“საფრანგეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები ისე მჭიდროა, როგორც არასდროს”


ავტორი
Front News საქართველო
"ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები ისეთივე მჭიდროა, როგორც არასდროს ყოფილა“, – ამის შესახებ საფრანგეთის ელჩმა დიეგო კოლასმა გამოცემა Europetime-თან ინტერვიუში განაცხადა.
„თუნდაც ის ფაქტი, რომ ვაპირებთ აღვნიშნოთ 100 წლის იუბილე იმ დღისა, როდესაც საფრანგეთის მთავრობამ მიიღო საქართველოს პირველი რესპუბლიკის მთავრობა და შესთავაზა მას თავშესაფარი საბჭოთა იმპერიის შეჭრის შემდეგ, ამის ლოგიკური დასტურია.
ჩვენი ორმხრივი სტრატეგიული დიალოგი ატარებს ცნობილი ქართველი თავადის დიმიტრი ამილახვარის სახელს, რომელიც არამარტო საქართველოს, არამედ საფრანგეთის უცხოური ლეგიონის ერთ-ერთი უდიდესი გმირიც იყო. დიალოგის ამ განსაკუთრებული ფორმატის შექმნის იდეა ეკუთვნით საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონსა და საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს (თებერვალი, 2019 წ.), ხოლო ოფიციალურად გახსნეს ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, ჟან-ივ ლე დრიანმა და დავით ზალკალიანმა პარიზში, 2019 წლის დეკემბერში.
დიალოგი მოიცავს როგორც პოლიტიკურ, ასევე თავდაცვის, უსაფრთხოების, მიგრაციისა და შიდა უსაფრთხოების, ეკონომიკისა და ინვესტიციების, განათლებისა და კულტურის საკითხებს. ბევრი რამ, რისი გაკეთებაც დავგეგმეთ ამ ბოლო შეხვედრაზე, უკვე განვახორციელეთ. ახლა ვაპირებთ ახალი შეხვედრის ჩანიშვნას, სადაც ვიმსჯელებთ სამომავლო პროექტებზე, ისევე როგორც არსებული თანამშრომლობის შემდგომ განვითარებაზე“, – აღნიშნავს ფრანგი დიპლომატი.
ელჩი ძალიან მნიშვნელოვან ფაქტად მიიჩნევს იმას, რომ ფრანგი და ქართველი ჯარისკაცები გადიან ერთობლივ წვრთნებს, ატარებენ ერთობლივ ოპერაციებს და შეუძლიათ საბრძოლო მოქმედებებში ერთობლივი მონაწილეობა.
„ეს აძლიერებს როგორც საქართველოს შესაძლებლობებს, ასევე ორი ქვეყნის უსაფრთხოებას, რადგან ასე უკეთ შევძლებთ შესაძლო მომავალი საფრთხეების წინაშე ერთმანეთის მხარდამხარ დგომას.
ამგვარად, ჩვენ ვამაყობთ, რომ ქართველი ჯარისკაცები ჩვენს საუკეთესო სამხედრო სასწავლებლებში სწავლობენ, ხოლო საქართველოში შესაძლებლობა გვაქვს, შეიარაღებული ძალების თანამშრომლებისთვის ფრანგული ენის გაკვეთილები ჩავატაროთ. ასევე, ჩვენი ჯარისკაცები ერთად მოქმედებენ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, სადაც საქართველოს შეიარაღებული ძალების მისიას წაარმოადგენს ევროპელი სამხედრო ინსტრუქტორების დაცვის უზრუნველყოფა. ეს არის ჯარების ერთად განთავსების და რთულ პირობებში მუშაობის და ურთიერთქმედების მნიშვნელოვანი გამოცდილების მიღების უნიკალური შესაძლებლობა.
ჩვენ ასევე მჭიდროდ ვთანამშრომლობთ სხვადასხვა სფეროში. ამის მაგალითია სამთო ქვეითთა ტრენინგი. 2006 წელს საჩხერის სამთო მომზადების სკოლის შექმნიდან მოყოლებული ჩვენ განსაკუთრებული პარტნიორები ვართ. გასულ სექტემბერს, ერთობლივი სწავლებების დროს, ფრანგმა და ქართველმა ინსტრუქტორებმა ერთობლივად მოამზადეს საფრანგეთისა და საქართველოს ჯარები; ერთ-ერთი ეპიზოდი გულისხმობდა მყინვარწვერის დალაშქვრას, რაშიც მეც სიამოვნებით მივიღე მონაწილეობა“, – აცხადებს დიეგო კოლასი.
თაგები:
