Logo

პატრიარქი - ამქვეყნად რჩება ელდარ შენგელაიას დიდებული ფილმები, რომლებიც შეახსენებენ საზოგადოებას, რომ სიცოცხლის ნამდვილი აზრი სიკეთის მსახურებაშია

საზოგადოება
311
Frontnews image description

ამქვეყნად რჩება ელდარ შენგელაიას ნაღვაწი, მისი დიდებული ფილმები, რომლებიც სხვადასხვა სახით ყოველთვის შეახსენებენ საზოგადოებას იმ ჭეშმარიტებას, რომ სიცოცხლის ნამდვილი აზრი სიკეთის მსახურებაშია, - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის სამძიმრის წერილშია აღნიშნული.

პატრიარქის განცხადებით, დიდმა ტკივილმა და სიცოცხლის აზრის ძიებამ ელდარ შენგელაია ღმერთამდე მიიყვანა და მორწმუნე  ქრისტიანი გახადა.

"ჩვენი თაობის ფრიად სახელოვანმა წარმომადგენელმა, ბატონმა ელდარ შენგელაიამ, წუთისოფელი დატოვა და მარადისობის მკვიდრი გახდა.

ყველას და რა თქმა უნდა, ჩვენც გული შეგვტკივა გამორჩეული შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებულ დიდ პიროვნებასთან განშორების გამო; მაგრამ ამქვეყნად რჩება მისი ნაღვაწი, მისი დიდებული ფილმები, რომლებიც სხვადასხვა სახით ყოველთვის შეახსენებენ საზოგადოებას იმ ჭეშმარიტებას, რომ სიცოცხლის ნამდვილი აზრი სიკეთის მსახურებაშია.

ბატონმა ელდარმა, ისევე, როგორც ათეისტურ პერიოდგამოვლილთა დიდმა ნაწილმა, რთული შინაგანი ცხოვრება განვლო, რასაც ქალიშვილთან განშორების უმძიმესი განსაცდელიც დაემატა.

ამ დიდმა ტკივილმა და სიცოცხლის აზრის ძიებამ იგი ღმერთამდე მიიყვანა და მორწმუნე  ქრისტიანი გახადა. ამაზე მნიშვნელოვანი კი არაფერია ადამიანის ცხოვრებაში.

აღვავლენთ ლოცვებს ბატონი ელდარისათვის, რათა უფალმან მისი უკვდავი სული სავანესა მართალთასა დააწესოს და წიაღსა შინა აბრაამისასა განუსვენოს, ხოლო მის გულითად მეგობარსა და მეუღლეს, ქ-ნ ნელის, მის შვილებს, ოჯახის სხვა წევრებს, ახლობლებსა და გულშემატკივართ მიმადლოს შინაგანი  მშვიდობა და ბატონი ელდარისათვის ლოცვის ძალა", - აღნიშნულია კათოლიკოს-პატრიარქი წერილში.

კინორეჟისორი ელდარ შენგელაია 92 წლის ასაკში 4 აგვისტოს გარდაიცვალა.

თაგები:

პატრიარქი
Advertisement