პროტესტი, ხმაურიანი დაკავებები და პატიმრობები - 2025 წლის მოკლე შეჯამება

ავტორი
Front News საქართველო
Front News 2025 წელს საქართველოში განვითარებული მოვლენების მოკლე მიმოხილვას გთავაზობთ:
1 იანვარს 400 დღე ხდება ქვეყანაში მიმდინარე პროტესტიდან, რომელიც რუსთაველზე 2024 წლის ბოლოს დაიწყო და დღემდე გრძელდება. 400 დღის განმავლობაში ჩატარდა არაერთი მსვლელობა, საპროტესტო აქცია და მარში, დააკავეს ასობით ადამიანი, მათი ნაწილი ამ დრომდე პატიმრობაში.
ხელისუფლებამ პროტესტს არაერთი საკანონმდებლო ცვლილება დაუპირისპირა, თუმცა 400-დღიანი უწყვეტი პროტესტის მონაწილეები 2026 წლის 1 იანვარს კვლავ რუსთაველზე შეხვდებიან.
მიმდინარე წელს "ქართულმა ოცნებამ" შექმნა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც ცოტა ხნის წინ ბეჭდური სახით გამოიცა. კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო რამდენიმე ოპოზიციონერი პოლიტიკოსი დღემდე დაკავებულია.
2025 წლის მნიშვნელოვანი საკითხია "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლის მზია ამაღლობელის დაკავებაც, რომელიც 11 იანვარს ბათუმში გამართულ საპროტესტო აქციაზე ბათუმის პოლიციის მაშინდელი უფროსის ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო დააკავეს და აგვისტოში 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად არაერთ ქალაქში გაიმართა საპროტესტო აქციები. 22 ოქტომბერს მას სახაროვის პრემია მიენიჭა.
მიმდინარე წელს პატიმრობა მიესაჯათ საპროტესტო აქციებზე დაკავებულ აქტივისტებს და სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს, მათ შორის მსახიობ ანდრო ჭიჭინაძეს. მისი დაკავების შემდეგ ახალმა თეატრმა საპროტესტო მანიფესტი წარადგინა, რეჟისორმა დავით დოიაშვილმა კი განაცხადა, რომ ახალი თეატრი რეგიონებში გადიოდა. აქედან 3 თვეში, კულტურის სამინისტრომ დოიაშვილი პოსტიდან მოხსნა, რადგან “ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო”.
პარალელურად ოპოზიცია ევროპასა და ამერიკაში ბიძინა ივანიშვილის და "ქართული ოცნების" წარმომადგენლების დასანქცირების მოთხოვნით შეხვედრებს მართავდა. ევროპის რიგმა ქვეყნებმა ხელისუფლების რიგ წარმომადგენლებს სანქციები დაუწესეს. ევროკავშირმა ქართული დიპლომატიური პასპორტების მქონე პირებს უვიზო რეჟიმი შეუჩერა. 29 იანვარს კი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რეზოლუცია მიიღო, რომელიც "ქართული ოცნებისგან" ვადამდელი არჩევნების დანიშვნასა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვდა.
2025 წელი გამოირჩეოდა არაერთი ხმაურიანი დაკავებით, მათ შორის ხელისუფლების ყოფილი წარმომადგენლებით თუ მხარდამჭერებით. დააკავეს თანაინვესტირების ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი ბაჩიაშვილი, ბიზნესმენი გიორგი ჩიკვილაძე. ყოფილი მაღალჩინოსნები - თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, სუსის ყოფილი ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი, დაკავებული არიან მინისტრების ყოფილი მოადგილეებიც. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ მრავალწლიანი პატიმრობა ემუქრებათ. ასევე, გამოძიება გრძელდება არაერთ სხვა საქმეზე.
მიმდინარე წლის მარტში სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. ასევე, სასჯელის შთანთქმის ნაცვლად, შეკრებითობის პრინციპი გამოიყენეს საზღვრის კვეთის საქმეზე და ჯამში 12 წელი და 6 თვე მიესაჯა. მოგვიანებით საქართველოს მესამე პრეზიდენტი "ვივამედიდან" რუსთავის საპყრობილეში გადაიყვანეს.
