Logo

შალვა პაპუაშვილი - იქ სადაც მტკიცეა ოჯახი, მტკიცეა საზოგადოებაც, ეროვნული თვითშეგნებაც და თავად სახელმწიფოც

პოლიტიკა
46
Frontnews image description

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად, ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით  თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სადღესასწაულო წირვას დაესწრო.

ღვთისმსახურება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა შიო III-მ  აღავლინა.

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა სრულიად საქართველოს ოჯახის სიწმინდის დღე მიულოცა.

"საქართველოს ისტორია გვასწავლის ერთ უმთავრეს ჭეშმარიტებას - იქ სადაც მტკიცეა ოჯახი, მტკიცეა საზოგადოებაც, ეროვნული თვითშეგნებაც და თავად სახელმწიფოც. ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში არა ერთი განსაცდელი გამოვიარეთ - ომები, შემოსევები, იმპერიების ზეწოლა, სარწმუნოების, ენისა და იდენტობის წაშლის მცდელობები,  მაგრამ ქართველმა ხალხმა შეძლო საკუთარი თავის შენარჩუნება და ეს უპირველეს ყოვლისა ქართულმა ოჯახმა შეძლო. ოჯახმა, რომელმაც თაობიდან თაობას გადასცა რწმენა, სიყვარული, სამშობლოს ერთგულება და წინაპართა  პატივისცემა“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში.

როგორც შალვა პაპუაშვილმა  აღნიშნა, წელს საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავი აღინიშნება, რასაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

"ეს თარიღი მხოლოდ რელიგიური მოვლენა არ არის. ეს არის ჩვენი ეროვნული იდენტობის, კულტურისა და სახელმწიფოებრივი ცნობიერების საფუძველი. ქრისტიანობამ ქართველ ხალხს მისცა ის სულიერი ღერძი, რომელმაც საუკუნეთა განმავლობაში გაგვაერთიანა, გაგვაძლიერა და გადაგვარჩინა. სწორედ, ქრისტიანულმა ფასეულობებმა ჩამოაყალიბა ქართული ოჯახის მოდელი, რომელიც დაფუძნებულია ურთიერთპატივისცემაზე, სიყვარულზე, თანადგომაზე, პასუხისმგებლობაზე,  სადაც იზრდება მომავალი თაობა, სადაც ბავშვი პირველად სწავლობს რა არის სამშობლო, სიკეთე, ღირსება, შრომა და ერთმანეთის პატივისცემა. დღეს, როდესაც მსოფლიო მრავალი გამოწვევის წინაშე დგას, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დავიცვათ ის ფასეულობები, რომლებმაც აქამდე მოგვიყვანა“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ სახელმწიფო ძლიერია მაშინ, როდესაც საზოგადოება საკუთარ ფესვებს უფრთხილდება, როდესაც ოჯახი რჩება საზოგადოების მთავარ საყრდენად, როდესაც ტრადიცია და თანამედროვეობა ერთმანეთს კი არ ებრძვის, არამედ ავსებს.

"ქართული ოჯახი ყოველთვის იყო არა მხოლოდ სოციალური ერთეული, არამედ ეროვნული გადარჩენის ინსტიტუტი. სწორედ, ოჯახმა გადაარჩინა ქართული ენა, ქართული სიმღერა, ტრადიციები, ქრისტიანული რწმენა და ეროვნული მეხსიერება. ამიტომ, ჩვენი ვალია მომავალ თაობას გადავცეთ არა მხოლოდ ეკონომიკურად ძლიერი ქვეყანა, არამედ სულიერად მტკიცე საქართველო, ქვეყანა, რომელიც საკუთარი ისტორიას იცნობს, საკუთარ ფასეულობებს უფრთხილდება და მომავალს სწორედ ამ საფუძველზე აშენებს.

ამ დღეს განსაკუთრებული მადლიერებით ვიხსენებთ ჩვენს წმინდა პატრიარქ ილია II-ს, რომელმაც 17 მაისი აქცია ერის მთლიანობის, მისი უმთავრესი ფასეულობების, სიწმინდის, ღირსების, ოჯახის, შვილების, სიყვარულისა და ერთობის დღედ.

ყველას გილოცავთ ოჯახის სიწმინდის დღეს. ღმერთი ფარავდეს ქართულ ოჯახს, ღმერთი ფარავდეს საქართველოს!“,  - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ახლად არჩეული პატრიარქის პირველ საპატრიარქო წირვას  ესწრებოდნენ  საქართველოში საგანგებოდ ჩამოსული მსოფლიო საპატრიარქოსა და სხვადასხვა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების დელეგაციები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები.

სადღესასწაულო წირვის პარალელურად, ქაშუეთის წმინდა დიდმოწამე გიორგის სახელობის ტაძრიდან ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრამდე  ტრადიციული ლოცვითი მსვლელობა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა  პარლამენტის წევრებმა,  აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და თბილისის მერმა კახა კალაძემ მიიღეს.

სამების ტაძარში ლოცვითი მსვლელობიდან მისული მრევლი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა დალოცა.

შიო III-ის ლოცვა-კურთხევით, 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, საყოველთაო შეკრება და მსვლელობა საქართველოს 10 ქალაქში გაიმართა.

17 მაისი, ოჯახის სიწმინდის დღედ, 2014 წელს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით გამოცხადდა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები