Logo

“როცა გამოიკვეთა კონტურები შეთანხმების მიღწევის, მაშინ იქნა გამოყენებული ეს უბინძურესი პროვოკაცია და სიყალბე, ფაბრიკაცია”

საზოგადოება
602
Frontnews image description

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გავრცელებულ აუდიოჩანაწერებს ბინძური პროვოკაცია, სიყალბე და ფაბრიკაცია უწოდა. მან იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნულს ოპოზიციის ჯანსაღი ნაწილი გაემიჯნება. 

"აქამდე არ მქონდა შესაძლებლობა გამეკეთებინა კომენტარი. ჩვენ კარგად გვესმის თუ რას ემსახურებოდა აღნიშნული პროვოკაცია, საიდან და ვისგან მომდინარეობს. ეს არის რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილის მცდელობა, მით უმეტეს იმ ფონზე, როცა გამოიკვეთა კონტურები პოლიტიკური შეთანხმების მიღწევისა, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. სწორედ მაშინ იქნა გამოყენებული ეს უბინძურესი პროვოკაცია და სიყალბე, ფაბრიკაცია. რა თქმა უნდა, ეს არის ყოვლადდაუშვებელი და მიუღებელი, დასაგმობია ჩვენი, როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის მხრიდან. მე იმედი მაქვს, რომ ოპოზიციის ჯანსაღი, კონსტრუქციული ნაწილი გაემიჯნება, აღნიშნულ პროვოკაციას", – განაცხადა ღარიბაშვილმა.  

მისივე თქმით, განმარტებებს მოსახლეობისთვის აკეთებს, რათა საზოგადოებაში ამ თემის ირგვლივ გაჩენილ კითხვებს პასუხი გაეცეს. 

"რაც შეეხება თვითონ ამ საკითხს, ჩემი, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურის მთავარი საქმე და საზრუნავი არის ის, რომ ვიფიქროთ ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინაშე არსებული გამოწვევების მოგვარებაზე. მე არ მსურს აღნიშნული, მდარე ხარისხის პროვოკაციებზე მიწევდეს თავის მართლება და განმარტებების გაკეთება, მაგრამ ვინაიდან საზოგადოებაში გაჩნდა შეკითხვები, მხოლოდ მოსახლეობისთვის მინდა გავაკეთო შემდეგი განმარტება: ეს ჩანაწერები არის ფაბრიკაცია, 11 წლის წინანდელი ჩანაწერები. ამით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მაშინ ჩვენ ვიყავით ტოტალური მოსმენების მსხვერპლნი. ამასთან, ჩანაწერი შედგება უამრავი საუბრისგან, ეს არის ჩვეულებრივი ფაბრიკაცია. საუბარი იყო, თუ რატომ ახსენებდა ბერა ივანიშვილი ჩემთან საუბარში რომ მინისტრები დამირეკავდნენ, ამაზე გავაკეთებ განმარტებას მოსახლეობისთვის: მოგეხსნებათ, რომ მე 8 წლის განმავლობაში ვხელმძღვანელობდი ბატონი ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდს. ბუნებრივია, მაშინ მიწევდა პირდაპირი კომუნიკაცია მთავრობის უწყებებთან, მათ შორის მინისტრებთანაც. აქედან გამომდინარე, პასუხი ძალიან მარტივია. აქ არავითარი ლოგიკა არ არსებობს იმისა, სხვანაირად აღქმული იყოს ეს საკითხი. საუბარი იყო იმაზეც, თითქოს ეს ჩანაწერები 2017 წელს იყო გაკეთებული. ამ დროს მე ვიყავი ბიზნესში, აქედან გამომდინარე, ეს  არგუმენტიც საფუძველმოკლებულია", – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

თაგები:

Advertisement