პესკოვი - ეს ახალი ცვლილებებია, ჩვენ უნდა ვიფიქროთ ამაზე


ავტორი
Front News საქართველო
კრემლში აცხადებენ, რომ განიხილავენ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის იდეას, რომელსაც მხარი დაუჭირეს ევროპელმა ლიდერებმა და აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.
პუტინის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის თქმით, ვლადიმერ პუტინმა რამდენიმე დღის წინ სამდღიანი "ცეცხლის შეწყვეტა“ გამოაცხადა და კიევს ახლა სურს, რომ სამი დღე 30 დღემდე გადაიზარდოს.
"ჩვენ ამაზე უნდა ვიფიქროთ. ეს ახალი ცვლილებებია. ამიტომ, ჩვენ გვაქვს ჩვენი პოზიცია. დიახ, რა თქმა უნდა, ვხედავთ, რომ ევროპა გვეწინააღმდეგება. ევროპა რეალურად ძალიან ღიად გვეწინააღმდეგება. ჩვენ ამას ვგრძნობთ, ვიცით და უკვე შევეჩვიეთ.
ჩვენ უკვე შევეჩვიეთ სანქციებს. უკვე წარმოგვიდგენია, რას ვიზამთ ამ სანქციების გამოცხადების შემდეგ, როგორ შევამციროთ მათი შედეგები და ა.შ. ჩვენ ეს ვისწავლეთ, ამიტომ ამ სანქციებით ჩვენი დაშინება დროის ფუჭად კარგვაა“, - განაცხადა პესკოვმა.
გერმანიის ახალი კანცლერი ფრიდრიხ მერცი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი და პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი კიევში ჩავიდნენ. შეხვედრის შემდეგ, ევროპელმა ლიდერებმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს დაურეკეს.
საბოლოოდ შეხვედრის მონაწილეებმა რუსეთს ცეცხლის შეწყვეტაზე დათანხმების ბოლო ვადა დაუწესეს.
ცნობილია, რომ უკრაინა და მისი ყველა მოკავშირე მზად არიან 12 მაისიდან ხმელეთზე, ჰაერსა და ზღვაზე სრული, უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის, სულ მცირე 30 დღის განმავლობაში.
თაგები:
დიმიტრი პესკოვი