პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ ზურაბ აბაშიძე, დაჩი ცაგურია და მერაბ ჭიქაშვილი გამოჰკითხა


ავტორი
Front News საქართველო
2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელმა პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ დღევანდელ სხდომაზე სამი პირი - ზურაბ აბაშიძე, დაჩი ცაგურია და მერაბ ჭიქაშვილი გამოჰკითხა.
2009 წლის 15 ივნისს, თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობასთან გამართულ მშვიდობიანი აქციის დარბევაზე საუბრისას, ზურაბ აბაშიძემ 15 ივნისამდე გამართულ აქციებზე გაამახვილა ყურადღება.
მისი განცხადებით, იმ პერიოდში, არაფორმალური დაჯგუფებები აქციების ახალგაზრდა მონაწილეებს ქუჩებში აკავებდნენ, იტაცებდნენ და ფიზიკურად უსწორდებოდნენ. როგორც მან აღნიშნა, ერთ-ერთი ასეთი აქციის დროს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ძალოვანი სტრუქტურების მაღალჩინოსნები დათა ახალაია და ვასილ სანოძე აქციის მონაწილეებს „ტირის“ თოფს ესროდნენ.
ზურაბ აბაშიძის განცხადებით, სწორედ მსგავსი ქმედებების გასაპროტესტებლად, 2009 წლის 15 ივნისს, ახალგაზრდებთან ერთად მონაწილეობა მიიღო თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან გამართულ მშვიდობიან აქციაში, რა დროსაც ნიღბიანმა „ზონდერ ბრიგადებმა“ აქციის მონაწილეები ხელკეტებით დაარბიეს.
მისივე თქმით, დარბევის დროს მას ცხვირის ძვლები გაუტეხეს, კბილები ჩაუმტვრიეს, ასევე, ტვინის შერყევა და სხეულის დაბეჟილობა მიიღო, რეაბილიტაციას კი, დიდი ხანი დასჭირდა. ზურაბ აბაშიძის შეფასებით, „ეს იყო საჩვენებელი დასჯა“.
2009 წლის 15 ივნისის მშვიდობიანი აქციის დარბევის ფაქტებზე დროებით საგამოძიებო კომისიას ახსნა-განმარტება დაჩი ცაგურიამ მისცა. მისი განცხადებით, რადგან აქციების ახალგაზრდა მონაწილეებს დაკავების მიზნით, ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები სახლებთან უსაფრდებოდნენ, მათ გადაწყვიტეს, რომ 15 ივნისს აქცია პოლიციის მთავარ სამმართველოსთან ჩაეტარებინათ.
"აქციის მიზანი იყო ჩავბარებულიყავით პოლიციას - ვისი დაჭერაც უნდოდათ, იქ დავეჭირეთ და მოესაჯათ“, - აღნიშნა დაჩი ცაგურიამ.
როგორც მან აღნიშნა, მშვიდობიანი აქციის დარბევის დროს „ზონდერ დაჯგუფებები“ იყენებდნენ პოლიციის ხელკეტებს, არმატურის ნაჭრებს, ფიცრებს, ჯაჭვებს და ჩაქუჩსაც კი.
"ჯერ, გარეთ სასიკვდილოდ გაგვიმეტეს, დაგვასისხლიანეს, მერე ეზოში შეგვათრიეს და ყველა დაკავებული "დერეფანში“ გაგვატარეს, რა დროსაც ორმოცამდე ადამიანი გვირტყამდა. შემდეგ, სამმართველოს შენობის ფოიეში ჩვენზე ფეხებით დადიოდნენ და არმატურით და ბეისბოლის ჯოხებით გვცემდნენ. დაკავებულების ნაწილი იქვე მდებარე სააპელაციო სასამართლოს შენობაში გადაიყვანეს და ფიზიკურად იქ გაუსწორდნენ“, - განაცხადა დაჩი ცაგურიამ.
მისი თქმით, აქციის დარბევის დროს სამმართველოში იმყოფებოდნენ ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები: ეკა ზღულაძე, შოტა უტიაშვილი, გიორგი გეგეჭკორი, გიორგი ონიანი, ახალაიები, გრიგალაშვილი, სანოძე და ლორთქიფანიძე.
დაჩი ცაგურიას განცხადებით, სამმართველოსთან სასტიკად სცემეს ყველა, მათ შორის, მისი დედა, რომელიც სხეულის მძიმე დაზიანებით საავადმყოფოში მოხვდა.
