Logo

შალვა პაპუაშვილი - რუსთაველზე დგომით ეუთოს თავმჯდომარემ ქართველ ხალხს აჩვენა, რომ მხარს უჭერს ძალადობრივი გადატრიალების ორგანიზატორებს

პოლიტიკა
259
Frontnews image description

რუსთაველზე დგომით ეუთოს თავმჯდომარე ქართველ ხალხს აჩვენებს, რომ მხარს უჭერს ძალადობრივი გადატრიალების ორგანიზატორებს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი წერს.

როგორც ის აღნიშნავს, ფინელი მინისტრი და ეუთოს თავმჯდომარე სწორედ ამ ადგილას არღვევს საქართველოს კანონმდებლობას.

"უბრალოდ, რომ იცოდეთ: ქუჩა, სადაც ეუთოს თავმჯდომარე (რომელიც, ასევე, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრია) დგას, დედაქალაქის მთავარი გამზირია. თქვენ ხედავთ რამდენიმე ათეული რადიკალის შეკრებას, რომლებიც რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტის სასახლეში შეიჭრნენ და 25 პოლიციელს დაზიანებები მიაყენეს, მათ შორის ორს - მძიმე, და კანონის დარღვევით გზა გადაკეტეს.

საქართველოს კანონმდებლობა, ეუთოს სხვა ნებისმიერი წევრი ქვეყნის მსგავსად, ნებისმიერ ადგილას შეკრების უფლების გარანტიას იძლევა, ხოლო გზის გადაკეტვა მხოლოდ მაშინ არის დაშვებული, როდესაც სამანქანო გზის მიმდებარე ტერიტორია ადამიანების დიდ რაოდენობას ვეღარ იტევს. ფინელმა მინისტრმა შესაძლოა ამის შესახებ არ იცოდეს, მაგრამ ის ვერ დაასახელებს ვერც ერთ შემთხვევას, როდესაც ეს უფლება ბოლო 13 წლის განმავლობაში საქართველოს სახელმწიფოს მიერ დაირღვა.

ასევე, ზუსტად მინისტრის უკან, ხედავთ პარლამენტის შენობის წინ მდებარე მოედანს, სადაც მშვიდობიანი შეკრების მიზნით, გზის გადაკეტვის გარეშე, ადამიანების იმაზე ათჯერ დიდი ჯგუფი შეიძლება შეიკრიბოს, ვიდრე ეს რამდენიმე ათეული ადამიანი, მათ შორის თავად ფინეთის მინისტრი, რომლებიც გზას კეტავენ.

ფინელი მინისტრი და ეუთოს თავმჯდომარე სწორედ ამ ადგილას არღვევს საქართველოს კანონმდებლობას. აღნიშნული, ასევე,  ვენის კონვენციის 41-ე მუხლის დარღვევას წარმოადგენს, რომელიც, ირონიულია, რომ იმავე ქალაქში იქნა მიღებული, სადაც ეუთოს შტაბ-ბინაა განთავსებული.

ამით ის ქართველ ხალხს აჩვენებს, რომ მხარს უჭერს ძალადობრივი გადატრიალების ორგანიზატორებს და რომ წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი ცარიელი სიტყვებია", - წერს პაპუაშვილი.

Advertisement