Logo

"სამართლებრივი პროცედურების შემდეგ დაისჯებიან" - ირანის ხელისუფლებამ საპროტესტო აქციების რამდენიმე მთავარი მონაწილე დააკავა

მსოფლიო
257
Frontnews image description

ირანის ხელისუფლებამ ბოლო ორი კვირის განმავლობაში ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციების რამდენიმე მთავარი მონაწილე დააკავა. პოლიციის უფროსის განცხადებით, პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან.

"გუშინ ღამით არეულობის მნიშვნელოვანი მონაწილეები დააკავეს, რომლებიც სამართლებრივი პროცედურების შემდეგ დაისჯებიან“, - განაცხადა ეროვნული პოლიციის უფროსმა აჰმად-რეზა რადანმა, დაკავებულთა რაოდენობისა და მათი სახელების დასახელების გარეშე.

2025 წლის დეკემბრის ბოლოდან ირანში მასშტაბური საპროტესტო აქციები მიმდინარეობს, რომლებიც შეიარაღებულ შეტაკებებში გადაიზარდა.

ყველაფერი 28 დეკემბერს თეირანში დაიწყო, როდესაც ცენტრალური ბაზრის გამყიდველები ქუჩებში გამოვიდნენ ეროვნული ვალუტის მკვეთრი ვარდნის გასაპროტესტებლად.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ყველაზე აქტიური მონაწილეები მობილური ტელეფონების, ელექტრონიკის და საყოფაცხოვრებო ტექნიკის გამყიდველები იყვნენ, რომლებიც საქონელს უცხოური ვალუტით ყიდულობენ და ადგილობრივ ვალუტაში ყიდიან.

საპროტესტო აქციებს შეუერთდნენ სტუდენტები და მოსახლეობის სხვა სეგმენტები, ასევე ისინი, ვინც ადრე „რეჟიმის მხარდამჭერებად“ ითვლებოდნენ, რაც ხელისუფლებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა.

ირანის მემკვიდრე პრინცმა რეზა ფაჰლევიმ მოქალაქეებს ქუჩის საპროტესტო აქციების გაძლიერებისა და ქვეყნის მასშტაბით გაფიცვების ორგანიზებისკენ მოუწოდა.

ირანის ხელისუფლებამ საპროტესტო გამოსვლებს მკაცრად უპასუხა, ცეცხლსასროლი იარაღით, სპეცრაზმის აღჭურვილობით, ცემით და მასობრივი დაპატიმრებებით.

HRANA-ის ცნობით, მასშტაბური საპროტესტო აქციების ჩახშობის დროს სულ მცირე 116 ადამიანი დაიღუპა. არაოფიციალური მონაცემებით კი, ირანში პროტესტის 14 დღის განმავლობაში ასობით ადამიანია მოკლული. 

 

თაგები:

ირანი
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები