სამართალდამცველებმა დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღის საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს - დაკავებულია რუსეთის მოქალაქე

ავტორი
Front News საქართველო
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღის საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს.
"პოლიციელების მიერ ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის, ტარებისა და საქართველოში უკანონო შემოტანის ბრალდებით დაკავებულია რუსეთის ფედერაციის მოქალაქე - 1973 წელს დაბადებული ვ.ა.
სამართალდამცველებმა სასაზღვრო გამშვებ პუნქტ „სარფის" ტერიტორიაზე, ბრალდებულის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დეტალური დათვალიერებისას, სპეციალური სკანერის საშუალებით, სხვადასხვა მოდელის 13 ცეცხლსასროლი იარაღი და 9 მჭიდი ნივთმტკიცებად ამოიღეს, რაც ბრალდებულს სპეციალურად მოწყობილ სამალავში ჰქონდა განთავსებული.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 9 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს", - აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.





