Logo

რამაზ საყვარელიძე - ძირეული ცვლილებები რომ აუცილებელია და განათლების სისტემის განახლება უნდა მოხდეს, ფაქტია, აქ საუბარია ხარისხის გაუმჯობესებაზე

ინტერვიუ
55
Frontnews image description

საქართველოში უმაღლესი განათლების რეფორმის მორიგ ტალღას საზოგადოებრივი მღელვარება მოჰყვა. საუბარია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანებაზე, რამაც აკადემიურ წრეებსა და სტუდენტებში პროტესტი გამოიწვია.

პროფესორ-მასწავლებელთა ნაწილი შიშობს, რომ ეს პროცესი უნივერსიტეტების ავტონომიასა და თვითმყოფადობას დააზიანებს. განათლების სამინისტროს განმარტებით, მიზანი რესურსების ოპტიმიზაცია და აკადემიური ხარისხის ამაღლებაა, თუმცა კრიტიკოსები გადაწყვეტილების მიღების პროცესში გამჭვირვალობის ნაკლებობაზე მიუთითებენ. ამ ეტაპზე, უნივერსიტეტების წარმომადგენლები მართავენ შეხვედრებს სამინისტროსთან, სადაც მხარეები საკუთარ პოზიციებს აფიქსირებენ. სწორედ ამ აქტუალურ თემაზე საუბრობს პოლიტოლოგი და ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე Front News-თან ინტერვიუში.

- ბატონო რამაზ, ორი უნივერსიტეტის შეერთების გადაწყვეტილებამ პროფესორებსა და სტუდენტებს შორის პროტესტი გამოიწვია. პროფესორების ნაწილი ბრძოლას სტუდენტებთან ერთად აანონსებს. ელით, რომ შესაძლოა, ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას ახალი საპროტესტო მუხტი მოჰყვეს? როგორ ფიქრობთ, ამ ეტაპზე არსებობს რაიმე რესურსი, რომ ხელისუფლებამ ისინი საკუთარი გადაწყვეტილების სისწორეში დაარწმუნოს?

- მე არ გამოვრიცხავ, რომ ამ აქციებისა და განწყობების ფონზე ხელისუფლებამ უკან დაიხიოს. ამის თქმის საფუძველს კი კანაფის შესახებ კანონისა და ე.წ. "გამჭვირვალობის კანონის“ პირველი შემთხვევა მაძლევს. ყოველგვარი საპროტესტო აქციების გარეშეც კი, კანაფის კანონთან დაკავშირებით ხელისუფლებამ გადაწყვეტილება შეცვალა. მაშინ ის პროტესტიც კი საკმარისი აღმოჩნდა და საზოგადოების დამოკიდებულება, რომ ეს ინიციატივა უკან წაეღოთ. ამიტომ, თუკი ხელისუფლება ვერ დაარწმუნებს ამ პროფესორებს და ვერ შედგება რაიმე კონსენსუსი, მე არ გამოვრიცხავ, რომ უკან დაიხიოს.

- თუმცა, ბატონო რამაზ, შეხვედრიდან გამოსული პროფესორები, პირიქით, მიიჩნევენ და რჩებათ შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლებას გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს და ეს მხოლოდ ინფორმაციული ხასიათის შეხვედრებია, სადაც უხსნიან, როგორ და რა ფორმით მოხდება უნივერსიტეტების გაერთიანება. თქვენ როგორ ფიქრობთ, რატომ გამოდიან ისინი ასეთი განწყობით?

- ნუ ვიქნებით პესიმისტები და მეორე მხრივ, ვცადოთ, რომ გავიაზროთ ხელისუფლების ლოგიკა და საზოგადოების ნაწილის დამოკიდებულება. ფაქტი ერთია, რომ ტერიტორიების დიდი ნაწილი „გეპეიში“ ცარიელი და დაუტვირთავია. იმდენად, რომ გიული ალასანიამ ახალი უნივერსიტეტი გააკეთა „გეპეის“ ბაზაზე. პროფილით „გეპეი“ არ იყო დატვირთული - მაშინაც კი, როცა ხსნიან ფაკულტეტებს, ფილოლოგიიდან დაწყებული, სხვა მიმართულებებით დამთავრებული. ასეთი პრობლემებიც არსებობს, რასაც მოვლა უნდა. ერთ-ერთი ლექტორის, ბალანჩივაძის სტატუსს წავაწყდი, სადაც ის წერს, რომ იქნებ ამ უნივერსიტეტების ფედერალურ მოწყობაზე ვიფიქროთო. ანუ, დამოუკიდებლობა ორივე უნივერსიტეტმა შეინარჩუნოს და მართვის საერთო მექანიზმები ჰქონდეთ. იქნებ უპრიანია, რომ გამოსავლის პოვნის ერთ-ერთ ვერსიად, რომელიც პრობლემებსაც გადაწყვეტს და ახალ პრობლემებს არ წარმოშობს, სწორედ იმის დაზუსტება იქცეს, თუ რა ურთიერთობა ექნება უნივერსიტეტებს ერთმანეთთან.

