Logo

პარტია “საქართველოსთვის” წევრი გიორგი გახარიასთან ურთიერთობის შესახებ წერს

პოლიტიკა
1072
Frontnews image description

პარტია “საქართველოსთვის” წევრი ანა ბუჩუკური სოციალურ ქსელში პარტიის ლიდერის გიორგი გახარიას შესახებ ვრცელ პოსტს აქვეყნებს.

 

“რატომ გიორგი გახარია?

 

26 წლის ვიყავი, ეკონომიკის სამინისტროში მივედი, გასაუბრებაზე. ამიყვანეს სამმართველოს უფროსად. არც ვიცოდი მინისტრი ვინ იყო, “დაგუგლული მივედი”, ჩემმა მაშინდელმა უფროსმა მინისტრთან ამიყვანა, გასაცნობად. შევედით მინისტრის სამუშაო ოთახში, სადაც ხელებაკაპიწებული გიორგი გახარია კართან შემხვდა, ხელი გამომიწოდა და მითხრა “მე გიორგი ვარ. შენ?” ყველაფერი ასე დაიწყო.

 

ამის მერე სტანდარტული სამართლებრივი აქტების პროექტების გასავლელად კვირაში ერთხელ მიწევდა ჩემს კოლეგებთან ერთად მინისტრთან კომუნიკაცია. მახსოვს, ერთხელ რაღაც საკითხზე ჩემი აზრი ვუთხარი, რომელიც 180 გრადუსით განსხვავდებოდა მისი პოზიციისგან. ვიკამათეთსავით. ვერ გადავარწმუნე, ვერ გადამარწმუნა. ამ დღიდან რამდენიმე დღეში დამიძახა, დეტალურად გამომკითხა ვინ ვიყავი. მივხვდი, ჩემი გაცნობა უნდოდა, ახალგაზრდა ადამიანის, რომელსაც განსხვავებული პოზიციის დაფიქსირება არ მოერიდა.

 

მეორე დღეს შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატად დაასახელეს და რამდენიმე დღეში ერთად გადავედით შსს-ში.

 

მართალი გითხრათ, მანამდე მთელი ცხოვრება გავურბოდი ძალოვანში მუშაობას. მალევე აღმოვაჩინე, რომ არასოდეს ასეთ მაგარ სამსახურში არ მიმუშავია (არავის ეწყინოს).

 

შსს-ში გატარებული 2 წელი ყველაზე საინტერესო იყო – ყველაზე წარმატებული, ყველაზე რთული, ყველაზე მძიმე და ყველაზე ემოციური. ყველაფერი ერთად. გამოწვევები ძალიან ბევრი იყო… “შენ ხომ იცი, რომ სწორ ადგილას დგახარ?!” მკითხა ერთხელ შსს-ში ძალიან მძიმე დროს, როცა რაღაც ისეთი მოხდა, რასაც ის ყოველთვის ტვირთად გაიყოლებს… დღემდე მგონია, რომ ამ კითხვის ადრესატი მე არ ვყოფილვარ…

 

მერე პრემიერად დაინიშნა და მეც მასთან ერთად მთავრობის ადმინისტრაციაში გადავედი. მალევე პანდემია დაიწყო. მახსოვს ტვირთი მის მხრებზე და მისი გამომეტყველება ყველა დამძიმებულ შემთხვევაზე. მახსოვს, როგორ გვაფრთხილებდა სათითაოდ ყველას – ადამიანებს არ მოატყუოთ, მათ ყველაფერი უნდა იცოდნენო… მახსოვს ყველა მძიმე გადაწყვეტილებას თვითონ აცნობდა ხალხს…

 

მერე მე პარლამენტში გადავედი. მან გამიწია რეკომენდაცია. და მალევე ის გადადგა. გადადგომის მომენტში მეც მთავრობის ადმინისტრაციაში ვიყავი. ბრიფინგზე ჩავიდა, ჩვენ მის სართულზე ტელევიზორს ვუყურებდით. როცა თქვა “მივიღე გადაწყვეტილება, გადავდგე დაკავებული თანამდებობიდან”, მახსოვს ჩემი რეაქცია – ახლა ვინ მიხედავს ამ ქვეყანას და პირველად შემეშინდა…

 

როცა პარტიის შექმნის გადაწყვეტილება მივიღეთ, ვიცოდით, რომ ეს არ იქნებოდა მარტივი გზა. მაგრამ ისიც ვიცოდით, რომ ეს იყო იმედი…

 

მე ვიცი, რომ ის ეკრანზე მკაცრი და შეუპოვარი ჩანს. ჩემთვის ის უბრალოდ უფროსი მეგობარია, ძალიან ძლიერი ადამიანი, რომელიც ყველაზე მძიმე, ყველაზე რთულ მომენტებშიც სხვებს ამშვიდებს, ადამიანი, რომელსაც ბევრმა უღალატა, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ მათაც პატიობს, ადამიანი, რომელიც არასოდეს ხიბლში არ ვარდება, იმიტომ, რომ ზუსტად იცის, ყველაფერი დროებითია, ადამიანი, რომელიც იცით ყველაზე მეტად რითია ძლიერი? სიმართლით. და ადამიანი, რომელმაც მე პირადად მასწავლა, რომ საკუთარ თავთან კომპრომისზე არ უნდა წახვიდე და რომ არასოდეს, არავისთან მორალური უპირატესობა არ უნდა დაკარგო… 

 

აი, ამიტომ – გიორგი გახარია”, – წერს ბუჩუკური სოციალურ ქსელში.

 

<iframe src=”https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fanna.buchukuri.585%2Fposts%2F245727974265940&show_text=true&width=500″ width=”500″ height=”754″ style=”border:none;overflow:hidden” scrolling=”no” frameborder=”0″ allowfullscreen=”true” allow=”autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share”></iframe>

Advertisement