საგამოძიებო სამსახურმა ვირტუალური აქტივის მომსახურების არარეგისტრირებული პროვაიდერის მენეჯერები დააკავა


ავტორი
Front News საქართველო
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ვირტუალური აქტივის მომსახურების არარეგისტრირებული პროვაიდერის სამი მენეჯერი დააკავა. ბრალდებულების მართვის ქვეშ მყოფი კომპანია, საქართველოს ეროვნულ ბანკში სავალდებულო რეგისტრაციის გარეშე, საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ოპერირებდა ონლაინ პლატფორმის, აპლიკაციისა და მომსახურების ოფისების მეშვეობით.
"გამოძიებით დადგენილია, რომ კომპანია ახორციელებდა ვირტუალური აქტივის და ნაღდი ფულის კონვერტაციას და ხელს უწყობდა ქვეყანაში საერთაშორისო უკონტროლო ტრანზაქციების განხორციელებას. ასევე, კომპანია ასრულებდა ასობით მილიონი ლარის ეკვივალენტის ღირებულების ვირტუალური აქტივის ტრანზაქციას.
კომპანიას დიდი ოდენობით მიღებული შემოსავლის მიუხედავად, არ უფიქსირდება სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახადის გადახდა. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დაყადაღებულია აღნიშნულ პირთა ქონება და ქ. თბილისში დ. აღმაშენებლის გამზირზე არსებული ოფისებიდან ამოღებულია დიდი ოდენობით ფულადი თანხა, კომპიუტერული ტექნიკა და დოკუმენტაცია.
დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამიდან ხუთ წლამდე ვადით.
ტარდება შესაბამისი ღონისძიებები აღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებაში ჩართული სხვა პირების დადგენა-მხილების, გადასახადისათვის თავის არიდებისა და შესაძლო უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ეპიზოდების გამოსავლენად.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აგრძელებს საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ სისხლის სამართლის მკაცრ პოლიტიკას", - აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.
თაგები:
საგამოძიებო სამსახური

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს