Logo

პარლამენტმა დიპლომატიის აკადემიის შექმნის შესახებ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა

პოლიტიკა
48
Frontnews image description

პარლამენტმა მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტს მხარი დაუჭირა.

მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხათუნა თოთლაძემ წარადგინა.

პროექტის თანახმად, იქმნება „საჯარო სამართლის იურიდიული პირი - დიპლომატიის აკადემია“, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსს მიიღებს და განახორციელებს როგორც საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს, ასევე კვალიფიკაციის ამაღლების ერთწლიან კურსს.

მომხსენებლის განმარტებით, დიპლომატიის აკადემიის შექმნა და ფუნქციონირება ხელს შეუწყობს დიპლომატიური სამსახურისთვის, საჯარო და კერძო სექტორისთვის კვალიფიციური კადრების მომზადებას.

კანონპროექტით აგრეთვე იცვლება დიპლომატიური რანგების მინიჭების წესი და ფართოვდება უმაღლესი დიპლომატიური თანამდებობების ჩამონათვალი, რომლებსაც შეიძლება საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის რანგი მიენიჭოთ.

წარმოდგენილი კანონპროექტიდან გამომდინარე, ცვლილება შედის „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში, რომლის თანახმად, მოქმედ კანონს ემატება ტერმინის - „საჯარო სამართლის იურიდიული პირი - დიპლომატიის აკადემიის“ განმარტება.

დიპლომატიის აკადემია ექცევა სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების კატეგორიაში.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები