Logo

პარლამენტმა "საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ ახალი რედაქცია პირველი მოსმენით მიიღო

პოლიტიკა
133
Frontnews image description

საკანონმდებლო ორგანომ 76 ხმით 9-ის წინააღმდეგ „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ ახალი რედაქცია პირველი მოსმენით მიიღო.

საკანონმდებლო ცვლილების თანახმად: ზუსტდება ზოგიერთი ტერმინის განმარტება, მათ შორის არჩევნების, რეფერენდუმის/პლებისციტის საქართველოს სახელმწიფოს საზღვრებში გამართვის კუთხით; პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიზნით, ზუსტდება ფოტოვიდეოგადაღების წესები; დგინდება, რომ სათანადო სამართლებრივი საფუძვლების არსებობისას განკარგულებას საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ შესაბამისი კომისიის თავმჯდომარე გამოსცემს; არჩევნების სათანადოდ ორგანიზების ხელშეწყობის მიზნით, განისაზღვრება სახელმწიფო ორგანოებისა და საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლობის სამართლებრივი საფუძვლები; საარჩევნო ადმინისტრაციის სამართლებრივი აქტების ჩამონათვალს ემატება საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ბრძანება.

ამასთან, საარჩევნო პერიოდში საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების პროცესის შეუფერხებლად წარმართვის მიზნით, იცვლება საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა თანამდებობრივ შეუთავსებლობას და შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხები. აგრეთვე, კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შეჯამების მარეგულირებელი ნორმები ერთიანდება შესაბამის თავებში; ზუსტდება შემაჯამებელ ოქმში საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული ხმების პროცენტულ წილში მითითების პროცედურა; ზუსტდება საარჩევნო კომისიის წევრად არჩევის/დანიშვნის ნორმა, რომლის შედეგად, ნასამართლობის მქონე პირი, მიუხედავად გამოყენებული სასჯელის სახისა, ვერ გახდება საარჩევნო კომისიის წევრი; საარჩევნო კოდექსის ძირითად ტექსტში განისაზღვრება არჩევნებში იმ ამომრჩევლის მონაწილეობის წესი, რომელიც საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციიდან მოიხსნა, ან რომლის რეგისტრაციაც ძალადაკარგულად გამოცხადდა სააგენტოს გადაწყვეტილებით, ან რომელიც რეგისტრირებულია მისამართის მითითების გარეშე, ან რეგისტრირებულია საზღვარგარეთ.

საკანონმდებლო ინიციატივით, იცვლება სხვა სახელმწიფოში მყოფი ამომრჩევლის არჩევნებში მონაწილეობის წესები და მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების მსგავსად, საქართველოს პარლამენტის არჩევნები მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში გაიმართება.

მომხსენებლის, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, აღნიშნული ცვლილების მიზანი ის არის, რომ საარჩევნო დღეს ემიგრანტები საქართველოში ჩამოვიდნენ.

„ამ დათქმის მიზანი სწორედ ის არის, რომ არჩევნების დროს ემიგრანტები სამშობლოში მასობრივად ჩამოვიდნენ და ამ ძალიან მნიშვნელოვან დღეს ის პასუხისმგებლობა გაიზიარონ, რაც ქვეყნის სუვერენიტეტს, მის მომავალი ოთხი წლით მართვასა და სახელისუფლებო რგოლის დაკომპლექტებას უკავშირდება“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

კანონის ახალი რედაქციით, კენჭისყრის პროცესის შეუფერხებლად წარმართვის მიზნით, იცვლება კენჭისყრის დღეს შენობიდან გაძევების საკითხები. აგრეთვე, კენჭისყრის პროცესის შეუფერხებლად წარმართვის მიზნით, დგინდება საუბნო საარჩევნო კომისიის სპეცჯგუფად ფორმირების საფუძვლები. დამატებით განისაზღვრება ის შემთხვევები, როდესაც გადასატან საარჩევნო ყუთში მოთავსებული საარჩევნო ბიულეტენები გადაწყვეტილების მისაღებად გადაეგზავნება საოლქო საარჩევნო კომისიას. იცვლება გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების არჩევის/დანიშვნის ვადები; მარტივდება კანდიდატების რეგისტრაციის პროცედურები.

დავით მათიკაშვილის განცხადებით, 2011 წელს მიღებულ „საარჩევნო კოდექსში“ დღემდე 100-მდე ცვლილება და დამატება შევიდა.

„შესაბამისად, თანამედროვე გამოწვევების გათვალისწინებით,  დღის წესრიგში ორგანული კანონის ტექსტის გადამუშავების, მსგავსი ნორმების გაერთიანების, გარდამავალ დებულებებში არსებული კონკრეტული რეგულაციების კანონის მოქმედების ვადით დადგენის და დაწესების, აგრეთვე, კანონში კონკრეტული პრინციპული საკითხების ასახვის საჭიროება დადგა“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

Advertisement