Logo

“რაც მოითხოვა აზერბაიჯანის მხარემ, მელაშვილმა ყველაფერზე ხელი მოუწერა და რა ნიშნით არის გმირი?”

Frontnews image description

სწორად გავლებული საზღვარი გულისხმობს, იმ რეალობის ასახვას, რომელშიც დავით გარეჯის ჩიჩხიტურისა და უდაბნოს კომპლექსი მოთავსებულია საქართველოს ფარგლებში, – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, რა გზით უზრუნველყოფს საზღვრის სწორად გავლენას სახელმწიფო, ამაში საქართველოს საპატრიარქო ვერ ჩაერევა.

„საქართველოს პოზიცია არ შეიძლება, იყოს სხვა, გარდა იმისა, რომ ჩვენ სახელმწიფოსგან ველოდებით კონსტრუქციულ თანმიმდევრულ ნაბიჯებს, რათა საზღვარი გაივლოს სწორად. სწორად გავლებული საზღვარი გულისხმობს, იმ რეალობის ასახვას, რომელშიც დავით გარეჯის ის კომპლექსი, ჩიჩხიტურისა და უდაბნოს კომპლექსი არის მოთავსებული საქართველოს ფარგლებში. რა გზებით გააკეთებს ამას, როგორ გააკეთებს სახელმწიფო, ამაში ვერ ჩავერევით, თუმცა შედეგი უნდა იყოს ერთმნიშვნელოვნად სამართლიანი.

მოლოდინი გვაქვს ძალიან დიდი . ვფიქრობ, აქამდეც უნდა ყოფილიყო რაიმე სიახლე და ცნობა საზოგადოებისათვის, თუ რაში ვიყენებთ ამ ახალ გარემოებებს. მოლაპარაკების მაგიდაზე გაჩნდა საშუალება იმისა, რომ ავთენტური რუკები დაიდოს და რა ხდება, რაიმე მოლაპარაკება მიმდინარეობს აზერბაიჯანის მხარესთან? იგეგმება თუ არა შერეული კომისიის მორიგი შეხვედრა? – ამის შესახებ საზოგადოებამ არაფერი არ იცის ჯერ. ვფიქრობ, ამის შორს გადადება არ იქნება სწორი. აუცილებელია, სახელმწიფომ განაცხადოს ამის შესახებ“, – განაცხადა ჯაღმაიძემ.

დეკანოზმა კომენტარი გააკეთა დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებულ ივერი მელაშვილის განცხადებასთან დაკავშირებითაც და აღნიშნა, რომ „სასულიერო პირებზე კადნიერად საუბარი, შეუფერებელია ამ ხნის ადამიანისთვის“.

მისივე თქმით, ივერი მელაშვილმა ხელი მოაწერა ყველაფერზე, რაც მოითხოვა აზერბაიჯანის მხარემ და გაუგებარია, რა დამსახურება აქვს მას.

„გაუგებარია, რას ულოცავენ ერთმანეთს ბატონი ივერის გათავისუფლებასთან დაკავშირებით და რა აღტკინებაა, რაღაც ფსევდო გმირად გამოჩენის მცდელობასთან ერთად. რისი გმირობა ჩაიდინა? ამბობს, რომ ერთი გოჯი ვერ დაათმობინა აზერბაიჯანის მხარეს. მისი მთელი ღვაწლი სადამდე დადის, რომ რაც მოსთხოვა აზერბაიჯანის მხარემ, ყველაფერი დოკუმენტურად გაუფორმა, რაც მის ხელში ძალა და შესაძლებლობები იყო. იმით ვამაყობთ რომ, აზერბაიჯანის მხარე ბოდბემდე ითხოვდა საზღვარს და ივერი მელაშვილმა უკან დააწევინა, თუ რა? რაც მოითხოვა აზერბაიჯანის მხარემ, ყველაფერზე ხელი მოუწერა და რა ნიშნით არის გმირი, ვის წინაშე არის გმირი? ასე კადნიერად სასულიერო პირებზე საუბარი, რომ პოზიორობენ კელიების წინაშე, ძალიან შეუფერებელია ამ ხნის ადამიანისათვის და კარგად გამოჩნდა, ვინ სად პოზიორობს ამ თემაზე საუბრისას“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

თაგები:

Advertisement