საქართველოს ელჩმა კონსტანტინე საბიაშვილმა თურქმენეთის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა

ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა კონსტანტინე საბიაშვილმა თურქმენეთის პრეზიდენტს სერდარ ბერდიმუჰამედოვს რწმუნებათა სიგელები გადასცა.
საზეიმო ცერემონიის შემდეგ ელჩისა და პრეზიდენტის პირისპირ შეხვედრა გაიმართა.
საელჩოს ინფორმაციით, სერდარ ბერდიმუჰამედოვმა კონსტანტინე საბიაშვილს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები და უსურვა.
“პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, საქართველოსა და თურქმენეთს შორის არსებული ურთიერთობების განვითარების მაღალი დონე.
ყურადღება გამახვილდა მიმდინარე წლის ივლისში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის თურქმენეთში ვიზიტზე, რომელმაც განვითარების დინამიკა შესძინა სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებს.
თურქმენეთის პრეზიდენტმა და საქართველოს ელჩმა ისაუბრეს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის საკვანძო საკითხებზე, მათ შორის მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის აუცილებლობლობაზე, ვაჭრობისა და ტვირთბრუნვის გაზრდის შესაძლებლობაზე, კულტურული კავშირების გამყარებაზე, ასევე ენერგეტიკის და ტრანსპორტის სფეროებში ერთობლივი პროექტების რეალიზების დიდ მნიშვნელობაზე.
ხაზი გაესვა მულტიმოდალური სატრანზიტო და ენერგეტიკული დერეფნების განვითარების აუცილებლობას.
საქართველოს ელჩმა მადლობა გადაუხადა თურქმენეთის პრეზიდენტს მიღებისა და შინაარსიანი საუბრისათვის”, – აღნიშნულია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ელჩის თქმით, საქართველო მიესალმება და დიდად აფასებს თურქმენეთის მშვიდობიან საგარეო პოლიტიკას და დაინტერესებულია ქვეყნებს შორის ურთიერთხელსაყრელი თანამშრომლობის შემდგომი განვითარებით.
შეხვედრის დასასრულს საქართველოს ელჩმა ასევე აღნიშნა, რომ თურქმენეთში საქართველოს საელჩო და პირადად ელჩი, ყველაფერს გააკეთებს ორ მეგობარ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე ასაყვანად.
პრეზიდენტთან აუდიენციის შემდეგ ელჩი “სულიერების მეჩეთში“ იმყოფებოდა, ყვავილებით შეამკო თურქმენეთის პირველი პრეზიდენტის საფარმურად ნიაზოვის მავზოლეუმი და თავისუფლების მონუმენტი.
თაგები:
თურქმენეთი




