პოლიციის განყოფილებაში მოქალაქეებზე ფიზიკური ძალადობის ბრალდებით შსს-ს სამი ყოფილი თანამშრომელი დააკავეს

ავტორი
Front News საქართველო
პროკურატურამ ძალადობით, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს სამი ყოფილი თანამშრომელი დააკავა.
"აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურაში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2022 წლის ივლისში, შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის სამი თანამშრომელი სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულების მიზნით მივლინებულები იყვნენ აჭარის რეგიონში. ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე მუშაობისას, აღნიშნულმა პირებმა, ქობულეთის რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში სამი მოქალაქე მიიყვანეს, რა დროსაც გადაამეტეს სამსახურებრივ უფლებამოსილებას, მიაყენეს მათ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რითაც არსებითად დაარღვიეს ფიზიკური პირების უფლებები და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესები.
ფაქტზე გამოძიება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მომართვის საფუძველზე დაიწყო.
სამივე ბრალდებული 2026 წლის 23 თებერვალს, სასამართლო განჩინების საფუძველზე დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ძალადობით, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება) წარედგინება, რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების 5-დან 8 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს", - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.





