საპატრიარქო - ცდილობენ, წმინდა ეკლესიის სისავსეში უთანხმოება, წყენა და დაპირისპირება დათესონ

ავტორი
Front News საქართველო
თითქოს სიკეთისა და გულშემატკივრობის სახელით ექომაგებიან ჩვენთვის პატივსაცემ მღვდელმთავრებს და ამით ცდილობენ, წმინდა ეკლესიის სისავსეში უთანხმოება, წყენა და დაპირისპირება დათესონ, - ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადებაშია აღნიშნული.
"ამა წლის 28 აპრილს ჩატარებული წმინდა სინოდის სხდომის მიმართ მოსალოდნელი იყო დიდი ინტერესი. სამწუხაროდ, ვხედავთ შემთხვევებს, როდესაც ჩვენი ეკლესიის არაკეთილმოსურნენი ყველა ღონეს ხმარობენ, რათა საზოგადოებაში დააკნინონ წმინდა სინოდის სხდომის მიმართ სამართლიანობის განცდა. თითქოს სიკეთისა და გულშემატკივრობის სახელით ექომაგებიან ჩვენთვის პატივსაცემ მღვდელმთავრებს და ამით ცდილობენ, წმინდა ეკლესიის სისავსეში უთანხმოება, წყენა და დაპირისპირება დათესონ.
კარგად ვხედავთ, რომ ამ მოჩვენებითი ქომაგობით და ზღვარგადასული ინტერესით, პირიქით და ირიბად ცდილობენ, დააკნინონ ჩვენი პატივცემული მღვდელმთავრების ღირსება.
ამ კონტექსტში საზოგადოებისა და ეკლესიის სისავსისთვის გვინდა, მაღალყოვლადუსამღვდელოესის, გორისა და ატენის მიტროპოლიტ ანდრიას (გვაზავა) შესახებ განვმარტოთ და ვთქვათ:
საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდში მაღალყოვლადუსამღვდელოესი, გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა) არის ერთ-ერთი გამორჩეული და ნათელი ქრისტიანული ცხოვრებით მოღვაწე მღვდელმთავარი. ის მრავალი წლის განმავლობაში თავდადებულად ემსახურება დედაეკლესიას, თავისი ზნეობრივი ცხოვრებიდან გამომდინარე, არის საქართველოს ეკლესიის ზნეობრივი კომისიის წევრი. მისი როლი ეკლესიის ცხოვრებაში ყოველთვის იყო და არის მნიშვნელოვანი. ღრმად გვწამს, რომ ასევე იქნება მომავალშიც", - აღნიშნულია განცხადებაში.
თაგები:
საპატრიარქო




