პატრიარქი - გთხოვთ, ილოცოთ ჩემთვის, ილოცეთ ჩვენი ეკლესიის მომავლისთვის

ავტორი
Front News საქართველო
მადლობა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიის წმინდა სინოდის მღვდელმთავრებს ჩემდამი გამოჩენილი ესოდენ დიდი ნდობისთვის.ინტრონიზაცია შედგება ხვალ სვეტიცხოველში, მსახურება დაიწყება დილის 10:00 საათზე. ახლა კი მადლობა შევწიროთ ღმერთს, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს ახალმა კათოლიკოს-პატრიარქმა შიო მესამემ განაცხადა.
მისივე თქმით, პატრიარქობის ჯვარი არის მადლიანი და თან საპასუხისმგებლო.
"მადლობა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიის წმინდა სინოდის მღვდელმთავრებს ჩემდამი გამოჩენილი ესოდენ დიდი ნდობისთვის. თითოეულ ადამიანს, ვინც დაუღალავად იღვაწა დღევანდელი კრების ღირსეულად წარმართვისთვის, ყველა დელეგატს და სტუმარს. განსაკუთრებული მადლობა ქართველ ხალხს სიყვარულისთვის, ლოცვისა და თანადგომისთვის. ასევე, მინდა მადლობა გადავუხადო სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიის სამღვდელოებას და მრევლს გამოვლენილი სიყვარულისთვის და მათთან ერთად ღვთისა და ერის წინაშე გატარებული წლებისთვის.
დიდი მადლია და წყალობა ღვთისა, ამავდროულად, მძიმეა მწყემსმთავრობის ჯვარი და პასუხისმგებლობა. შეუძლებელია, უფლის განგებულების გამოცნობა და პასუხის მოძიება კითხვაზე - თუ რატომ ინება ასეთი დიდი მადლის და მსახურების მოცემა და დაკისრება ჩემთვის.
ვაცნობიერებ, რომ მაქვს, ერთი მხრივ, ამ წოდების პატივი და მეორე მხრივ, ჩემი ადამიანური სიმწირე და უძლურება.
ვმსახურებ ყოვლადმოწყალე უფალს, ყოვლადწმინდა დედა ღვთიმსშობელს, წმინდანთა დასს, ჩვენს წინამორბედ კათოლიკოს-პატრიარქთა ლოცვას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ლოცვას, სიყვარულს.
გთხოვთ, ილოცოთ ჩემთვის, ილოცეთ ჩვენი ეკლესიის მომავლისთვის, რათა ერთობით, მშვიდობით და სიყვარულით ვადიდოთ უფალი და ღირსეულად გავაგრძელოთ მსახურება ეკლესიისა და ერის საკეთილდღეოდ.
მოგეხსენებათ, დღეს ჩვენ უნდა გამოვაცხადოთ ინტრონიზაციის თარიღი. ტრადიციის მიხედვით, გამორჩევის შემდეგ პირველივე კვირას თუ დიდ დღესასწაულზე უნდა ისაყდროს კათოლიკოს-პატრიარქი, ამიტომ, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ უახლოესი ასეთი დღესასწაული, რომელიც გახლავთ ხვალ - წმინდა ადნრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლა და საქართველოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვდომილობისადმი დღესასწაული - ამიტომ, ინტრონიზაცია შედგება ხვალ სვეტიცხოველში, მსახურება დაიწყება დილის 10:00 საათზე. ახლა კი მადლობა შევწიროთ ღმერთს", - განაცხადა პატრიარქმა შიო მესამემ.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე დღეს საქართველოს ახალ, 142-ე კათოლიკოს-პატრიარქად მეუფე შიო აირჩიეს. მღვდელმთავრებმა სამ კანდიდატს შორის გააკეთეს არჩევანი. კენჭისყრის შედეგად კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) 22 ხმა მიიღო, მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) ცხრა ხმა, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა (ბერბიჭაშვილი) შვიდი ხმა. გაფართოებულ კრებაზე ხმის უფლებით სარგებლობდნენ მხოლოდ წმინდა სინოდის წევრები. კენჭისყრაში სინოდის 38-მა წევრმა მიიღო მონაწილეობა, ერთი ხმა გაუქმდა.