როგორც მან აღნიშნა, სასამართლო პროცესზე მისი ადვოკატი არ დაუშვეს და როდესაც ბრალმდებლები „ტყუილში გამოიჭირა“, სასამართლოს დარბაზიდან გაყვანის შემდეგ, სასამართლოს შენობაში კიდევ სცემეს.
მისი თქმით, სასამართლომ 30-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა, რომელიც მთავარი სამმართველოს იზოლატორში გაატარა, სადაც „ჯოჯოხეთური პირობები“ იყო.
დაჩი ცაგურიას განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს იგი 34-ჯერ დააკავეს და ყოველ დაკავებას თან ახლდა შეურაცხყოფა და ფიზიკური ანგარიშსწორება.
როგორც მან აღნიშნა, არც ერთ ამ და მსგავს ფაქტზე საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს მწვავე რეაქცია არ ჰქონია.
დაჩი ცაგურიას თქმით, 15 ივნისს, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან სცემეს არა მარტო აქციის მონაწილეები, არამედ ჟურნალისტებიც, რომლებსაც ტექნიკაც დაუმტვრიეს.
მისივე განცხადებით, იზოლატორში იგი პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ეკა ხერხეულიძემ მოინახულა.
"როდესაც ეკა ხერხეულიძე საქმის კურსში ჩავაყენე, მიპასუხა, რომ საცემი ვიყავი და ამიტომ მცემეს“, - აღნიშნა დაჩი ცაგურიამ.
„ჩვენ არც პარლამენტის შენობისთვის ცეცხლის წაკიდება გვიცდია, არც პოლიციელებისთვის „მოლოტოვის კოქტეილები“ და ფოიერვერკები გვისვრია, არც არავინ დაგვიშავებია, არც არავის შვილებთან მივვარდნილვართ, იმიტომ რომ ეს მიუღებლად მიგვაჩნდა და მიგვაჩნია“, - განაცხადა დაჩი ცაგურიამ.
მისივე თქმით, დარბევის დროს მიღებული დაზიანებების გამო, მას დღემდე ჯანმრთელობის პრობლემები აქვს.
2009 წლის 15 ივნისის აქციის დარბევის ფაქტზე კომისიამ ასევე გამოჰკითხა მერაბ ჭიქაშვილი. როგორც მან აღნიშნა, აქცია მშვიდობიანი იყო, რაც მოგვიანებით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურდა.
მერაბ ჭიქაშვილმა დეტალურად ისაუბრა აქციის ორგანიზების, მისი დარბევის, დაკავებულების ცემისა და ღირსების შელახვის ფაქტებზე. მისი თქმით, პოლიციელები ასევე ფიზიკურად გაუსწორდნენ მათ კოლეგას იმის გამო, რომ ის ჟურნალისტ გოგონას გადაეფარა და დაცვა სცადა.
როგორც მერაბ ჭიქაშვილმა აღნიშნა, სასტიკად ნაცემ აქციის მონაწილეებს ძალოვანი უწყების წარმომადგენელი ფოტოებს უღებდა და საკუთარ ხელმძღვანელობას უგზავნიდა „პირველისთვის“ საჩვენებლად. მან ასევე საკანში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე ისაუბრა, რაც მისივე შეფასებით, „წამების ტოლფასი იყო“.
მისივე თქმით, წინა ხელისუფლების დროს იგი 11-ჯერ იყო დაკავებული და ყოველ ჯერზე მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ. მერაბ ჭიქაშვილის განცხადებით, მიღებულ ტრავმებს იგი დღემდე მკურნალობს.
როგორც დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ თეა წულუკიანმა განაცხადა, კომისიის მორიგი სხდომა 18 ივნისს გაიმართება, სადაც მშვიდობიანი აქციების დარბევისას ადამიანის უფლებების შელახვის ფაქტების განხილვა გაგრძელდება.
მისივე თქმით, 19 ივნისის სხდომაზე, კომისია დავით ცინდელიანის მკვლელობის საქმეს განიხილავს და ასევე მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილ უფროსს, გიორგი ჭოლაძეს მოუსმენს, ხოლო 23 ივნისს - გიორგი გახარიას დამატებით გამოჰკითხავს.
თაგები:
საგამოძიებო კომისია

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს