რუბიო - ირანთან ომის შემდეგ ვაშინგტონს ნატოსთან ურთიერთობების გადახედვა მოუწევს

ავტორი
Front News საქართველო
ირანთან ომის შემდეგ ვაშინგტონს ნატოსთან ურთიერთობების გადახედვა მოუწევს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა.
„ვფიქრობ, ეჭვი არ მეპარება, რომ, სამწუხაროდ, ამ კონფლიქტის დასრულების შემდეგ ჩვენ მოგვიწევს ამ ურთიერთობის გადახედვა. ჩვენ მოგვიწევს ნატოსა და ამ ალიანსის ღირებულების გადახედვა ჩვენი ქვეყნისთვის. საბოლოო ჯამში, ეს პრეზიდენტის გადასაწყვეტია და მას მოუწევს ამის გაკეთება. მაგრამ ვფიქრობ, სამწუხაროდ, ჩვენ მოგვიწევს გადახედვა, ემსახურება თუ არა ეს ალიანსი, რომელიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში კარგად ემსახურებოდა ამ ქვეყანას, კვლავ ამ მიზანს თუ ახლა ის ცალმხრივ ქუჩად იქცა, სადაც ამერიკა უბრალოდ ევროპის დასაცავად არის, მაგრამ როდესაც ჩვენი მოკავშირეების დახმარება გვჭირდება, ისინი გვიკრძალავენ ბაზების გამოყენების უფლებას და გვიკრძალავენ ფრენას?“ – განაცხადა რუბიომ.
ამასთან, რუბიომ აღნიშნა, რომ ირანსა და აშშ-ს შორის შეტყობინებების გაცვლა მიმდინარეობს და არსებობს პოტენციალი, რომ გარკვეულ მომენტში ორ მხარეს შორის „პირდაპირი შეხვედრა“ შედგეს. მისივე თქმით, აშშ-ს შეუძლია ირანის ომის „ფინიშის ხაზის“ დანახვა.
„ჩვენ ვხედავთ დასასრულ ხაზს. ეს დღეს არ არის, ხვალ არ არის, მაგრამ ის მოდის“, – განაცხადა რუბიომ.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ „არცერთი მთავრობა ან მსოფლიოს არცერთი ქვეყანა ამჟამად არაფერს აკეთებს ირანის დასახმარებლად, რაც რამე ფორმით ხელს უშლის აშშ-ის მისიას“.
ამასთან, რუბიომ კუბის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ კუბას ეკონომიკური და პოლიტიკური რეფორმები სჭირდება და ვაშინგტონს მალე მეტი სიახლე ექნება ამ ქვეყანასთან დაკავშირებით.
„ვფიქრობ, კუბას ორი რამ სჭირდება – ეკონომიკური და პოლიტიკური რეფორმები. მათი ეკონომიკის გამოსწორება შეუძლებელია, თუ მათ მმართველობის სისტემას არ შეცვლი“, – განაცხადა რუბიომ.