- როგორ ფიქრობთ, რატომ მიიღო ხელისუფლებამ ეს გადაწყვეტილება დამოუკიდებლად, პროფესურასთან და სტუდენტებთან დისკუსიის გარეშე? რატომ უწევს ახლა ახსნა-განმარტებების გაკეთება? ხომ არ სჯობდა, თავიდანვე დაეზღვია თავი და ჯერ დისკუსია გამართულიყო ამ თემაზე? რა არის, თქვენი აზრით, ამ სიჩქარის მიზეზი?

- რა თქმა უნდა, შეეძლო და სრულიად სხვაგვარი განხორციელება ყოფილიყო ამ ამბის. ფსიქოლოგის პროფესია მკარნახობს ამას, რასაც ფსიქოლოგი ეტყვის კლიენტს, ის ყველაფერს მაშინვე არ იღებს. ამიტომ მთელი ტექნიკა და დროა საჭირო იმისთვის, რომ პაციენტი შენს სიმართლეში დაარწმუნო. ადამიანის დარწმუნება მარტივი არ არის, მით უმეტეს, როცა მთელი ბიოგრაფიაა ამ შენობებში ჩადებული და ეს ამ ადამიანების ცხოვრებაა. ამიტომ გეთანხმებით, რომ ალბათ, სჯობდა წინასწარ დისკუსიის გახსნა და შემდგომ რაღაც კონსენსუსამდე მისვლა.

- ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს, შესაძლოა, მეორე მხრივ, ხელისუფლების მხრიდან ნიადაგის მოსინჯვა იყოს, გარკვეული განწყობების ე.წ. "დატესტვა“?

- უკან დახევის კიდევ ერთი მაგალითი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ე.წ. "რუსული კანონიც" იყო. იქაც დიდ მნიშვნელობას საზოგადოების რეაქციები თამაშობდა. მაშინ ითქვა, რომ ხელახლა იმიტომ შემოვიტანეთ, რომ ვნახოთ, ვინ რას იზამსო. ასეთი პროვოცირების მექანიზმები გამორიცხული არ არის. ამგვარი ტაქტიკით ექიმები მოქმედებენ ხოლმე, როცა დიაგნოზს ვერ სვამენ, ცდილობენ მის პროვოცირებას, რათა რეალური სურათი გამოიკვეთოს. პოლიტიკაშიც მსგავსი რამ ნაცადი ხერხია და ამიტომ არც ეს გამოვრიცხოთ.

ყველაფერი წესრიგში და მაღალ დონეზე განათლების სისტემაში არ არის. ძირეული ცვლილებები რომ აუცილებელია და განათლების სისტემის განახლება უნდა მოხდეს, ფაქტია. აქ საუბარია ხარისხის გაუმჯობესებაზე. საქართველოსნაირ პატარა ქვეყანაში არის 62 უნივერსიტეტი, აქედან ნახევარი სახელმწიფოა და ნახევარი - კერძო. კერძოში ხელისუფლება ვერ ჩაერევა, ამიტომ ცდილობს სახელმწიფო უნივერსიტეტების რეორგანიზაციას. ძალიან დიდი ყურადღება გადავიდა იმაზე, რომ ხელისუფლება რაღაც ხაფანგს აგებს და ა.შ. არავინ საუბრობს იმაზე, რომ ყველაფერი კარგად არც იმავე ტექნიკურ უნივერსიტეტშია. „გეპეიში“ რომ ვყოფილვარ და აუდიტორიას ვეძებდი, ადამიანი ვერ მიპოვია, ვინც მიპასუხებდა და დამაკვალიანებდა, საით წავსულიყავი. ეს უნივერსიტეტი უზარმაზარი რესურსის მატარებელია, ამიტომ მისი ათვისება და გამოყენება უნდა მოხდეს, მით უმეტეს ტექნოლოგიების სამყაროში. დაფიქრება ბევრ რამეზეა საჭირო. თუმცა, ის, რაც დღეს ხშირად ითქმება, თითქოს მარტო ერთ მხარეს არის ზეწოლა და ამის გაკეთება როგორ შეიძლებაო, ასე მარტივად არ დგას საკითხი. ამ ყველაფერზე ძირეული მსჯელობაა საჭირო.

ელზა პაპოშვილი 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები