პროკურატურამ თაღლითობის და ფულის გათეთრების ბრალდებით ჩინეთის მოქალაქის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო

ავტორი
Front News საქართველო
პროკურატურამ საინვესტიციო თაღლითობაზე დაფუძნებული დანაშაული გამოავლინა და თაღლითობის და ფულის გათეთრების ბრალდებით სისხლისსამართლებრივი დევნა ერთი პირის მიმართ დაიწყო.
"ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2023 წელს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მოქალაქემ, პლატფორმა mindraygel1.com-ის გამოყენებით, საქართველოში აამოქმედა დანაშაულებრივი სქემა და პოტენციურ კლიენტებს მოგების სწრაფად მიღებას სამედიცინო პრეპარატების და ტექნიკის ვირტუალურად შეძენაში თანხის დაბანდების გზით სთავაზობდა.
რეალურად საინვესტიციო პროექტი წარმოადგენდა ფინანსურ პირამიდას, რომლის მიზანს დიდი რაოდენობით მომხმარებლის მოზიდვა და მათი მხრიდან თანხების თითქოსდა ინვესტირება წარმოადგენდა.
დანაშაულებრივი საქმიანობის ფარგლებში, ბრალდებული მოტყუებით დაეუფლა საქართველოს 56 მოქალაქის კუთვნილ 394 853 ლარს, რის შემდგომაც უკანონოდ დაუფლებული თანხების სხვადასხვა ანგარიშებზე გადატანის, წარმომავლობის შენიღბვის, კრიპტოვალუტად გარდაქმნის და სხვადასხვა საფულეებზე გადატანის ოპერაციებით, ბრალდებულმა მოახდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია.
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მოქალაქის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა თაღლითობის და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე დაუსწრებლად დაიწყო, რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების 9-დან 12 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
საქმეზე გრძელდება გამოძიება და გატარდება შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები, ბრალდებულის ადგილსამყოფლის დადგენის, დაკავების და საქართველოში ექსტრადირების მიზნით", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
თაგები:
პროკურატურა




