პისტორიუსი - გერმანია უკრაინაში დამატებით ხუთი PAC-3 ტიპის რაკეტების გაგზავნას გეგმავს, თუ სხვა ქვეყნები სულ 30 PAC-3-ს გაგზავნიან

ავტორი
Front News საქართველო
გერმანია უკრაინაში დამატებითი PAC-3 ტიპის რაკეტების გაგზავნას გეგმავს, რომლებიც Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებში გამოიყენება, - ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"გერმანია უკრაინაში დამატებით ხუთი PAC-3 ტიპის ჩამჭრელი რაკეტების გაგზავნას გეგმავს, თუ სხვა ქვეყნები სულ 30 PAC-3-ს გაგზავნიან. ყველამ ვიცით, რომ ეს სიცოცხლის გადარჩენას ნიშნავს... ცის დაცვა ჩვენი მხარდაჭერის ერთ-ერთი პრიორიტეტია. გერმანიამ 12 Patriot-ის სისტემიდან ხუთი გადასცა. ჩვენ ასევე მივაწოდეთ IRIS-T სისტემები“, - განაცხადა პისტორიუსმა.
უკრაინის თავდაცვის მინისტრმა მიხაილ ფედოროვმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ საკონტაქტო ჯგუფის მონაწილე ქვეყნებმა კიევს ჯამში 38 მილიარდი დოლარის დახმარება აღუთქვეს.
"დღეს ჩვენმა კოლეგამ ბორის პისტორიუსმა ფანტასტიკური ინიციატივა გააჟღერა და მე მჯერა, რომ ეს დაგვეხმარება მალე მივიღოთ დამატებითი PAC-3 რაკეტები, იმ რაკეტებთან ერთად, რასაც PURL პროგრამის მეშვეობით მივიღებთ.
დღეს უკრაინის პარტნიორებმა გამოაცხადეს PURL პროგრამისთვის 500 მილიონი დოლარის გამოყოფის შესახებ. ეს თანხები გამოყენებული იქნება, კერძოდ, შეერთებული შტატებისგან PAC-3 რაკეტების შესაძენად.
ხედავთ, რომ რუსეთი 20-მდე ბალისტიკურ რაკეტას უშვებს... ანუ დაახლოებით ას რაკეტას ერთ შეტევაზე. და არ მგონია, რომ მსოფლიოში არსებობდეს საჰაერო თავდაცვის სისტემა, რომელიც მზად იქნება ამდენი რაკეტის წინააღმდეგ საბრძოლველად. ამიტომ, ჩვენი მიზანია PAC-2 და PAC-3 რაკეტების შოვნა", - განაცხადა ფედოროვმა.
მისივე თქმით, პრობლემებია SAMP/T სისტემების რაკეტებთან დაკავშირებითაც. ევროპამ უნდა გაზარდოს ასეთი იარაღის წარმოება.
"მთელმა მსოფლიომ უნდა ითანამშრომლოს უკრაინასთან და უკრაინამ მთელ მსოფლიოსთან, რათა შეიქმნას მეტი PAC-3 რაკეტა ან მსგავსი რაკეტები მსგავსი თავდასხმებისგან თავის დასაცავად“, - განაცხადა ფედოროვმა.
Patriot Advanced Capability-2 (PAC-2) და Patriot Advanced Capability-3 (PAC-3) რაკეტები საჰაერო თავდაცვის სისტემების ორი განსხვავებული თაობაა, რომლებიც მნიშვნელოვნად განსხვავდებიან სამიზნეების განადგურების მეთოდით.





