Logo

“საარჩევნო კოდექსის, პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონისა და პარლამენტის რეგლამენტის რეფორმა უნდა გადაიხედოს”

საზოგადოება
1355
Frontnews image description

ვენეციის კომისიის რეკომენდაციაა, რომ საარჩევნო კოდექსის, პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონისა და პარლამენტის რეგლამენტის რეფორმა უნდა გადაიხედოს, – ამის შესახებ ვენეციის კომისიის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული.

"ერთობლივ რეკომენდაციაში, რომელიც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მოითხოვა 2020 წლის დეკემბერში, ეუთო/ოდირი და ვენეციის კომისია მოუწოდებენ საქართველოს, გადახედოს საარჩევნო კოდექსში, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონსა და პარლამენტის რეგლამენტში შესატან რამდენიმე ცვლილებას.

რაც შეეხება საარჩევნო კოდექსს, ჩვენ მივიჩნევთ, რომ შემოთავაზებული ცვლილებები არღვევს პოლიტიკური პარტიების უფლებას, ჰქონდეს თანაბარი შესაძლებლობები, ართმევს რა მას უფასო საეთერო დროს, თუ პარტია არ იღებს სახელმწიფოს დაფინანსებას. ამ პარტიებისთვის უფასო საეთერო დროზე უარის თქმა არის „არაპროპორციული და უსაფუძვლო“, რადგან სწორედ ამ პარტიებს, რომლებსაც მწირე რესურსი აქვთ, დასჭირდებათ უფასო საეთერო დროსთან წვდომა, რათა გამოხატონ საკუთარი მოსაზრებები და წარუდგინონ პროგრამა ელექტორატს.

მეტიც, არ არსებობს ისეთი დამტკიცებული კავშირი უფასო საეთერო დროის გამოყოფასა და სახელმწიფო დაფინანსების მიღებას შორის, რაც გაამართლებდა ამ ნაბიჯს. ასევე, ეს შეზღუდვა არ პასუხობს საზოგადოებრივ ინტერესებს, რადგან ამცირებს იმ ინფორმაციასთან წვდომას, რომელიც საზოგადოებას სჭირდება, რათა არჩევნებზე ინფორმირებული არჩევენი გააკეთოს.

ვენეციის კომისია ასევე შეშფოთებულია მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების გამო, რომელთა მიხედვითაც, სახელმწიფო დაფინანსებაზე უარს ეტყვიან პარტიებს ან საარჩევნო ბლოკებს, რომლებიც პარლამენტში მოპოვებული მანდატების სულ მცირე ნახევარ მაინც არ აიღებენ, და ჩამოართმევს უფლებას პარტიას ან საარჩევნო ბლოკს, სახელმწიფო დაფინანსება მიიღოს მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში, თუ რომელიმე პარტიის ან ბლოკის დეპუტატების ნახევარი, მისაღები მიზეზის გარეშე, არ დაესწრება პლენარული სხდომების ნახევარზე მეტს.

სანქციების დაწესება პოლიტიკური პარტიებისთვის, და არა ინდივიდუალური დეპუტატებისთვის, მათთვის დაფინანსების ჩამორთმევით, თუ დეპუტატები არ ესწრებიან საპარლამენტო სესიის განმავლობაში სხდომების უმეტესობას, არის „არაპროპორციული“ და ეწინააღმდეგება პარლამენტის რეგლამენტს, რომელიც უკვე არეგულირებს ასეთ საკითხებს, მკაფიოდ და დაბალანსებულად.

ანალოგიური რეკომენდაცია შეეხება პარლამენტის რეგლამენტში დაგეგმილ სხვა ცვლილებებს, რომელიც ითვალისწინებს იმ პარლამენტარის ხელფასის გაცემის შეზღუდვას, რომელიც მისაღები მიზეზის გარეშე არ დაესწრება ყველა პლენარულ სხდომას ერთი თვის განმავლობაში გამართული რეგულარული სესიის ფარგლებში, ასევე შემდგომ შესვენების პერიოდშიც. ეს ბოლო წინადადებაც, სავარაუდოდ, არ იქნება შესაბამისობაში საქართველოს კონსტიტუციასთან, რომელიც პარლამენტის ხელფასს სავალდებულოს ხდის“, – აღნიშნულია ვენეციის კომისიის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

თაგები:

Advertisement