Logo

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა მალტა გასვლაზე 5:0 დაამარცხა

სპორტი
374
Frontnews image description

საქართველოს 21-წლამდელთა საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე ტურში მალტა 5:0 დაამარცხა.

რამაზ სვანაძის გუნდმა ტა-ქალიში „სენტენარის“ სტადიონზე შეხვედრა თავიდანვე აქტიურად დაიწყო და პირველივე ტაიმში უპირატესობა მოიპოვა.

ანგარიში 36-ე წუთზე საბა ხარებაშვილმა გახსნა. მან მალტის მეკარის შეცდომით ისარგებლა და ბურთი ცარიელ კარში გაგზავნა. ანგარიში მალევე ნიკოლოზ დადიანმა გაზარდა.

მეორე ტაიმში, 67-ე წუთზე გიორგი ტაბატაძემ ზუსტად შესრულებული დარტყმით სხვაობა სამამდე გაზარდა. რამდენიმე წუთში ალექსანდრე ნარიმანიძემაც გამოიჩინა თავი და ანგარიში 4:0 გახადა.

შეხვედრის მიწურულს შეცვლაზე შესულმა ალეკო ბასილაძემ ბურთი მეხუთედაც გაგზავნა მეტოქის კარში და საბოლოო შედეგი 5:0 დააფიქსირა.

ამ დამაჯერებელი გამარჯვებით საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა საკვალიფიკაციო ეტაპის F- ჯგუფში პოზიციები კიდევ უფრო გაიმყარა.

Advertisement