე, რუსულ საზოგადოებრივ აზრზე? შესაძლებელია თუ არა, რომ ამ ფარულმა უკმაყოფილებამ კრემლში შიდა პოლიტიკური კრიზისი გამოიწვიოს?
- მე არ მგონია, რომ პუტინი უკან დაიხევს, თუ არ მოხდა მისი ფიზიკური ლიკვიდაცია ან მისი ხელისუფლების გადაყენება. თუმცა უკრაინელების ეს სტრატეგია ძალიან ეფექტურად მოქმედებს. მიუხედავად პუტინის ძალისხმევისა, მან ეს ომი ვერ აქცია „პატრიოტულ ომად“. რუსეთის საზოგადოებაში ეს ომი ვერ არის აღქმული ისე, როგორც ეს ე.წ. დიდი სამამულო ომი იყო. მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანიის წინააღმდეგ მთელი საზოგადოება იყო გაერთიანებული, ყველა თვლიდა, რომ ის ომი ყველას ომი იყო. ამ ომს კი რუსეთის საზოგადოება უკვე პუტინის ახირებად უყურებს.
აქედან გამომდინარე, ეს პუტინისთვის სერიოზული პრობლემაა. ცოცხალ ძალაში იმხელა დანაკარგი აქვს, რომ აუცილებლად დაუდგებათ ის მომენტი, როდესაც შეტევის შესაძლებლობა აღარ ექნებათ. ვფიქრობ, რომ მობილიზაცია წლის ბოლომდე რუსეთში მაინც გამოცხადდება, რაც უკვე საზოგადოებაში კრიტიკულ განწყობას ქმნის. საზოგადოებაში არის ისეთი განცდა, რომ რეალურად უნდა იმოქმედონ.
ელზა პაპოშვილი
თაგები:
ოთო კონჯარია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს