Logo

სალომე ზურაბიშვილი - "ოცნება" თავდასხმას ახორციელებს აშშ-ის წარმომადგენლებზე და ამ შემთხვევაში ეს არის მეორე ფრონტის გახსნა

პოლიტიკა
312
Frontnews image description

საქართველო ამერიკის პარტნიორი იყო, ახლა კი ზურგი შეაქცია. იზოლირებული გახდა, როგორც საკუთარი თავი, ასევე ქვეყანა დააშორა პარტნიორებს. პირიქით, ამერიკის მოწინააღმდეგეებს დაუახლოვდა, - ამის შესახებ აშშ-ში ჰელსინკის კომისიაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. 

ზურაბიშვილმა კომისიაზე აღნიშნა, რომ სურს ქართველი ხალხის ხმა ამერიკამდე მიიტანოს და ამისთვის კომისიის წევრებს მადლობა გადაუხადა.

"არ მინდა აღვწერო საქართველოში არსებული სიტუაცია, რადგან ყველამ ვიცით, რაც ხდება. არაერთხელ აღნიშნულა მედიაში, რომ სიტუაცია საქართველოში განსაკუთრებით რთულია ყველა დემოკრატიული უფლებისა და თავისუფლების თვალსაზრისით. ახლა მე წარმოვადგენ იმ ხალხს, რომლებიც ციხეში იმყოფებიან. სიმბოლურად მინდა მზია ამაღლობელი აღვნიშნო, ჟურნალისტი, რომელიც ახლა პატიმრობაშია. ამიტომ ყველა ამ ადამიანის სახელით ვისაუბრებ საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობების შესახებ. 30 წელზე მეტია, აშშ საქართველოს გვერდით დგას და გვეხმარება დამოუკიდებელი, პროდასავლური სახელმწიფო ავაშენოთ. ამჟამად მას ვკარგავთ და ძალიან მნიშვნელოვანია დიდი ოდენობის ფინანსური და ადამიანური რესურსის ინვესტირება. ეს არ არის მხოლოდ საჩუქარი, არამედ ეს არის საქართველოს უსაფრთხოების, თავისუფლების და ევროპული მომავლის პასუხისმგებლობის აღება“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ქართველი ხალხი მასობრივად უჭერს მხარს ამერიკის პარტნიორობასა და თანამშრომლობას.

"მოკლედ რომ ვთქვათ, საქართველო ამერიკის პარტნიორი იყო. მაშინ, როდესაც რუსეთი ცდილობს, კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების მიმართ საკუთარი როლი და ექსკლუზიური დომინანტობა შეინარჩუნოს, აშშ გახდა მნიშვნელოვანი მხარე, რომელიც ახალ სტანდარტებს განსაზღვრავს. დღეს, პირველად სამი ათწლეულის განმავლობაში, საქართველომ ამ პარტნიორობას ზურგი შეაქცია. იზოლირებული გახდა, როგორც საკუთარი თავი, ასევე ქვეყანა დააშორა პარტნიორებს. პირიქით, ამერიკის მოწინააღმდეგეებს დაუახლოვდა. რუსეთი ცდილობს, დომინანტობა აღიდგინოს. „ოცნება“ მნიშვნელოვნად ხდის ანტიდასავლურ, პრორუსულ მიმართულებებს. „ოცნება“ ამ შემთხვევაში აგრესიულ ტონს ირჩევს და თავდასხმას ახორციელებს აშშ-ის წარმომადგენლებზე, ელჩზე, რომელიც ჩემს უკან ზის და ამ შემთხვევაში ეს არის მეორე ფრონტის გახსნა. ასევე თავდასხმა დონალდ ტრამპზე და მის ადმინისტრაციაზე. ამასთანავე, „ოცნება“ ამყარებს კავშირებს რუსეთთან და მის ლიდერებთან. ასევე ჩინეთთან ანაკლიის პორტის პარტნიორობის თვალსაზრისით. ხელისუფლება საერთაშორისო პოლიტიკის თვალსაზრისით 360 გრადუსით შემობრუნდა. ეს ყველაფერი კი ქვეყნის დამოუკიდებლობას საფრთხის ქვეშ აყენებს“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მხრიდან ამერიკის წინააღმდეგ ნაბიჯები იდგმება.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რუსეთი აძლიერებს საკუთარ პოლიტიკას საქართველოში და ცდილობს, ქვეყნის დემოკრატიას ძირი გამოუთხაროს.

აშშ-ის ჰელსინკის კომისიაში საქართველოს შესახებ მოსმენა მიმდინარეობს. როგორც კომისია აღნიშნავს, მოსმენის დროს შეისწავლიან „საქართველოს ავტორიტარიზმისკენ გადასვლის გლობალურ შედეგებს“. ასევე განიხილავენ აშშ-ის პოლიტიკის ვარიანტებს, „როგორიცაა ორპარტიული MEGOBARI აქტის მიღება საქართველოს მოსახლეობის დასახმარებლად, როდესაც ისინი ცდილობენ, შეინარჩუნონ დამოუკიდებლობა და შეერთებულ შტატებთან ხანგრძლივი, ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობა“.

Advertisement