Logo

პროკურორი - 2019 წლის 20-21 ივნისის საქმეზე ჩატარდება ყველა მოქმედება, რაც ემსახურება სტრასბურგის სასამართლოს რეკომენდაციების შესრულებას 

სამართალი
163
Frontnews image description

2019 წლის 20-21 ივნისის საქმეზე რუსთაველის გამზირზე ჩატარდება ყველა მოქმედება, რაც ემსახურება სტრასბურგის სასამართლოს რეკომენდაციების შესრულებას, – ამის შესახებ პროკურორმა მარიამ ბერძენიშვილმა უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, კონკრეტული პირის პასუხისმგებლობის საკითხი თუკი გამოიკვეთება, მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება.

"ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე 2019 წლის 20-21 ივნისს თბილისში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვასა და აღდგენაში შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან უფლებამოსილების ძალადობით და იარაღით გადამეტების ფაქტებზე. სასამართლომ დაადგინა მესამე მუხლის დარღვევა მხოლოდ პროცედურულ ნაწილში და ამავე გადაწყვეტილებით, სახელმწიფოს დაევალა გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, მათ შორის დაზარალებულების მონაწილეობით.

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საგამოძიებო ექსპერიმენტი დაზარალებულის მონაწილეობით ტარდება, რათა სრულად იყოს აღდგენილი სურათი. დაზარალებულმა უნდა მიუთითოს გარკვეული დეტალები, როგორ განვითარდა მოვლენები. ამ მიზნით არიან ადგილზე მოწვეული ექსპერტ-კრიმინალისტები. კონკრეტული ვადის თქმა ამა თუ იმ საქმეზე, თუნდაც ამ სისხლის სამართლის საქმეზე, როდის შეიძლება, დასრულდეს, წარმოუდგენელია. ცალსახად შემიძლია, ვთქვა, რომ საქმეზე ჩატარდება ყველა ის საგამოძიებო, თუ საპროცესო მოქმედება, რაც ემსახურება სტრასბურგის სასამართლოს რეკომენდაციების შესრულებას, ასევე ჩატარდება სხვა ნებისმიერი საჭირო საგამოძიებო მოქმედება, რაც გამოიკვეთება, რათა სრულად აღდგეს სურათი. თუკი გამოიკვეთება კონკრეტული პირის პასუხისმგებლობის საკითხი და იქნება მტკიცებულებითი სტანდარტი, რა თქმა უნდა, მიღებული იქნება გადაწყვეტილება კანონის შესაბამისად.

აქტიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარეც მეტ დეტალში ვერ შევალ. შემიძლია, დაგიდასტუროთ, რომ ყველა ის ღონისძიება, რაც საჭიროა გამოძიების წინ წასასვლელად, თუ გამოიკვეთება კონკრეტული პირის პასუხისმგებლობა, მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება და პროკურატურა ამისთვის ყველაფერს გააკეთებს“, – განაცხადა მარიამ ბერძენიშვილმა.

 

Advertisement