15 მარტს, ჭავჭავაძის გამზირზე მოკლეს ბიზნესმენი ლევან ჯანგველაძე, დააკავეს გელა უძილაური, რომელსაც მოგვიანებით უვადო პატიმრობა მიესაჯა, რამდენიმე დღის წინ კი ცნობილი გახდა, რომ მკვლელობის შემკვეთი ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძე იყო, რომელსაც დაუსწრებლად შეეფარდა პატიმრობა. ის ამჟამად რუსეთის ფედერაციაში იმალება. ადვოკატი აცხადებს, რომ ის ბრალს არ აღიარებს.
4 აპრილს თანამდებობიდან გადადგა აჭარის მთავრობის ხელმძღვანელი თორნიკე რიჟვაძე. რამდენიმე თვეში ცნობილი გახდა, რომ მან სავარაუდოდ, თვითმკვლელობა სცადა. მოგვიანებით ის სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით კი, რიჟვაძე ოჯახთან ერთად გერმანიაში იმყოფება.
6 მაისს "ქართული ოცნების" ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარედ ისევ ირაკლი კობახიძე აირჩიეს. ასევე დამტკიცდა 15-კაციანი პოლიტსაბჭოც.
მაისშივე პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო შეფარდებული გირაოს გადაუხდელობისთვის ირაკლი ოქრუაშვილს და ზურაბ ჯაფარიძეს პატიმრობა შეუფარდეს.
28 მაისს შს მინისტრი ვახტანგ გომელაური გადადგა, ახალ შინაგან საქმეთა მინისტრად გელა გელაძე დაინიშნა.
ივნისში პოსტები დატოვა საპატრულო პოლიციის დირექტორმა ვაჟა სირაძემ, რომელმაც გადაინაცვლა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად, კრიმინალური პოლიციის დირექტორმა თეიმურაზ კუპატაძემ და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ლაშა გოგნიაშვილმა. პოსტი დატოვა "ხარებამაც", რომელსაც აქციის მონაწილეები მოქალაქეების მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით მოქცევაში ადანაშაულებენ.
ამავე თვეს პარლამენტის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო ზურაბ ჯაფარიძეს, გიორგი ვაშაძეს და გივი თარგამაძეს 7-7 თვით პატიმრობა მიესაჯათ, მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძეს, ნიკა მელიას, ნიკა გვარამიას (ივლისში) და ირაკლი ოქრუაშვილს (ივლისში) 8-8 თვით. ოქრუაშვილს ციხეში ახალი ბრალიც წარუდგინეს - სიცოცხლის მოსპობის მუქარის მუხლით, "2 წლის წინანდელ, რაღაც ბანალურ, ყოფით თემაზე”. ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე კი რამდენიმე თვეში, წინასაარჩევნოდ მიხეილ ყაველაშვილმა შეიწყალა.
14 ივლისის საღამოს ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიის საცხოვრებელი სახლის ბოლო სართული ჩამოინგრა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. დაიღუპა ორი ადამიანი.
ივლისში 4.5-თვიანი მუშაობის შემდეგ, სუსის უფროსის პოსტი დატოვა ანრი ოხანაშვილმაც, ის ამ თანამდებობაზე მამუკა მდინარაძემ შეცვალა.
პროკურატურის მოთხოვნით, სასამართლომ ყადაღა დაადო 7 არასამთავრობო ორგანიზაციას. ე.წ საბოტაჟის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში “დაადგინეს”, რომ NGO-ებმა აქციებზე “კანონსაწინააღმდეგო ქმედებები” დააფინანსეს.
აგვისტოში ამოიწურა ვადა, რომელიც ევროკომისიამ "ქართულ ოცნებას" მისცა რეკომენდაციების შესასრულებლად.
წინასაარჩევნო კამპანიის დროს "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატის კახა კალაძის ბანერს ელენე ხოშტარიამ "რუსული ოცნება" დააწერა. საარჩევნო ბანერის დაზიანების ბრალდებით, "დროას" ლიდერი დააკავეს. მას 5 000-ლარიანი გირაოს გადახდა დაეკისრა. ხოშტარიამ პროტესტის ნიშნად უარი თქვა დაცვაზე, არ გამოცხადდა სასამართლოში, არ გადაიხადა გირაო და ის ამ დრომდე საპატიმროშია.
4 ოქტომბერს საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა, რომელშიც მხოლოდ რამდენიმე ოპოზიციურმა პარტიამ მიიღო მონაწილეობა.
ერთწლიანი ბოიკოტის შემდეგ, გიორგი გახარიას პარტიამ პარლამენტში შესვლა გადაწყვიტა, რასაც ოპოზიციის უკმაყოფილება მოჰყვა.
