
ავტორი
Front News საქართველო
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს განცხადებით, შეერთებული შტატები სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში 2.5 მილიარდი დოლარის ოდენობის სტრატეგიულ ინვესტიციას განახორციელებს.
ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ფილიპინებში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის სამიტზე გამოსვლისას განაცხადა.
„ამაყად ვაცხადებ, რომ შეერთებული შტატების ერთგულება „ასეანის“ (სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაცია) მიმართ მხოლოდ სიტყვებით არ შემოიფარგლება. ამას კონკრეტული ქმედებებიც ადასტურებს. როგორც შარშან გამოვაცხადეთ და მას შემდეგ აქტიურად ვმუშაობთ, აშშ გამოიყენებს მთავრობის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს „ასეანთან“ ურთიერთობების გასაძლიერებლად, მათ შორის საგარეო დახმარების მიმართულებით. ამ ძალისხმევის ფარგლებში, შეერთებული შტატები სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში 2.5 მილიარდი დოლარის ოდენობის სტრატეგიულ ინვესტიციას განახორციელებს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს ერთგულებას რეგიონის მიმართ. ჩვენ ინვესტიციას იმიტომ ვდებთ, რომ „ასეანის“ განვითარება თავად შეერთებული შტატების ინტერესშიც შედის. ეს ქველმოქმედება არ არის. ამას იმიტომ არ ვაკეთებთ, რომ უბრალოდ კეთილი ადამიანები ვართ, თუმცა მჯერა, რომ ასეთებიც ვართ. ამას ვაკეთებთ, რადგან ჩვენს ეროვნულ ინტერესებში შედის. თითოეულ თქვენგანთან და მთლიანად რეგიონთან პარტნიორობა ამერიკის ეროვნულ ინტერესებს ემსახურება და ჩვენ მას არასოდეს მივატოვებთ“, – განაცხადა რუბიომ.
მისივე თქმით, აშშ-ს უწევს თანამშრომლობა ისეთ ძლიერ ქვეყნებთანაც, რომლებთანაც გარკვეული უთანხმოებები აქვს. მაგრამ, რუბიოს განმარტებით, ეს არასოდეს მოხდება აშშ-ის მოკავშირეების, პარტნიორების ან აშშ-ის ეროვნული ინტერესების ხარჯზე.
„ამასთან ერთად, ვაპირებთ, გამოვიყენოთ ჩვენი მთავრობის სხვა ფინანსური ინსტრუმენტებიც „ასეანში“ ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად. აშშ-ის განვითარების საფინანსო კორპორაციის მიერ 1.5 მილიარდი დოლარის ახალი სტრატეგიული ინვესტიციის დამტკიცება, რომელიც ავიაციურ ინფრასტრუქტურას, ენერგეტიკულ უსაფრთხოებასა და უსაფრთხო მიწოდების ჯაჭვებს მოხმარდება, იმ ინიციატივების ნაწილია, რომელთა განხორციელებაც თქვენთან ერთად გვსურს. მჯერა, XXI საუკუნის ისტორია სწორედ ამ რეგიონში და აქ მიმდინარე მოვლენებით დაიწერება. ამას სრული პატივისცემით ვამბობ მსოფლიოს სხვა რეგიონების მიმართაც, რომლებზეც ასევე ვზრუნავთ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, XXI საუკუნის მომავალი სწორედ აქ განისაზღვრება. შეერთებული შტატებისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის უსაფრთხოება და კეთილდღეობა ერთმანეთზეა დამოკიდებული“, – განაცხადა რუბიომ.
თაგები:
მარკო რუბიო
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს