Logo

ქუთაისში ვასილ კიკვიძის ძეგლის დემონტაჟთან დაკავშირებით სამართლებრივი ბრძოლა დაიწყეს

საზოგადოება
247
Frontnews image description

ქუთაისის სამოქალაქო აქტივისტებმა არასამათავრობო ორგანიზაციებთან ერთად ვასილ კიკვიძის ძეგლის დემონტაჟთან დაკავშირებით, სამართლებრივი ბრძოლა დაიწყეს. შესაბამისი მიმართვა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მათ უკვე შეიტანეს. 

აქტივისტების თქმით, აღნიშნული ძეგლის ქვეყნის ტერიტორიაზე, საჯარო სივრცეში არსებობა ეწინააღმდეგება საქართველოს კანონს "თავისუფლების ქარტიის“ შესახებ, რომელიც მკაცრად განსაზღვრას, რომ დაუშვებელია კომუნისტური ტოტალიტარული იდეოლოგიის საკულტო ნაგებობების, ძეგლების, მონუმენტების, ბარელიეფების, წარწერების, ქუჩებისა და მოედნების არსებობა. 

აქტივისტები ითხოვენ, შეიქმნას სპეციალურ კომისია, რომელიც დაუყონებლივ მოახდენს რეაგირებას, ხელს შეუწყობს საქართველოს კანონმდებლობის აღსრულებას და დაავალებს შესაბამის სამსახურებს (საქართველოს კანონი „თავისუფლების ქარტია“ მუხლი 7. ქვეპუნქტი 6 ) ვასილ კიკვიძის ძეგლის დემონტაჟს.

"დღეს არის საბჭოთა ოკუპაციიდან ზუსტად 100 წლისთავი. ამ დღესთან დაკავშირებით, ჩვენ, სამოქალაქო აქტივისტებმა და ორგანიზაციებმა გადავწყვიტეთ, გაგვეგრძელებინა ბრძოლა კომუნისტური იდეების წინააღმდეგ, რომელსაც ღრმად აქვს ფესვები გადგმული ქართულ და ამ შემთხვევაში ქუთაისურ რეალობასთან. ჩვენ, ბოლო რამდენიმე წელია აქტიურად ვაპროტესტებთ ვასილ კიკვიძის, რუსეთის სამოქალაქო ომის გმირის ძეგლის არსებობას. თუმცა, სამწუხაროდ, ადგილობრივმა თვითმმართველობამ არ მიიღო ყურად და არ ჩათვალა ჩვენი ხმაური ნიშანდობლივად. შესაბამისად, მივმართეთ მეორე ძალას. დავეფუძნეთ საქართველოს კანონმდებლობას, "თავისუფლების ქარტიას", რომელიც კრძალავს ქვეყნის ტერიტორიაზე სახელმწიფო ადგილებში საბჭოთა სიმბოლიკების განთავსებას. ვასილ კიკვიძე ეს არის საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის სახე, ამიტომ ვიწყებთ სამართლებრივ დავას, ძეგლის დემონტაჟის შესახებ. როგორც კანონი განსაზღვრავს, სუსია ვალდებული შექმნას სპეციალური კომისია, რომელიც "თავისუფლების ქარტიას" შესძენს რეალობას და მოხდება აუცილებლად ამ ძეგლის დემონტაჟი", – აცხადებს სამოქალაქო აქტივისტი აკაკი საღინაძე.

ქუთაისში, რუსთაველის ქუჩაზე ერთ-ერთ სკვერში გათავსებული ვასილ კიკვიძის ძეგლის დემონტაჟს, სამოქალაქო აქტივისტები უკვე წლებია, ითხოვენ.

თაგები:

Advertisement