4 ოქტომბრის საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით დააკავეს ათობით მოქალაქე, მათ შორის პოლიტიკური ლიდერებიც - ლევან ხაბეიშვილი, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე, პაატა ბურჭულაძე. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით რამდენიმე დღის წინ ასევე დააკავეს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია.
17 ოქტომბერს გახდა ცნობილი, რომ ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის და ოთარ ფარცხალაძის, ასევე, მათთან დაკავშირებული 8 პირის სახლებში ჩხრეკა ჩატარდა. სუსის ცნობით, ამოიღეს 7 002 200 აშშ დოლარი და 136 000 ლარი, ძვირფასი ნაკეთობები და საათები, ძვირად ღირებული ნახატები, დოკუმენტაცია, მობილური ტელეფონები და ელექტრომოწყობილობები. 23 ოქტომბერს დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავი ანდრია ლილუაშვილი დააკავეს. იმავე დღეს ცნობილი გახდა, რომ მოწმის სახით გამოკითხეს ექსპრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი. უკვე მეორე დღეს მას "შემოსავლების უკანონოდ ლეგალიზების" გამო ბრალდება წარედგინა. პროკურატურამ ღარიბაშვილისთვის მილიონლარიანი გირაო შეფარდება და პასპორტის ჩამორთმევა მოითხოვა, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა. თავად ღარიბაშვილი ბრალს დაეთანხმა და თქვა, რომ სათქმელი არაფერი აქვს. ღარიბაშვილმა გირაოს უზრუნველყოფისთვის მოსაშვილზე მდებარე ბინა ჩადო.
30 ოქტომბერს დააკავეს ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრის ირაკლი ქარსელაძის მოადგილე კობა გაბუნია.
ოქტომბერში კლინიკაში სამკვირიანი კომის შემდეგ გარდაიცვალა ახალგაზრდა მასწავლებელი გიგა ავალიანი, რომელსაც რამდენიმე არასრულწლოვანი დაესხა თავს. საქმეზე რამდენიმე პირია დაკავებული. გიგა ავალიანის დედა ამ დრომდე ითხოვს შვილის მკვლელობაში ყველა ბრალდებული დაკავებას.
ნოემბერში ევროკომისიის გაფართოების ანგარიში გამოქვეყნდა, სადაც აღნიშნული იყო, რომ საქართველომ ბოლო წლის განმავლობაში "კიდევ უფრო გადაუხვია ევროკავშირის გზიდან".
29 ნოემბერს დააკავეს მოქალაქეების ლიდერი ალეკო ელისაშვილი. შსს-ს ინფორმაციით, მან საქალაქო სასამართლოს კანცელარიის დაწვა სცადა. მას 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
დეკემბერში პარლამენტმა მიიღო განათლების რეფორმის შესახებ კანონი, რომელიც რეალურად უნივერსიტეტების ავტონომიას და სასწავლო გრანტებს აუქმებს. ცვლილების მიხედვით, სკოლებში სწავლა 11-წლიანი იქნება, ბაკალავრიატში 3-წლიანი, ხოლო მაგისტრატურაზე - 1-წლიანი. ასევე, ერთ ქალაქში სახელმწიფო უნივერსიტეტში მხოლოდ ერთი ფაკულტეტი უნდა იყოს. რაც შეეხება საზღვარგარეთ სწავლას, რომელიც 12-წლიან განათლებას ითხოვს, მოსწავლეებს რეგისტრაციის შემდეგ მეთორმეტე კლასის ნებაყოფლობით გავლა შეეძლებათ.
ევროკომისიის მიერ 19 დეკემბერს გამოქვეყნებულ ანგარიშში, რომელიც პარტნიორი ქვეყნების მხრიდან უვიზო მიმოსვლის ვალდებულებების დაცვას ეხება, წერია, რომ საქართველომ, საბოლოო ჯამში, შესაძლოა, უვიზო ქვეყნის სტატუსი მთლიანად დაკარგოს.
რაც შეეხება მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს - ამ დრომდე გრძელდება რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ. აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადების მიუხედავად, რომ ომს 24 საათში დაასრულებდა, რუსეთი ამ დრომდე აგრძელებს უკრაინის მშვიდობიანი ქალაქების დაბომბვას და დიპლომატიური ძალისხმევების ჩაშლას. უკრაინა სამართლიან მშვიდობას და მყარ გარანტიებს მოითხოვს.
თაგები:
2025 წლის შეჯამება




