Logo

ქუთაისში იმერული ღვინის კონკურსში გამარჯვებული კომპანიები დააჯილდოვეს

საზოგადოება
758
Frontnews image description

ქართული ღვინის გილდიის ეგიდით, DMO იმერეთისა და  იმერული ღვინის ასოციაციის ორგანიზებითა და გამომცემელი მედიაკომპანია N Line Media მხარდაჭერით თბილისში  „იმერული ღვინის კონკურსი“ გაიმართა.  კონკურსის მიზანი იმერული ღვინის პოპულარიზაცია და იმერული ვაზის ჯიშის ყურძნისგან წარმოებული მაღალი ხარისხის ღვინოების წარმოჩენა იყო.

 

კონკურსზე, რომელიც 100-ქულიანი სისტემით ჩატარდა, “ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) – რეზოლუციის (RESOLUTION OIV/CONCOURS 332A/2009) სტანდარტების მიხედვით, ადგილობრივი და საერთაშორისო გამოცდილების მქონე პროფესიონალი დეგუსტატორების მიერ დაგემოვნდა და შეფასდა 49 მწარმოებლის  85 ღვინის ნიმუში. აქედან 80 და ზემოთ ქულა მიიღო – 37-მა ნიმუშმა. 90 ქულა და ზემოთ მიიღო – 10 მა ნიმუშმა. გაიცა 5 ბრინჯაო, 8 ვერცხლი, 19 ოქრო, 5 დიდი ოქრო. განსაკუთრებით აღსანიშნავია მეღვინეობები, რომლებსაც რამდენიმე  ნიმუში და  შესაბამისად  რამდენიმე  მაღალი  ქულა  აქვთ მიღებული – ჭური ჩინებული,  საზანოს ღვინის მარანი, მეღვინეობა ნიოსები,  ვილა მოსავალი, უჩას ღვინო. 

 

გრან-პრის მფლობელები გახდნენ მეღვინეობები „ზოდი“, “ჭური ჩინებული“, „ბაგრატის ღვინო“, „მარანი ნიოსები“, საზანოს ღვინის მარანი.

 

30 აპრილს ქუთაისში, სასტუმრო „King David“-ში კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართა. გამარჯვებულებს ბროლის ჯილდოები და სერთიფიკატები გადაეცათ.

 

“იმერელი და ზოგადად ქართველი მეღვინეები არიან ის ადამიანები, ვის მხრებზეც დგას ჩვენი ქვეყანა და ტურიზმი. ლომის წილი მიუძღვის ქართულ ღვინოს და სამზარეულოს ტურიზმის განვითარებისა და ტურისტების მოზიდვის საქმეში. ამ კონკურსის არსი და მთავარი იდეა იყო იმერული ღვინის განსაკუთრებული, დამახასიათებელი ხასიათის პოპულარიზაციის ხელშეწყობა. DMO იმერეთს სამომავლოდ ძალიან დიდი და კარგი გეგმები აქვს იმერულ ღვინოსთან დაკავშირებით. ჩვენის მხრივ, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მსგავსი ღონისძიებებით სტიმული მივცეთ და ხელი შევუწყოთ იმერულ საოჯახო მარნებსა თუ დიდ მეღვინეობებს ამ საქვეყნო საქმეში“, –  განაცხადა DMO იმერეთის აღმასრულებელმა დირექტორმა მარი დევიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები