Logo

შალვა პაპუაშვილი - დღეს ჩვენ ვხედავთ ქართული სპორტის, ქართული დროშის ერთიან და უპირობო მხარდაჭერას

პოლიტიკა
239
Frontnews image description

ჩემს გამოსვლას დავიწყებ მილოცვით და იმ წარმატების აღნიშვნით, რაც ჩვენმა გუნდმა მოიპოვა ზამთრის ოლიმპიადაზე, რომელიც მართლაც გამორჩეულად სასიხარულო აღმოჩნდა. საქართველოსთვის სპორტული გამარჯვებები და მაღალი მიღწევები უცხო არ არის და ყოველწლიურად ჩვენ თითოეული შეჯიბრიდან თუ ტურნირიდან მაქსიმალურ შედეგს ველით, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ფიგურულ მოციგურავეთა ეროვნული ნაკრების წევრების და საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის წარმომადგენლების დაჯილდოების ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ქართველები მაქსიმალისტები ვართ,  მეტს გვინდა მივაღწიოთ, გვინდა რომ საუკეთესოები ვიყოთ, მუდამ გვწყურია გამარჯვება. ეს ადვილი არ არის. ძნელი და რთულია უპასუხო გულშემატკივრის ასეთ მოთხოვნას, რადგანაც თითოეული ნაბიჯი და მიღწევა სპორტში უმძიმეს ძალისხმევას და ყოველდღიურ, მუხლჩაუხრელ შრომას უკავშირდება.

„მეორე მხრივ კი, ეს მხარდაჭერა, გულშემატკივრის სიყვარული და ენერგია იძლევა იმ ძალას და მოტივაციას, რაც სპორტსმენს მიზნისკენ სვლაში ეხმარება. წლების წინ არსებობდა პოპულარული სპორტის რამდენიმე სახეობა, რასაც მაყურებელი და გულშემატკივარი ჰყავდა და ბევრი სახეობა გულშემატკივართა მხოლოდ ვიწრო ჯგუფის მხარდაჭერით სარგებლობდა. დღეს ეს ვითარება სრულად შეიცვალა.

ჩვენ დღეს ვხედავთ ქართული სპორტის, ქართული დროშის ერთიან და უპირობო მხარდაჭერას. ჩვენ დღეს ვხედავთ უპრეცედენტო აღმაფრენას ნებისმიერი სახეობის მიმართ, სადაც კი ქართული დროშა ფრიალებს და ქართული ჰიმნი ისმის. ეს ჩვენი სახელმწიფოს სიძლიერესა და თვითშეგნებაზე მეტყველებს.

ყველაფერ ამის გამოხატულებაა საქართველოს ფიგურულ მოციგურავეთა ეროვნული ნაკრები, რომელსაც მის ფედერაციასთან ერთად ვულოცავ ზამთრის ოლიმპიადაზე მიღწეულ შედეგს და ქართულ სპორტში შეტანილი წვლილისთვის ვუხდით მადლობას. მადლობა კიდევ ერთხელ და გილოცავთ მიღებულ ჯილდოებს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით, საქართველოს ფიგურულ მოციგურავეთა ეროვნული ნაკრების წევრები და საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის წარმომადგენლები ღირსების ორდენით დააჯილდოვა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები