Logo

ფალსიფიცირებული თევზის კონსერვის დამზადება-გასაღების ფაქტზე საწარმოს ხელმძღვანელი დააკავეს

სამართალი
369
Frontnews image description

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი ფალსიფიცირებული პროდუქციის დამზადება-გასაღების ფაქტზე, შპს „ბატონოს“ ხელმძღვანელი დააკავეს. 

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, 2025 წელს, სახელმწიფო ტენდერის საფუძველზე გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, 380 792 ლარის ღირებულების 24 177.3 კილოგრამი თევზის კონსერვი მიაწოდა სასაზღვრო პოლიციასა და შპს „სახელმწიფო კვებით უზრუნველყოფას“. აღნიშნული პროდუქცია განკუთვნილი იყო საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების თანამშრომელთა კვებისთვის. 

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მათ შორის საწარმოს ჩხრეკისას, ამოღებულია 17 241 ერთეული ფალსიფიცირებული თევზის კონსერვი. ასევე დადგინდა, რომ პროდუქციის დამზადებისა და ნედლეულის შენახვის პირობები კრიტიკულად არ შეესაბამებოდა სურსათის უსაფრთხოების მოთხოვნებს. 

ამოღებულ პროდუქტებზე ჩატარებული ქიმიური და მიკრობიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, კონსერვი არ აკმაყოფილებს მიკრობიოლოგიურ სტანდარტებს და უვარგისია მოხმარებისთვის. რიგ შემთხვევებში ექსპერტიზის ჩატარება ვერ მოხერხდა, რადგან პროდუქცია მაღალი ტოქსიკურობის გამო საფრთხეს უქმნიდა თავად ექსპერტის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. 

გარდა ამისა, დადგინდა, რომ კონსერვის შიგთავსი, თევზის ხორცის მასური წილით და ენერგეტიკული ღირებულებით, არ შეესაბამება ეტიკეტზე მითითებულ მონაცემებს. 

საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც თავისუფლების 5-დან 7 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს. 

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აგრძელებს აქტიურ საგამოძიებო მოქმედებებს სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველი პროდუქციის გამოვლენისა და ამოღების მიზნით", - განაცხადა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სამმართველოს უფროსის მოადგილემ გუგა თავბერიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები