Logo

რომან გოცირიძე - ფიზიკური პირის ქონების გადასახადის შესახებ კანონს სასწრაფოდ თუ არ შეცვლიან, მასზე მორატორიუმი უნდა გამოცხადდეს

პოლიტიკა
166
Frontnews image description

ფიზიკური პირის ქონების გადასახადის შესახებ კანონს სასწრაფოდ თუ არ შეცვლიან, მასზე მორატორიუმი უნდა გამოცხადდეს, რადგან ზოგ შემთხვევაში აბსურდულ დებულებებს შეიცავს ეს წესი, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, შემოსავლებში ითვლება არა მხოლოდ ხელფასები, არამედ ყველა სახის შემოსავალი - გაქირავება, ჰონორარები, უცხოეთიდან გადმორიცხვები, ქონების რეალიზება, დივიდენდები და უამრავი სხვა რამ.

"ფიზიკური პირის ქონების გადასახადის შესახებ კანონს  სასწრაფოდ თუ  არ შეცვლიან, მასზე მორატორიუმი უნდა გამოცხადდეს, რადგან ზოგ შემთხვევაში აბსურდულ დებულებებს შეიცავს ეს წესი, რომ მისი აღსრულება ან შეუძლებელია, ან ხელისუფლებას აძლევს ინტერპრეტირების შესაძლებლობას და შეიძლება იგი შერჩევითი რეპრესიებისთვის იყოს გამოყენებული. 

შემოსავლებში ითვლება არა მხოლოდ ხელფასები, არამედ ყველა სახის შემოსავალი - გაქირავება, ჰონორარები, უცხოეთიდან გადმორიცხვები, ქონების რეალიზება, დივიდენდები და უამრავი სხვა რამ. ფულადი საჩუქარიც შემოსავალში ითვლება. მაგალითად, თუ 5 ათასი ლარი შეუგროვეს ადამიანს, რომელსაც ჯარიმა დაეკისრა ქუჩის გადაკეტვისთვის, მან ეს ფული უნდა დაამატოს თავის სხვა შემოსავალს. გაგეცინათ, მაგრამ ასეა. დაჯარიმებული პირი ამ “ნაზარდის” გამო ქონების გადასახადის გადამხდელი შეიძლება გახდეს.

რაც თითქმის არავინ იცის - ემიგრანტების გადმორიცხვებიც შემოსავალში ითვლება. საშუალოდ, ერთი ოჯახი უხეში დათვლით  დაახლოებით 400-600 დოლარს იღებს საშუალოდ თვეში უცხოეთიდან, რაც ერთი შეხედვით არაა საკმარისი, რომ მისი ჯამი წლიურ 40 ათასს მიუახლოვდეს, მაგრამ ძაღლის თავი იმიტომაა აქ დამარხული, რომ ეს ფული სხვა შემოსავლებს ემატება. მაგალითად, თუ ოჯახის წევრების ჯამური  ხელფასი 40 ათას ლარზე ნაკლებია და ჰგონიათ, რომ არ არიან ქონების გადასახადის გადამხდელები, სინამდვილეში უცხოეთიდან გადმორიცხული ფულიც უნდა იქნეს დამატებული. ამას არავინ აკეთებს. 

რატომ გახდა ეს საკითხი ახლა აქტუალური? იმიტომ, რომ ამ თვის ბოლომდე არის ჩასაბარებელი ქონების გადასახადის დეკლარაცია, ხოლო 15 ნოემბრამდე უნდა იქნეს გადასახადი გადახდილი. აგრეთვე იმიტომაც, რომ უამრავ ადამიანს უწევს უკვე მისი გადახდა, ამის საშუალება კი არ აქვთ", - განაცხადა რომან გოცირიძემ.

Advertisement