Logo

"სამოქალაქო კამპანია "ერთი ხალხი, ერთი საქართველო“ მოგიწოდეთ, შემოგვიერთდით 20 ივნისის, 19:00 საათზე, ფილარმონიასთან"

Frontnews image description

სამოქალაქო კამპანია "ერთი ხალხი, ერთი საქართველოს" განცხადებით, ე.წ. გავრილოვის ღამიდან 7 წლის თავზე, 20 ივნისს, 19:00 საათზე ფილარმონიასთან შეიკრიბებიან და მსვლელობით პარლამენტთან მივლენ.

"შვიდი წელი გავიდა 2019 წლის 20 ივნისიდან, დღიდან, რომელმაც საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე კვალი დატოვა.

20 ივნისს ათასობით მოქალაქე ქუჩაში გამოვიდა იმის გასაპროტესტებლად, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში რუსი კომუნისტი დეპუტატი აღმოჩნდა. ეს იყო არა მხოლოდ პროტესტი კონკრეტული ფაქტის წინააღმდეგ, არამედ საზოგადოების პასუხი ქვეყნის ევროპული მომავლის, სუვერენიტეტისა და ღირსების შეურაცხყოფაზე.

იმ ღამეს ხელისუფლებამ საკუთარი მოქალაქეებს ძალადობით უპასუხა. მშვიდობიანი დემონსტრაციის წინააღმდეგ გამოყენებული იქნა ძალა, დაშავდა ასობით ადამიანი, ბევრმა მძიმე დაზიანებები მიიღო, დაკარგა მხედველობა და სიცოცხლის ბოლომდე უნდა ატაროს ამ ღამის კვალი.

სწორედ ამ დღიდან განსაკუთრებით აშკარა გახდა ის პოლიტიკური კურსი, რომელმაც ქვეყანა ევროპული განვითარების გზიდან სულ უფრო მეტად რუსულ ავტორიტარულ მოდელთან დააახლოვა.

სამწუხაროდ, შვიდი წლის შემდეგაც, ძალადობა და დაუსჯელობა კვლავ რჩება სისტემურ პრობლემად. ჩვენ ვხედავთ მოქალაქეებზე ძალადობის ახალ შემთხვევებს, უკანონო დაკავებებს, ჟურნალისტებზე თავდასხმებს და პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებულ დამნაშავეებს.

სწორედ ამიტომ, 20 ივნისი არის პასუხისმგებლობის, ერთიანობისა და ბრძოლის დღე. დღე, როდესაც საზოგადოებამ კიდევ ერთხელ უნდა აჩვენოს, რომ ძალადობა ვერ იქნება სახელმწიფოს მართვის ინსტრუმენტი და რომ თავისუფლების, სამართლიანობისა და ღირსების დაცვა თითოეული მოქალაქის საქმეა.

სამოქალაქო კამპანია „ერთი ხალხი, ერთი საქართველო“ მოუწოდებს საქართველოს ყველა მოქალაქეს, შემოგვიერთდით 20 ივნისის, 19:00 საათზე, ფილარმონიასთან და ერთად მივიდეთ მსვლელობით პარლამენტამდე.

20 ივნისს ჩვენი ერთიანობა იქნება პასუხი ძალადობაზე, შიშსა და უსამართლობაზე", - აცხადებენ სამოქალაქო პლატფორმის წარმომადგენლები.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები