"საფარი" - მოვუწოდებთ "ქართულ ოცნებას", დაუყოვნებლივ მოხსნას ყადაღა და შეწყვიტოს რუსული რეპრესიები საკუთარი ხალხის წინააღმდეგ


ავტორი
Front News საქართველო
ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ცხადყოფს რუსული სტილის რეპრესიების გაძლიერებას ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ, რაც მიზნად ისახავს კრიტიკული ხმების ჩახშობას და სამოქალაქო საზოგადოების განადგურებას, - ამის შესახებ "საფარის" განცხადებაშია აღნიშნული.
"27 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე "საფარის" საბანკო ანგარიშებს ყადაღა დაედო.
"საფარი" 24 წელია, მუშაობს ქალთა და გოგონათა უფლებების დაცვის, გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და თანასწორობის ხელშეწყობის მიმართულებით. ჩვენ ვამაყობთ, რომ ათასობით ქალს და ბავშვს დავეხმარეთ ამ წლების განმავლობაში, დავეხმარეთ მათ ძალადობის შეჩერებაში, სამართლიანობის აღდგენაში და ზოგადად გადარჩენაში. ჩვენი საქმიანობა ყოველთვის მიზნად ისახავდა ქალების გაძლიერებას სოციალურად, ეკონომიკურად, პოლიტიკურად.
პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაცია თითქოს "საფარის" ფინანსები გამოყენებულ იქნა ძალადობრივი ქმედებების ორგანიზებისა და აღჭურვილობის შესაძენად, სრულიად უსაფუძვლო და ცილისმწამებლურია. არ არსებობს არც ერთი მტკიცებულება ჩვენს წინააღმდეგ.
ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ცხადყოფს რუსული სტილის რეპრესიების გაძლიერებას ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ, რაც მიზნად ისახავს კრიტიკული ხმების ჩახშობას და სამოქალაქო საზოგადოების განადგურებას.
დღეს საფრთხის ქვეშ დგას ქვეყნის დემოკრატიული განვითარება და თითოეული იმ ადამიანის უსაფრთხოება, ვინც იცავს თავისუფლებას და სამართლიანობას, ვინც იცავს საქართველოს თავისუფლებას და დამოუკიდებლობას.
ვაცხადებთ, რომ "საფარი" განაგრძობს ბრძოლას სიმართლისა და სამართლიანობისთვის როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო დონეზე. მოვუწოდებთ "ქართულ ოცნებას", დაუყოვნებლივ მოხსნას ყადაღა და შეწყვიტოს რუსული რეპრესიები საკუთარი ხალხის წინააღმდეგ. ასევე მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, გამოეხმაუროს სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ დაწყებულ უპრეცედენტო თავდასხმას საქართველოში.
მივმართავთ ძალადობის მსხვერპლ ქალებს და ბავშვებს, დაგვიკავშირდით, თუ ჩვენი დახმარება გჭირდებათ თქვენი უფლებების, ჯანმრთელობის და სიცოცხლის გადასარჩენად. ჩვენ მოხალისეობრივად გავაგრძელებთ თქვენ დახმარებას მანამ, სანამ შევძლებთ, რადგან საფარი არის თანასწორობის იდეისთვის და ადამიანების ღირსების დასაცავად შეკრებილი გუნდი, რომელიც შედგება თავისუფლების მოყვარე პატრიოტი მოქალაქეებისაგან", - აღნიშნულია განცხადებაში.
დღეს, 27 აგვისტოს პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე, 7 არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშებს ყადაღა დაადეს.
თაგები:
"საფარი"

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს